„ხაშური ყოველთვის ოპოზიციურად განწყობილი რაიონი იყო, ეს განწყობა ახლა ასმაგად არის გაძლიერებული, აქ ხელისუფლების მხარდამჭერები პრაქტიკულად არ არსებობენ“
ufleba.ge
,,ufleba.ge” ,,ლელო საქართველოსთვის” ხაშურის, ქარელისა და გორის 24 სოფლის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა კოჟორიძეს ესაუბრა.
- ბატონო კახა, რა მთავარ პრობლემებს აწყდებით "ლელოს" წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიისას?
- მთავარი პრობლემა არის შიში, რაც ხალხში ხელისუფლების მიერ არის დათესილი; ანუ შენ თუ გახვალ, შენს პოზიციას დააფიქსირებ, ოპოზიციის შეხვედრაზე მიხვალ და კანდიდატს დაელაპარაკები, შეიძლება საარსებო შემწეობა მოგიხსნან და სამსახურიდან გაგათავისუფლონ შენ ან ოჯახის წევრი.
ეს არის მთავარი პრობლემა - ადამიანებს ეშინიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტორის გამო ,,ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, არა - ,,ქართული ოცნება” დამარცხდება. დიახ, ეს ასე იქნება და ამას ცალსახად გეუბნებით.
იმ ოლქში, სადაც კენჭს ვიყრი (ხაშური, ქარელი, გორის 24 სოფელი) ღიად ოპოზიციური განწყობაა. ამ რეგიონში ,,ქართულ ოცნებას” პრაქტიკულად მხარდამჭერები არ ჰყავს, ასე რომ, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში; და ამას ნახავთ კიდეც 31 ოქტომბერს.
გავმეორდები, ,,ქართული ოცნება” ადამიანებს აშინებს, რაც არის უმთავრესი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ამას მოვერევით, აუცილებლად დავამარცხებთ არჩევნებზე.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი პარტიის მიმართ არაერთ უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით. დაწყებული პლაკატების ჩამოხევით ან ზემოდან თავიანთი პლაკატების გადაკვრით დამთავრებული.
უმოქმედოა ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც კანონი ამ ტიპის დარღვევებზე რეაგირებას ავალებს.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, მათ შორის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, სადაც ნათქვამია, რომ ყველაზე მეტად ძალადობრივი ფაქტები ,,ლელოს” მხარდამჭერების წინააღმდეგ იყო მიმართული.
- რას ფიქრობთ, ასე რატომ გებრძვიან?
- ,,ქართული ოცნება” მთავარ კონკურენტად ,,ლელოს” აღიქვამს. რა თქმა უნდა, ამას არ ამბობს სატელევიზიოდ და საჯაროდ, რადგან არ უნდა ,,ლელო” მთავარ კონკურენტად აღიაროს, მაგრამ მათ მოქმედებებში ეს კარგად ჩანს.
ამავე დროს, ,,ქართულმა ოცნებამ” სპეციალური სატელიტური პარტიები, ე.წ. ,,მინი ოცნებები” შექმნა, რომლებმაც ,,ლელოს” წინააღმდეგ აქტიური შავი პროპაგანდა დაიწყეს.
ოპოზიციური პარტია იმიტომ უნდა შეიქმნას, რომ ხელისუფლების ალტერნატივა იყოს, ესენი კი, ოპოზიციის კერძოდ, ,,ლელოს” ალტერნატივა არიან და ბინძური მეთოდებით გვებრძვიან.
რასაკვირველია, ამას ხალხი დაინახავს და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.
- რა შეფასებას იმსახურებს "ქართული ოცნების" რვაწლიანი მმართველობა?
- ,,ქართული ოცნების” 8-წლიანი მმართველობა ერთადერთ შეფასებას იმსახურებს - პოლიტიკურ სანაგვეზეა გასაშვები.
როგორ შეიძლება გაჭირვებულ, გაღატაკებულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, რომელიც უფასო სასადილოდან ეზიდება ბავშვებისთვის საკვებს, უთხრა, რომ უფასო სასადილოში შესვლის უფლებას არ მოგცემ და შენი შვილები დარჩებიან მშიერი თუ არ შემოხაზავ 41-ს. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ნაძირლობა და სხვა არაფერი.
იცით, არ მიყვარს ამ ლექსიკით საუბარი, მაგრამ ამას სხვა სახელს ვერ დავარქმევ. როცა შენ მიდიხარ იმაზე, რომ შენი თანამოქალაქე შიმშილით სიკვდილისთვის გაწირო, ოღონდაც კი შენი ხელისუფლება და სკამი შეინარჩუნო, სწორედ ეს არის ნაძირლობა და ეს მოვლენა პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს. და ამას დაამთავრებენ ადამიანები, რომლებსაც მე ვხვდები.
იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ,,ლელოსთან” შესახვედრად მოდის სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ,,ქართული ოცნების” კანდიდატთან შეხვედრისას.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ოფიციალური ფეისბუქგვერდი, სადაც საზოგადოების რეალურ განწყობას ნახავთ. ნახვათ როგორი ინტერესით ადევნებენ ადამიანები პოლიტიკურ პროცესებს თვალს.
სხვათა შორის, ხაშური ყოველთვის ოპოზიციურად განწყობილი რაიონი იყო, ეს განწყობა ახლა ასმაგად არის გაძლიერებული.
ხაშურში ხელისუფლების მხარდამჭერები პრაქტიკულად არ არსებობენ. რა თქმა უნდა, ჩუმად შეიძლება ,,ქართული ოცნების” აქტივისტს უთხრას ვინმემ, რომ კი, მე თქვენ მოგცემთ ხმასო, მაგრამ ამას აკეთებენ ადამიანები იმიტომ, რომ შიში აქვთ...
- მაშინ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა ,,ლელოს”?
- ,,ლელოს” მთავარი გზავნილი არის, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა ,,ნაციონალური მოძრაობით”. მხოლოდ ,,ლელო” არის ის პარტია, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანებით.
გადახეთ ჩვენს პარტიულ სიას, ჩვენს გეგმას, შემდეგ გადახედეთ სხვა პარტიების პარტიულ სიას, გეგმას და თქვენ დაინახავთ განსხვავებას.
ჩვენ ვართ სრულად მზად, რომ ჩავიბაროთ ამ ქვეყნის მმართველობა და ეს ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიყვანოთ.
ადამიანებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი, შემოხაზონ 56 ნომერი, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ ღრმა კრიზისიდან გამოვიდეს.
უბრალოდ ერთი წუთით, თეორიულად დავუშვათ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნა ხელისუფლება (ეს არ მოხდება, გამოვრიცხოთ, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ), პირდაპირ ვამბობ, ეს იქნება ყველაზე დიდი კატასტროფა; რადგან კრიზისი, რომელიც ახლა არის დაწყებული რამდენიმე თვეში ისეთ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება, რომ ასიათასობით ადამიანი დადგება შიმშილის პირდაპირი საფრთხის წინაშე.
ამიტომ სწორი არჩევანია გასაკეთებელი. და მე მჯერა, რომ ადამიანები მართებულ არჩევანს გააკეთებენ.
- დაბოლოს, როგორია თქვენი პოზიცია მელაშვილის და ილიჩოვას დაპატიმრებაზე?
- მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, ამიტომ წმინდა იურიდიულ შეფასებას არ გავაკეთებ. იურისტმა უნდა იცოდეს საქმის მასალები, რომ სამართლებრივი შეფასება გააკეთოს. მაგრამ ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ გამოიტანა ხელისუფლებამ, მხოლოდ ერთი შეფასების გაკეთებას აძლევს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს - ეს არის ცალსახად პოლიტიკური პროცესი და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.
დიახ, პოლიტიკური პროცესია, რომელიც კიდევ ერთხელ მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ მიშა არის ბუა, ბიძინა კი, ამ ქვეყნის მხსნელი.
ქეთი ხომერიკი