„ufleba.ge“ „ქართული ოცნების“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ბექა ოდიშარიას ესაუბრა.
- ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ მთაწმინდა-კრწანისის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობა და რას პირდებით თქვენს ამომრჩეველს ?
- მე კრწანისის მაჟორიტარი ვარ, შესაბამისად, ამ რაიონს კარგად ვიცნობ და ბევრი რამ გავაკეთე ჩემი ამომრჩევლისთვის. მინდა გითხრათ, რომ კრწანისს ჩემი ხელი აშკარად დაეტყო.
დღეს, მთაწმინდა-კრწანისი გაერთიანდა (ერთი საარჩევნო ოლქია), ასე რომ, არაფერია გასაოცარი იმაში, რომ სწორედ ამ რაიონში ვიყრი კენჭს.
ეს იქით იყოს და მე მთაწმინდაზე დავიბადე, გავიზარდე - მთაწმინდა ჩემი ოჯახია. მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობა კარგად მიცნობს.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვინ ვინ და მე ყველაზე კარგად ვიცი მთაწმინდელების გასაჭირი, გულისტკივილი და პრობლემები.
- როგორ აფასებთ თქვენს კონკურენტებს, ერთ დროს თქვენს თანამებრძოლებს, რა შანსები აქვთ?
- მოდით დაწვრილებითი შეფასებისგან თავს შევიკავებ.
მხოლოდ ერთს ვიტყვი - გულწრფელად გული მწყდება ყოფილ თანამებრძოლებზე, განსაკუთრებით ჯაბა ჯიშკარიანზე, რომლის შტაბის უფროსიც მე ვიყავი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენ კონსულტაცია არ გვქონია.
იცით, მე აღარაფერი მიკვირს. თუმცა, რა თქმა უნდა, დასანანია.
- მაშინ რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა ,,ქართულ ოცნებას” მოცემულ ეტაპზე?
- დამერწმუნეთ, ამ არჩევნებში ,,ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
იმედი მაქვს, პარლამენტში ისეთ უმრავლესობას ავიღებთ, რომელსაც კოალიცია მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არ დასჭირდება.
რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი ამომრჩეველმა? მიზეზი მარტივია - ,,ქართული ოცნების” გარეშე საქართველოს მშვიდობიანი განვითარება გაუჭირდება. საქართველოს აყვავების და სიმშვიდის გარანტი ,,ქართული ოცნებაა”.
- და მაინც, თუ ,,ქართულ ოცნებას” კოალიციის შექმნა მოუწევს რომელ პარტიასთან შექმნის?
- ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო, მაგრამ ცხადია, არსებობს რაღაც წითელი ხაზები. ჩვენ ვთქვით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის სატელიტ პარტიებთან, ისევე როგორც პრორუსულ ძალებთან კოალიციას არ შევქმნით...
იცით, მე მქონდა ოპონენტებთან საუბარი კულისებში და ისინიც ამ აზრზე არიან.
მე მიკითხავს მათთვის, რატომ ამბობთ, რომ ,,ქართულ ოცნებასთან” არასდროს გაერთიანდებით, ეს რა განცხადებაა-მეთქი. ერთ-ერთ სემინარზე სერგი კაპანაძესთან მქონდა საუბარი.
მე მიმაჩნია, რომ როდესაც შენ ამბობ კატეგორიული ტონით ამას, ე.ი. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ჩვენ უნდა გადაგყაროთ ზღვაში (როგორც არაბული მხარე იძახდა, ისრაელელები უნდა გადავყაროთ ზღვაშიო), ან თქვენ უნდა გადაგვყაროთ ზღვაში-მეთქი.
ვფიქრობ, ეს არ არის სწორი განცხადებები, ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, რადგან ქვეყანას თუ დასჭირდება, დავუშვათ იგივე ნატოში შესვლის გამო, ჩვენ ერთ მხარეს უნდა დავდგეთ და უნდა გავერთიანდეთ, ვინც არ უნდა ვიყოთ!
აუცილებელი ხომ არ არის, მაინც და მაინც, გადაშენების პირას ვიყოთ, რომ საერთო ენა გამოვნახოთ?
მე როცა შევედი პარლამენტში ალბათ, მართლაც ,,მეოცნებე” ვიყავი… ვფიქრობდი, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ,,კუ და მორიელი”.
შენ შეიძლება ცდილობდე, რომ ვიღაც გადაარჩინო და ის კი შენს დაძირვას ცდილობს. და რეალურად, ,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიცია გადაარჩინა.
- საზოგადოებამ ეს მოგიწონათ?
- დიახ, ხალხის დაკვეთა ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ველიდან გაქრობა იყო. მაგრამ ,,ქართულმა ოცნებამ” არ გააკეთა ეს, იმიტომ რომ ნორმალური პროცესი შექმნილიყო და ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო.
გარდა ამისა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების რჩევა იყო, რომ მიტევება მომხდარიყო, რათა ქვეყანაში მძიმე ვითარება არ შექმნილიყო.
აი, ეს იყო, მაგრამ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა: იგავ-არაკი ,,კუ და მორიელის”.
მე კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც განაწყენებულია, მაგრამ დამიჯერეთ, ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყებოდა.
- იმასაც ამბობენ, ,,ქართული ოცნება”, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” ერთმანეთს აცოცხლებენ და გარიგებული არიანო...
- პირდაპირ ვამბობ, ,,ქართულ ოცნებას” , ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ,,ევროპულ საქართველოს” შორის არანაირი კულუარული გარიგებები არ არსებობს. არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების. და ამას საზოგადოება, ადრე თუ გვიან, დაინახავს და დარწმუნდება ამაში.
წარმოუდგენელია 8 წელი თამაშობდე, ამას უბრალოდ ვერ მოახერხებ. ასეთი სამსახიობო ნიჭის რობიკო სტურუასაც კი შეშურდებოდა.
თავად სააკაშვილი აცხადებს ყველა არჩევნების წინ, მოვდივარ, მოვდივარო… რის გამოც ხალხის კონსოლიდირება ხდება.
სხვათა შორის, არც ეს კაცი აცდის ახალგაზრდებს საქმის კეთებას.
იცით, პოლიტიკიდან წასვლა ტრაგედია არ უნდა იყოს. მაგრამ პოლიტიკიდან წასვლა მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის ტრაგედიაა. მთავარ ლეიბორისტს ჰყოფნის თავხედობა და კიდევ ჩვენ გვაკრიტიკებს. კაცი პარტკომი იყო პროკურატურაში, სახლში კაპიტალიზმი აქვს მოწყობილი და სხვებისთვის ლეიბორიზმი, სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.
აი, ასეთი პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკიდან წასვლა ნამდვილად ტრაგედიაა.
ქეთი ხომერიკი