სამხედრო მოსამსახურე თემურ ხვიბლიანი აცხადებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით ზოგიერთ მედიასაშუალებაში ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება და მისი მისამართით ცილისწამებას წარმოადგენს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, ის სავარაუდო თავდამსხმელად სახელდება.
„მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა კონკრეტული ტელევიზიებისა და კონკრეტული პიროვნებების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება და ცრუ ბრალდება.
ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამზრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიაში.
ძარცვის დღეს ვიმყოფებოდი სახლში, ვცხოვრობ თბილისში. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა და ისეთ ადგილებში ვიარე, სადაც ყველგან დაფიქსირებული ვარ“, – განაცხადა ხვიბლიანმა.
თემურ ხვიბლიანი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთ მძევალთან, დავით ხვიბლიანთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის იყო თავდამსხმელის თანამზრახველი.
თემურ ხვიბლიანის ინფორმაციით, ბანკში ხელფასის ასაღებად იყო მისული.
„ვაცხადებ, რომ მეამაყება დავით ხვიბლიანი. ის სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში. იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე, რაც ბოლო პერიოდში მუშაობის ძალიან ცნობილი მეთოდი. მან მიიღო მობილურზე შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე, ჩავიდა ბანკში და გარკვეული დროის შემდეგ შევარდა მძარცველი.
შესაბამისად, ისიც მოხვდა მძევალთა შორის. სხვათა შორის, დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად, ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან. სინამდვილეში ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხო გამოსვლაში“, – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.
თემურ ხვიბლიანი ცრუ ბრალდებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი საშუალებებს მიმართავს.
„რბილად რომ ვთქვათ, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი საშუალებები, რომელსაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ. ჩემ მიმართ და დავით ხვიბლიანის მიმართ აბსოლუტური ცილისწამება იყო ეს“, – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.
თავის მხრივ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი პირი დათო ხვიბლიანი აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს ის თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა.
როგორც დავით ხვიბლიანმა აღნიშნა, ის სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს.
„ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე თქვეს და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახურის შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, თუ საჭირო იქნება, გამოძიება იტყვის ყველაფერს“, – განაცხადა ხვიბლიანმა.
კითხვაზე, პოლიციის შენობიდან წაიყვანა თუ არა სამხედრო პოლიციის მანქანამ, ხვიბლიანი აცხადებს, რომ ასე არ ყოფილა.
„ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. რაც შეგიძლიათ გადაამოწმოს სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა ხვიბლიანმა.
21 ოქტომბერს, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.
წყარო: პირველი არხი