„ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო დაიხურა. როგორც მისი მეპატრონე ამბობს, ლარის ამ კურსის პირობებში წარმოებული საქონლის ფასი ისეთი გამოდის, რომელსაც ვერავინ იყიდის. ესაა იმ მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის (იდეოლოგიის) შედეგი, როცა „ეკონომიკის სტიმულირება“ ფულის მიყრა ჰგონიათ და არა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
სტაბილური ლარი და სტაბილური ფასებია თავი და თავი და არა ეროვნული ბანკის ან მთავრობის „იაფი ფულის“ პოლიტიკა.
ლარის ამჟამინდელი კურსი წინასაარჩევნო პოლიტიკური კურსია. არსებული ვითარების შენარჩუნების პირობებში მისი დასტაბილურება შეუძლებელი იქნება, ანუ ბევრი ბიზნესი დაიხურება.
ენერგეტიკა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ფასების მქონე საწარმოები უკვე „დახურულია“ ლარის ამ კურსისა და ფასების ამ დონის პირობებში. ან სუბსიდირება, ან ტარიფების ზრდა, ან გაკოტრება - ამ არჩევანის გაკეთება უწევს უგუნურ მთავრობას.
პანდემია არაა აქ მთავარი. აქეთკენ მივდიოდით დიდი ხანია და მოსახდენი მოხდა“, - წერს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლოიდლი“ დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის 39%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა მიხეილ ოკუჯავამ დაუდასტურა.
„ქარხანა ამ ეტაპზე გაჩერებულია“, - განაცხადა მიხეილ ოკუჯავამ.
კომპანიის საქმიანობის შეჩერების მთავარ მიზეზად დირექტორი საბრუნავი საშუალებების არქონას ასახელებს.
"ყველაფერი ერთად არის მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა - ლარის კურსი, ნედლეულის ფასი, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება... ჩვენ შედარებით მაღალი ხარსხის პროდუქციას ვაწარმოებდით, შესაბამისად, ფასიც შედარებით მაღალი გვქონდა და covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაცია ისე დაეცა, რომ ამ გაყიდვებით ქარხანა თავს ვეღარ ინახავდა. ამ ეტაპზე წარმოებაში დასაქმებულები სახლში გავუშვით“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
bm.ge-ის კითხვაზე - განაახლებს თუ არა ქარხანა მუშაობას, მიხეილ ოკუჯავას კონკრეტული პასუხი არ აქვს.
„ვერ გეტყვით... არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ხვალ და ზეგ თუ რადიკალურად რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები, მაგრამ მოცემულ მდგომარეობაში, არ მგონია. ამ ხარისხის პროდუქციის გამოშვებისას ადეკვატური ფასი რომ დავადო, ლარის კურსის და ხორცის ფასიდან გამომდინარე, იმდენი გამოდის, რომ გამორიცხულია, გაიყიდოს", - აღნიშნა მან.
„ლოიდლის“ დირექტორი კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიის „ზარალი საკმაოდ დიდია“.
ბიზნეს-რეესტრის მონაცემებით, შპს „ლოიდლი“ 2005 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: 42%-ის მეწილე ავსტრიის მოქალაქე თინათინ აფხაიძეა, 39%-ის მეწილე მიხეილ ოკუჯავაა, კომპანიის 19%-ის მფლობელი კი ბესიკ აფხაიძეა, - აღნიშნულია bm.ge-ს ინფორმაციაში.