მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამ ხალხის დაპატიმრება არის პოლიტიკურ ამორალიზმს მიღმა, აღარაფერს ვამბობ ე. წ. გამპრავებლებზე - დავით ზურაბიშვილი - 15 ოქტომბერი 2020

„ხელისუფლებას ხომ შეეძლო ორი მეცნიერის დაპატიმრების გარეშე აეგორებინა ის პროპაგანდისტული პიარი, რის აგორებასაც ახლა ცდილობს, ანუ ნაცებმა რომ დავითგარეჯი და მიმდებარე ქართული მიწები გაყიდეს, ხოლო ბატონი ბიძინა რუსეთში მოღვაწე ქართველი პატრიოტის, ვინმე დავით ხიდაშელის დახმარებით ამ მიწებს იბრუნებს? ჯანდაბას, საქმეც აღეძრა პროკურატურას ფაქტის გამო და დაებარებინა დაკითხვებზე ეს კარტოგრაფებიც და კომისიის სხვა წევრებიც.

კი, მე მაშინაც ვიტყოდი, რომ ეს სისულელეა და წინასაარჩევნო ტრიუკი, მაგრამ ორი ექსპერტის, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებლების, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ, დაპატიმრება ლამის სამშობლოს ღალატის ბრალდებით (ეს მუხლი რომ ნაციონალებმა სპეციალურად ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, კიდევ ცალკე ცირკია), არანაირ პიარში არ წერია: არც შავში, არც თეთრში და არც ჭრელში. ეს საერთოდ არაფერში არ წერია.

სრულიად ელემენტარული საღი აზრი და სრულიად ელემენტარული მორალური პრინციპებია საჭირო, რომ ეს არ გააკეთო. ამ ხალხის დაპატიმრება არის თვით პოლიტიკურ ამორალიზმს მიღმა. აღარაფერს ვამბობ ამ საზიზღრობის ე. წ. გამპრავებლებზე, რომელთაც ნორმალურ საზოგადოებაში გამარჯობას არ ეტყოდა წესიერი ადამიანი.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუკი აქამდე ასე თუ ისე ითვლებოდა, რომ ქოცები იდიოტები კი არიან, მაგრამ არც იმდენად ჩათ...ები, ახლა მთელი საქოცეთი ჩალიჩობს დაამტკიცოს, არავიზე ნაკლები ჩათ...ები ჩვენ არ ვართო“, - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

რომან გოცირიძე, პარლამენტის დეპუტატი:

„მივიღე ოფიციალური უარი  სინდისის პატიმრების, ბატონი ივერი მელაშვილის და ქალბატონი ნატალია ილიჩევას  ციხეში მონახულებაზე, რაც არის სადეპუტატო საქმიანობაში ხელის შეშლა. მიზეზად პანდემიას ასახელებენ.

კვლავ მოვითხოვ საჭირო პროცედურების დაცვით (ვირუსზე სწრაფი ტესტირება და ა. შ) საპატიმროში შესვლას.

მთელი საქართველო მათ გვერდით დგას და არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური მიზნით დევნას“.

ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი“:

„ვის სჯერა, რომ მათიკაშვილს, მდინარაძეს და ოცნების სხვა კომკავშირელ სპიკერებს ღამე დავით გარეჯი და ბერების ძვლები ესიზმრებათ და რაიმე მსგავსი თემა აღელვებთ ან როდესმე აღელვებდათ.

უბრალოდ ამოიფარეს ნაციონალური სენტიმენტები და რადგან მნიშვნელოვან თემებზე სათქმელი არაფერი აქვთ, ცდილობენ მთელი პოლიტიკური სპექტრის და მედიის ყურადღება გადაიტანონ გარეჯზე“.

იხილეთ სრული ეთერი

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი:

„ვუყურე ინტერვიუს ჯადოსნური რუკის (თუ რუკების) საქართველოში ჩამომტანთან და აი, მარტივად, ასე ყოფილა საქმე:

საქართველოში მცხოვრები ბიძინა ივანიშვილი უცხოეთში (კაი ბატონო, არა მხოლოდ რუსეთში) მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს სთხოვს დახმარებას რუკების მოძიების საკითხში.

და ეს ბიზნესმენი ეძებს და აგროვებს სასაზღვრო საკითხისთვის საინტერესო რუკებს საქართველოში (!), რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში.

აუცილებლად უნდა ჩავშალოთ ეს „საქართველოში“: ეძებს ბიბლიოთეკაში (!), არქივში (!), ბუკინისტებთან (!), მაღაზიებში (!)...

მისივე განმარტებით, ეძებს სრულიად ლეგალური გზებით! ანუ არ არის საჭირო რაიმე კონსპირაცია, დამატებითი უნარები, არამედ საკმარისია დაუღალავი შრომა, დაჟინებული სურვილი და ბევრ ინსტიტუციასთან კარზე კაკუნი.

და არასრული 1 წლის მანძილზე საქართველოსა (დისტანციურად!) და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგროვებს ძალიან მნიშვნელოვან კარტოგრაფიულ მასალას. თავს უყრის და უსასყიდლოდ გადმოსცემს თავის სამშობლოს.

ერთი წუთით მეც დავითუთქავ გულმკერდს და მეც დავიჯერებ ამ ლამაზ ისტორიას.

თუ ასეა, ხვდებით მაინც, რა თვითლუსტრაციაა?

ანუ არა დაზვერვა, არა კონტრდაზვერვა, არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არა თავდაცვა, არა სასაზღვრო დეპარტამენტი თავ-თავიანთი უწყებებით, ქვეუწყებებით, არა კომისია ბევრ-ბევრი წევრით, არა ექსპერტები, სპეციალისტები, კარტოგრაფ-გეოდეზისტ-გეოგრაფები, საარქივო-საბიბლიოთეკო-სამეცნიერო-საუნივერსიტეტო ინსტიტუციები შესაბამისი საცავ-კოლექცია-განყოფილებებ-თანამშრომლებით, არა საელჩოები თავიანთი კულტურის, თავდაცვის ატაშეებით, კავშირებ-შესაძლებლობებით...

არა, ეს ყველა რესურსი (სახელმწიფო, ანაზღაურებადი!) უძლური ყოფილა სამი ათეული (!) წლის მანძილზე!

და ბიძინა ივანიშვილი (პარტიის ლიდერი!) სთხოვს დავით ხიდაშელს (ბიზნესმენს!) რუკები გვიპოვეო!

და ესეც ეძებს საქართველოში (!), იქ, აქ, მაღაზიებში (!), არქივებში, ბიბლიოთეკებში...

და 1 წელიწადში აკეთებს მეტს (უსასყიდლოდ!), ვიდრე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუცია / ადამიანი 30 წელიწადში (სასყიდლით!)!

ო, პროპაგანდავ, დიდ არიან ძალნი შენნი, რამეთუ (!) კაცნი გონიერნი და მეცნიერნი სხედან და სიტყუითა სერიოზულითა განიხილვენ აბსურდსა ამას...

ბუკინისტებშიო!“ - წერს ბუბა კუდავა „ფეისბუქის“ გვერდზე.

ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღინისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. 

2 თვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა. 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია