მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„რთველი 2020“ - პრობლემები და პერსპექტივები - 09 დეკემბერი 2020

ღვინის სამშობლოდ გვაღიარეს, ახლა უკვე ღვინო გვჭირდება ისეთი, რომლითაც ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ“

ufleba.ge

წლევანდელი რთველიც საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. ამაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომსაარჩევნო წელს პოლიტიკურ ინსტრუმენტად რთველი და  ჩვენი ფერმერების ემოციებით თამაში იყო გამოყენებული“. მისივე თქმით, წელს რქაწითელის ფასი 20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ესპანეთში, იტალიაში, მოლდოვასა და ბულგარეთში ძირითად ჯიშებში ყურძენზე არსებულ ფასებს.

საქართველოში ყურძნის მინიმალური ფასი, ძირითად ინდუსტრიულ ჯიშზე - რქაწითელზე, განისაზღვრა 80 თეთრით.  ფასის დაფიქსირება სახელმწიფოს მხრიდან იყო არაორდინალური ნაბიჯი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მინიმუმ 1000 ტონა ყურძენს გადაამუშავებდნენ და, შესაბამისად, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებოდნენ. ამან კერძო სექტორის მოტივაცია ერთიორად გაზარდა, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანიაზე წნეხი უფრო დიდი იქნებოდა. ამ მხარდაჭერით, ფერმერებმა მიიღეს გარანტია, რომ  მათ ხარჯების დაფარვის და კვლავწარმოების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდათ. რაც შეეხება საფერავს, ამ შემთხვევაში საბაზრო მექანიზმებით ჩამოყალიბებული 1 კგ-ის ფასი 1.40 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ მევენახეობის ძალიან წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და იტალიაში, ძირითადი ჯიშების, ყურძნის ფასი 10-15 ევროცენტის ფარგლებში მერყეობდა. თუ  რქაწითელის ფასს ევროცენტებში გადავიყვანთ, ის  20 ევროცენტზე ოდნავ მეტს შეადგენდა, რაც აღემატება ევროპის ქვეყნების ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. მოლდოვასა და ბულგარეთში, ზოგ შემთხვევაში, ფასი 10 ევროცენტზე ნაკლებიც იყო. ევროპის რიგ ქვეყნებში ყურძენი არც დაიკრიფა და გამოყენებული იყო კომპენსაციის მექანიზმი.

ასეთ პირობებში სპეკულირება, რომ საქართველოში რთველის დროს სახელმწიფოს მხრიდან არ იყო გაღებული მაქსიმალური ძალისხმევა, არის უპასუხისმგებლო განცხადება“, - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.   

მისივე შეფასებით, სახელმწიფომ გააკეთა მაქსიმუმი, რომ გაზრდილი მოსავლის, შემცირებული გაყიდვებისა და პანდემიის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში, მევენახე ფერმერებისთვის შეექმნა გარანტიები, რომ მათ დაებინავებინათ თავისი მოსავალი.

რომ არა სახელმწიფოს მხარდაჭერა, 25 ათასი ფერმერიდან 10 ათასი ფერმერი ფიზიკურად ვერ მოახერხებდა პროდუქტის რეალიზებას და 100 ათას ტონამდე ყურძენი უნდა გადაყრილიყო. სახელმწიფოს მოუწია 95 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა, მათ შორის, ლეჩხუმის რეგიონში, სადაც სახელმწიფო იყო ერთადერთი შემსყიდველი.  ეს არის რეგიონი, რომელიც განსაკუთრებული ტურისტული მიზიდულობით გამორჩევა. აქ არ არის მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი, არის ძირითადად საოჯახო მარნები, რომელთა პროდუქცია იყიდებოდა ტურისტულ სექტორში. ამიტომ სახელმწიფოს მოუწია ტვიშის, ცოლიკაურის, ოჯალეშისა და უსახელაურის შესყიდვა. რომ არა ეს ნაბიჯი, ადგილობრივი ფერმერები დარჩებოდნენ შემოსავლების გარეშე - ეს სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯიც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.

რაჭაში ცხოვრების დონე რამდენჯერმეა გაზრდილი - წელს გადამუშავდა 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, როდესაც 2013 წელს ეს რესურსი იყო 400 ტონა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 1000 ტონამდე ყურძენი შეიძინახვანჭკარისმიკროზონაში“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოსმიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პანდემიის პირობებში საქართველოში რეკორდული რაოდენობის - 277 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და 25 ათასამდე მევენახემ მოსავალი სრულად დააბინავა.

„2020 წელს, საქართველოს მასშტაბით, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდული - 280-300 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო  საერთაშორისო ბაზრებზე  შემცირებული ექსპორტისა და შიდა ბაზარზე ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო, დარგს დიდი  გამოწვევის წინაშე აყენებდა.

სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იყო მევენახეები არსებული გამოწვევის  პირისპირ მარტო არ დარჩენილიყვნენ, მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩენოდათ, ხოლო  ღვინის ინდუსტრიას შესაძლებლობა ჰქონოდა ყურძენი მიეღო, გადაემუშავებინა და  ბოლო წლების სტაბილური განვითარების დადებითი დინამიკა არ შეჩერებულიყო.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიის მიღებას ექვემდებარება ის ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ  0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანია იღებს სუბსიდიას: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30  ლარს. სუბსიდიის მიღების პროცესი უკვე მიმდინარეობს. კომპანიებს განაცხადების წარდგენა 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.

გარდა ამისა, რთველი 2020-ის მიმდინარეობის პერიოდში, სახელმწიფო სრულად მობილიზებული იყო, რათა კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში, ერთი კილოგრამი ყურძენიც კი არ დარჩენილიყო დაუბინავებელი და ჭარბი მოსავალი თავად შეესყიდა ისე, რომ კონკურენციაში არ შესულიყო კერძო ღვინის კომპანიებთან.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 21 აგვისტოდან რთველის დასრულებამდე, 20 ოქტომბრამდე ქალაქ თელავში, ხოლო შემდგომ უკვე 8 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე ქალაქ ამბროლაურში, 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებდა რთველის საკოორდინაციო შტაბი. შედეგად:

კახეთის რეგიონი რთველის სტატისტიკა

რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში  273 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1000 ტონით აღემატება და ყველაზე მაღალია, ბოლო 30 წლის მონაცემებთან შედარებით.

ღვინის საწარმოებში  ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

2020 წელს, მევენახე ფერმერების შემოსავალმა მხოლოდ კახეთში 300 მლნ ლარამდეა.

ყურძნის მთლიანი მოცულობიდან გადამუშავებულია:

• 175 ათასი ტონა რქაწითელი;

• 80 ათასი ტონა საფერავი;

• 5 ათასი ტონა კახური მწვანე;

დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

კახეთის რეგიონში, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 76,5 ათასი ტონა, ყვარელში - 63,5 ათასი ტონა, თელავში - 45 ათასი ტონა, საგარეჯოში - 27,5 ათასი ტონა, სიღნაღში - 21 ათასი ტონა, ლაგოდეხში - 16 ათასი ტონა,  ახმეტაში - 12,5 ათასი ტონა. ხოლო დედოფლისწყაროში - 7,5 ათასი ტონა.

რთველის პიკურ პერიოდში, გადამუშავებული ყურძნის დღეღამურმა მაჩვენებელმა 14 ათას ტონას მიაღწია, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რთველის აქტიურ ფაზაში,  დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10-13 ათასი ტონის ფარგლებში იყო, რაც რამდენიმე ათასი ტონით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.  2019 წელს, ყურძნის გადამუშავების ყველაზე მაღალი  დღიური მაჩვენებელი 11 ათასი ტონა იყო.

ყურძნის მიღების პროცესში ჯამში 220 საწარმო იყო ჩართული.

პიკის პერიოდში, ყოველდღიურად, მოსახლეობისგან ყურძენს  100-მდე საწარმო იღებდა, რაც მოსავლის დროულად დაბინავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან რთველის პიკური პერიოდისთვის დამახასიათებელი რიგების დროს, ყურძნით დატვირთულ მანქანას დროულად შესძლებოდა მოსავლის დაბინავება.

რთველი 2020-ის ფარგლებში, შეუფერხებლად დაბინავდა კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 4 ათასამდე ჰექტარ ფართობზე სეტყვით დაზიანებული ყურძენი.

რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანისდაყვარლისმიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხდებოდა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის რთველის სტატისტიკა

მიმდინარე წელს, ასევე რეკორდული იყო რაჭაში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა - 2400 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძენი.

ადგილობრივმა მევენახეებმა შემოსავლების სახით წელს 16 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2000 ტონის ფარგლებში იყო, ხოლო შემოსავლები 13 მლნ ლარის ფარგლებში, რაც მიანიშნებს, რომ რეგიონში მევენახეების შემოსავალი რამდენიმე მილიონი ლარით გაიზარდა.

გასული წლების მსგავსად, წელსაც განსაკუთრებული ღონისძიებები გატარდა ადგილწარმოშობის ღვინოხვანჭკარისჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. კერძოდ,  ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილი იყო სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მომხდარიყო ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტი იყო გახსნილი, რამაც მოსახლეობას მოსავლის დროული და შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობა მისცა.

ლეჩხუმში გადამუშავდა 1400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ მოწოდებულ შემაჯამებელ ინფორმაციაში.

ახლა გადავიდეთ .. ხალხის ხმაზე, ამ საქმეში უშუალოდ ჩართული ადამიანების დამოკიდებულებაზე. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მცხოვრები კახა ბერიკაშვილი ამბობს, რომ წლევანდელი რთველი გლეხებისთვის სამართლიანი არ ყოფილა:

მოწეულის ჩაბარებისას თუ პატრონი გყავდა, შეიძლება ყურძნის სიტკბო 22-24 გრადუსი გამოსულიყო. თუ არადა, 18-საც არ აჩვენებდა, აბა, სადაა აქ სამართლიანი დამოკიდებულება? პრობლემაა წონაში მოტყუება, რამდენიმე ტონაში ასეულობით კილოს ტეხავდნენ; რადგან საარჩევნოდ მთავრობას ღვინის ქარხნებისთვისშეწერილიჰქონდა და მათაც გლეხისგან ხომ უნდა ამოეღოთ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი. ჩემდათავად შემიძლია გითხრათ, რომ წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამეები არ მახსენდება, დღეს ჩამბარებლებიც ძირითადად ივანიშვილის ხელშია. სამწუხაროდ, ამ მთავრობას გლეხიკაცი არ აინტერესებს“, - დასძენს კახა ბერიკაშვილი.   

მოდით, სანამ პოლიტიკურ-საექსპერტო შეფასებებზე გადავალთ, „რთველი 2020-ზესოციალური ქსელიდან (მათ შორის, ფორუმებიდან) ცინცხალ გამოხმაურებებსაც მოვუსმინოთ, საიდანაც ხშირად უფრო მეტი რეალობის მოხელთება არის შესაძლებელი:

შარშან სახელმწიფოს მოუწია 120 000 ტონა ყურძნის ჩაბარება (მოსავლის თითქმის 50%), რომელზეც ბაზარზე არ იყო მოთხოვნა“;

გაყიდვები არის შემცირებული და ისედაც, როდესაც ექსპორტი არის 80 მილიონი ბოთლი და ამდენი ყურძენია გაშენებული, ეს დიდი ხნის განმავლობაში პრობლემა იქნება“;

აგერ აქვს კაცს 3 ტონა კახურად დაყენებული ღვინო + ლაბორატორიულად შემოწმებული და ვერ ახერხებს გაყიდვას თვითღირებულების ფასშიც კი. ამ დროს, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი ფალსიფიცირებული ღვინით არის გაჯერებული, რომელსაც ყველანი მიირთმევთ. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ბაზარი ღვინოსთან კავშირში არ მყოფ სითხეს აქვს ათვისებული“;

ჩამოსხმისა და ექსპორტზე გატანის თემა უფრო სიღრმისეულია და მაგაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია მცირე მწარმოებელს“;

ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ ასუბსიდირებენ ყურძნის ფასს? ჯართის ჩაბარების კულტურას ჰგავს უკვე რთველი. რა გამოდის, 80 მანქანა რომ მიიტანს სხვადასხვა ადგილიდან ყურძენს და იმ ყურძენს ჯართივით ჩააბარებენ, მერე ის დაიწურება და კარგი ღვინოაო ვინმე იტყვის? ჩვენ რა შუაში ვართ, ვიღაცის ვენახთან და თან იმაზეც რომ უკმაყოფიელოები არიან. აიღონ, დაწურონ კარგი ღვინო, არა შერეულ-გადარეული და გაყიდონ უკეთესს ფასად. ჰო, მაგრამ სახელმწიფო რატომაა დამნაშავე? არ მოგწონს პირობები, ადექი გაჩეხე და დარგე მალინა“;

მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვალი რატომ არის, ვიღაცას ბოდბისხევში 3 ლარი რქაწითელში გადავუხადოთ და მერე იყოს კმაყოფილი, ეს ხომ ბიზნესია? მე მესმის სუბსიდიაზე იყოს განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, ადგილმდებარეობის და მოვლისთვის იყოს რთული და .. მაგრამგრუზავიკებშიდატენილი ყურძენი, სხვადასხვა ვენახიდან მოკრეფილი, იმაში გადახდილი ლარი და უკმაყოფილო გლეხი ყოველი წლის რთველის მოკლე შინაარსია“;

სუბსიდია რომ არ იყოს, გლეხის 100% წაგებაზე წავიდოდა. მერე შედეგი რა იქნებოდა, კარგად ვიცით“;

გლეხი უკმაყოფილოა, რადგან ხელოვნურად აგდებენ ფასს, ხშირად 15-საათიან რიგებში დგანან ჩაბარებაზე და კიდევ ბევრი მიზეზია. ყველაფერი გამოსწორებადია, ამიტომ არ ჩეხავენ მომავლის იმედით. თორემ დღეს ყურძნის მოყვანა-ჩაბარება როგორც ბიზნესი, შეიძლება ითქვას წამგებიანიც კია. ეკონომიკურ ხარჯსაც თუ განიხილავ და სათვალავში შეიყვან, მითუმეტეს. იმედია გამოასწორებენ დარგში პრობლემებს“;

წინა წელს გაბუნიას გინება კარგად გამოიყენეს, გაჩერდა ექსპორტიო და ჩაიბარეს კაპიკებში. როგორც კი რთველი დამთავრდა, ეგრევე დაიწყეს გაყიდვები გაიზარდაო“;

როცა ძალა მაქვს და გერევი, თუ მინდა 10 თეთრად ჩაგაბარებინებ ყურძენს, ესაა პრობლემა, ესაა მონოპოლია და ხალხის ჩაგვრა“;

სუბსიდია რომ არ იყოს, 1 ლარსაც ვერ აიღებს დღევანდელი გლეხი. ყურძნის ფასი იქნება 50 თეთრი. ვის რა ჯანდაბად უნდა ნათრევი და გადარეული, კამაზით მოტანილი ტონობით ყურძენი, რომელსაც დაკარგული აქვს გემოვნებითი, თუ მიკროზონური თვისებები?“

რატომაა, რომ წარმატებულმა მეღვინეებმა მიაგნეს გზებს, სადაც ხელს მოითბობდნენ და ვენახი წარმატებულ ბიზნესად აქციეს, წურავენ კარგ ღვინოს და მილიონებს თუ ვერა, ნორმალური ბიზნესები აქვთ (მცირე მარნებს ვგულისხმობ). ხოლო დანარჩენები ჩამომჯდარან და ელოდებიან ყოველწლიურ რთველს - 50 თეთრი დავხარჯე, მაიტა ლარი შენი ცუდი მთავრობის... მე რომ მომყავდეს ახლა თხილი, ვიპოვი გასაღების ბაზრებს დამოუკიდებლად და გავყიდი. ყურძენიც თუ მექნება ხარისხიანი და ღვინო, ამ შემთხვევაშიც გავალ რაიმე ბაზარზე“;

ერთი რამის გაგება არ გინდათ. ფასს მართავენ, სპეციალურად აგდებენ. ყველას ამაზე აქვს პრეტენზია. ის პრობლემები, რაც მოსაგვარებელია და მოგვარდება, სუბსიდიის გარეშეც ლარზე მეტი ეღირება“.

ჯერ ქვეყანაში უნდა დაწესდეს ხარისხის კონტროლი, ფალსიფიკაციაზე ჯარიმები და ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგას, რაც ხელოვნურ ფასდაგდებას ხელს შეუშლის. ჯანსაღი ბიზნესგარემო უნდა ჩამოყალიბდეს. დანარჩენი მერე, ღვინის ბაზრის პოვნა ცალკე მიმართულება და ბიზნესია. ჩვენ აქ გლეხზე ვლაპარაკობთ, მის პრობლემებზე, თორემ ეგ ყველამ ვიცით, რომ ღვინის წარმოებით და ჩვენი რეალიზაციის ხაზით რაღაც შემოსავალს ვნახავთ (თუმცა მანდაც პრობლემებს გიქმნის მოუწესრიგებელი სისტემა)“;

მე დავკრიფე 4415 კგ. რქაწითელის ყურძენი 6000 მეტრში. არ მომირწყავს. 6-ჯერ ან 7-ჯერ შევწამლე. დავკრიფე დავყარეზილზედა ჩავაბარე გურჯაანის რაიონის სოფელ კოტეხში დუგლაძეების მარანს 80 თეთრად“;

ვენახს ვაკეთებ 100% მუშის ხელით, რადგან მე თბილისში ვარ. ყურძნის მოყვანა თავის დაკრეფიანად და მარანში მიტანიანად დამიჯდა 3250 ლარი. ყურძენი გამოვიდა 3532 ლარის. მარანში კამაზები მოვიდნენ ყურძნით გადავსებულები, ისეთი რომ ყურძენი ძირს ცვიოდა. ყურძენი იყო მკვახე ტყემლის ფერი მსხვილი მარცვლით, როგორიც არ უნდა ჰქონდეს რქაწითელს. ასეთი ყურძნის პატრონს გამოველაპარაკე და მითხრა: როგორც შენ უვლი, მასე სულ წაგებაში იქნებიო; გაზაფხულზე როგორც კი კვირტი იფეთქებს, შენს ვენახში ერთი 500 ან 700 კილო გვარჯილა გაშალე და მაშინვე ჩაახანი მიწაში და მემრის ამ დროს ჩემი სიტყვები გაიხსენეო; ხარისხიან ყურძენს თუ მოიტან, ვითომ მეტს გადაგიხდიანო? დღესდღეობით უნდა იმუშაო მასაზეო; თუ მოთხოვნილება ხარისხისა იქნება და დაგიფასებენ, მაშინ ხარისხზეო; ხალხი უკვე ჰექტარზე 30 ტონას და მეტსაც კრეფენო; არადა, რქაწითელს დახასიათებაში უწერია, რომ ჰექტრული მოსავლიანობა შეადგენს 7-8 ტონასო“;

წელს საფერავზე ცუდი სიტუაცია იყო, ფასის დაგდებები მიდიოდა. მოურიგდნენ დაკრეფაზე და ჩაბარებაზე. დააკრეფინეს და აღარ მიიღეს 1.5 ლარად“;

ასეთი რთველი მე არ მახსოვს, ოდნავ რომ დაზიანება ჰქონდეს, ეუბნებიან 30 თეთრს მოგცემთო. აი, ამ საქციელს და ხალხის დაცინვას მალე მოიმკიან! ის ზღაპრები და, როგორც აქ ზოგი წერს, ყურძენი არავის უნდა და ძალით ვიბარებთო, ტყუილია! ცდილობენ მთელი წლის ნაშრომი ხალხს წაართვან და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. კარზეა მომდგარი არჩევნები და როგორც ახლა დასცინიან და აღიზიანებენ ხალხს იმას მიიღებენ!“

ყველამ ხელი ჩაიქნიეთ ხომ წელს ისეთი რთველი იყო? გაისად დედა შვილს არ აიყვანს ხელში“;

კი ძალიანმაგარი“. სტიმულიც კი არ დატოვა მომავალში მოვლის, არათუ მოგება“;

იმედია მომავალ წლამდე წავა კონტროლი ფალსიფიცირებულის, არ შემოუშვებენ გაურკვეველი წარმომავლობის მასალებს დასამზადებლად, ფასში არავინ ჩაერევა უაზროდ და ყველაფერი კარგად იქნება“;

იმედი გაისად კვდება. უპერსპექტივო საქმეა მევენახეობა და ზოგადად სოფლის მეურნეობა. ჰობის დონეზეღა თუ დარჩება“;

ჩემი აზრით, დღეს გამოცდილ მევენახეს ბევრად მეტი შანსი აქვს კარგი ღვინის რეალიზების და ნორმალური შემოსავლის, ვიდრე მარტო ყურძნის ჩაბარებით, ნორმალური შემოსავლის მიღების“.

გიორგი ბოტკოველი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:

წელს რთველთან დაკავშირებით რაც მოხდა, არის კახელი გლეხების და ზოგადად, იმ ადამიანების განადგურება, რომლებმაც იშრომეს იმისთვის, რომ მათ ოჯახებს ელემენტარული შემოსავალი გასჩენოდათ“.

მისივე თქმით, რთველი 2020-ის მთავარი გამოწვევა ყურძნის დაბალი ფასი და მასზე ნაკლები მოთხოვნა იყო.

წელს აღმოვჩნდით სრული კატასტროფის წინაშე, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების ბრალია. მივიღეთ კატასტროფული რთველი, რომლის მთავარი პრობლემაც იყო ფასი. ხელისუფლება ათასი მიზეზით იმართლებს თავს და ამბობს, რომ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამოა, რომ ქარხნებმა ვერ მოახერხეს წინა წლების მოსავალის გადამუშავება, გატანა და სწორედ ამის გამო იყო მოთხოვნა ნაკლები და ფასიც დაბალი. სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა იმ ქარხნების სუბსიდირება, რომლებიც ათას ტონაზე მეტს ჩაიბარებდნენ, ამას სუბსიდირებას კი არა, დაცინვას დავარქმევ.

აქ ვხედავთ იმ ქარხნების ინტერესებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ძმასთან და მათ კომპანიებთან, მაგალითადბოლერო“, რომელიც სპირტის მთავარი გამტან- შემომტანია საქართველოში და ფალსიფიცირების მთავარი ავტორი, როგორც ხორბლის სპირტის გადამუშავებაზე და აქ შემოტანაზე, ისე ღვინის სპირტად გასაღებაზე. მაგალითისთვის გამოდგება ასევე შპსაკურა“, რომელიც სახელმწიფოს შპს- და ემსახურებაბოლეროს“. იქ დამზადებული სპირტის რეალიზებასაც სრულად ახდენსბოლერო“, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

მისი თქმით, დაბალ ფასთან ერთად, გლეხების მთავარი გამოწვევა ეხებოდა ყურძნის წონასაც, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქარხნები გლეხებს წონაში ატყუებდნენ და ყურძენს დაბალ ფასში იბარებდნენ.

სისტემა მუშაობდა ისე, რომ მხოლოდ გლეხს აზიანებდა. სარგებელი ჰქონდათ, როგორც ქარხნებს, ბიზნესს და სახელმწიფოს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს,“- ამბობს გიორგი ბოტკოველი და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს.

ქინძმარაულის ზონის საფერავი გასულ წლებში 3 ლარიდან 3,5 ლარამდე აღწევდა. წელს კი გლეხებს 1,7 ლარად უწევდათ ჩაბარება. როდესაც ისინი დააპირებდნენ საფერავის დაკრეფვას, ქარხანა ითხოვდა, რომ მიეტანათ რამდენიმე მტევანი შაქრიანობის შესამოწმებლად. შაქრიანობა პირველად 23-24 გრადუსს აჩვენებდა, დროის შემდეგ, როცა დაკრეფდა სრულად გლეხი საფერავს და მიიტანდა ქარხანაში, შაქრიანობა უკვე 19- აჩვენებდა. შემდეგ იწყებოდა ვაჭრობა, რომ 1,7 ლარად კი არა, 1,3 ლარად ჩაიბარებდნენ.

მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ არ ვზრუნავთ ბიზნესის განვითარებაზე, მაგრამ ეს არის მანკიერი და მავნებლური მიდგომა, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, რის შედეგადაც, იჩაგრება გლეხი და მდიდრდება რამდენიმე ადამიანი.

მაგალითად, შეიძლება ქინძმარაულის 1 ბოთლი ღვინო მინიმუმ 14 ლარი ღირს, აქედან გლეხის სარგებელია 1.7 ლარი. რქაწითელის ღვინის მინიმალური ფასი თუ ღირს 8 ლარი, გლეხის სარგებელია მხოლოდ 80 თეთრი,“- ამბობს გიორგი ბოტკოველი და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მთავარ პრობლემებს შორის დაბალ ფასებს, დაურეგულირებელ რიგებს, წონასთან დაკავშირებულ ტყუილებს, მაფიოზურ გადამყიდველების სისტემას ასახელებს.

გადამყიდველების სისტემა, რომელიც შევარდნაძის პერიოდის შემდეგ აღარ არსებობდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კვლავ შეიქმნა მაფიოზური კლანები. საუბარია კლანებზე, რომლებიც პირდაპირ ქარხნებთან დგანან და იქ მისულ ადამიანს, რომელსაც ქარხანა ყურძენს უწუნებს, მოლაპარაკებას სთავაზობს, მე არ ვარ მომხრე, რომ სახელმწიფოს სუბსიდირებაზე იყოს დამოკიდებული ყურძნის ფასი, მაგრამ იმ დროს, როცა სწორედ სახელმწიფო აღარიბებს და აუბედურებს ადამიანებს, მან უნდა იზრუნოს კიდეც ამ ადამიანების უკეთეს შემოსავალზე.

საკმაოდ დიდი თანხა შემოვიდა საქართველოში როგორც სესხით, ისე გრანტებითა და შემოწირულობებით, ზოგი ძალით, ზოგიც ნებით სხვადასხვა ბიზნესის მხრიდან. სად წავიდა ეს თანხები ? თუკი მიზნობრივად დაიხარჯა, მაშინ რატომ არ მოხმარდა გლეხს, რომელიც ამაზეა დამოკიდებული და ამით ირჩენს თავს,“- ყვება გიორგი ბოტკოველი.

მოვისმინეთ არაერთი განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომ მილიონები დაიხარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ამ ფულით კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა ისარგებლეს. ისარგებლა მაგალითად, გელა სამხარაულმა, რომელიც თელავი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატია, ისარგებლა სონღულაშვილის ოჯახმა, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის პატრონები არიან და აქვთ პრეტენზია, რომ კიდევ 4 მუნიციპალიტეტის მმართველები უნდა იყვნენ.

მაგალითად, 2-3 წლის წინ, ვუყურებდი ტელევიზორს, სადაც შემთხვევით ვნახე სიუჟეტი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანცხადება,რომ კახელ გლეხს გადასცეს პროგრამით ტრაქტორი, ვისმენდი ფერმერის განცხადებას და მადლობას, აღმოჩნდა,რომ ეს ფერმერი იყო გელა სამხარაულის ალალი ბიძაშვილი ,“- აღნიშნავს გიორგი ბოტკოველი და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივებზე საუბრობს. მისი თქმით, უნდა დაარსდეს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრები. ამ ტიპის ცენტრების ძირითადი საქმიანობა დაეფუძნება კვლევებსა და გლეხების გადამზადებას. ცენტრებში ასევე იარსებებს მიწის უფასო ლაბორატორიები.

გლეხს არ ჰქონდა ხელშეწყობა, რომ საკუთარი მეურნეობა განევითარებინა და არ ყოფილიყო დამოკიდებული მონსტრ ქარხნებზე. ამიტომ, როგორც კახეთში, ისე მთელ საქართველოში უნდა შევქმნათ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო, ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე ცენტრები, რომლებიც იმუშავებენ კვლევების მიმართულებით. სამწუხაროდ, დღეს გლეხს ისევ გლეხს ვეძახით დღეს და ვერ მივედით იქამდე, რომ ისინი ფერმერები გახდნენ. ცენტრი კვლევის საფუძველზე იმუშავებს იმ პროგრამების დაფინანსებაზეც, რომელებიც ამ შემთხვევაში, კახეთში შეუწყობს ქვევრის ღვინის წარმოებას და შექმნის ძალიან ბევრ მცირე მეღვნეობას.

ღვინის ეროვნული სააგენტო კი დაკავებულია ყოველდღიურად გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომ 200 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, ჩაბარდა ქარხნებში და 200 მილიონი მიიღო შემოსავალი გლეხმა, ისინი გლეხის ჯიბეში კი არ უნდა ითვლიდნენ ფულს, არამედ მანამდე უნდა უწყობდნენ მათ ხელს,რომ მეტი შემოსავალი მიიღონ. არც ყურძნის მომყვანი, და არც მწარმოებელი არ მოინდომებს რომ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, როცა ხედავს რომ ბაზარი არის ერთადერთი და ღვინო იაფი. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება საქართველოში ვერც ღვინის რეალიზებას და ვერც წარმოებას ვერ განავითარებს. გლეხს და ფერმერს უნდა მივეხმაროთ დამატებითი ბაზრების მოძიებაში,“- აღნიშნავს გიორგი ბოტკოველი.

შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი:

- წლეულს ყურძნის ფასი იყო ჩვეულებრივი, როგორც წინა წლებში. ჩვენ ყველამ მოვახერხეთ და მსოფლიო რუკაზე, როგორც ღვინის სამშობლო წარმოვჩინდით. ეს კონკრეტული პროექტის დამსახურებაა, რომელიც დიდი მეცნიერული კვლევის საფუძველზე შემუშავდა. ეს ახლანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივა იყო, რომელიც თავად ღვინის ბიზნესიდან მოსული ადამიანია და ძალიან კარგად ესმოდა, თუ რის გაკეთება იყო საჭირო.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო .. მოგზაური გამოფენა, რომელიც მთელ მსოფლიოში გადაადგილდებოდა. ახლა სხვა ნაბიჯები არის გასაკეთებელი. უკვე დროა ღვინის მწარმოებელმა და ბიზნესმა შეძლოს და სამყაროს ისეთი ღვინო და კლასიფიკაცია აჩვენოს (რეგიონების, თუნდაც ქვევრის), რომელიც პირველ რიგში ჩვენთვის, ქართველებისთვის სარწმუნო იქნება და შემდეგ უკვე ზოგადად ქართული ღვინის მიმართ სანდოობას გაზრდის. ეს ერთი მხარეა და, რა თქმა უნდა, ბიზნესმა სახელმწიფოსთან ერთად უნდა გააკეთოს.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, სწორად, მეცნიერულად, მართლაც თანამედროვედ და არაზედაპირულად უნდა ვაშენებდეთ ვენახებს. საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ვენახების გაშენება და ზოგადად მევენახეობაა.

როგორ უნდა მივიდეთ კარგ ხარისხამდე, რომ მსოფლიო ხარისხიანი ღვინის მწარმოებლად გვიცნობდეს? ამისთვის ჩვენ უნდა ვიყიდოთ ცოდნა. უპირველესად, უნდა ვაღიაროთ, რომ მევენახეობაში არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და არსებული დიდი საერთაშორისო გამოცდილება უნდა შევიძინოთ. არ უნდა ვუღალატოთ და შევინარჩუნოთ ამ სფეროში ჩვენი ტრადიცია, ვგულისხმობ ადგილობრივ ჯიშებს, ქვევრის ტრადიციას და .. მაგრამ თვითონ მევანახეობის ცოდნას რაც შეეხება, ეს უბრალოდ უნდა ავდგეთ და ვიყიდოთ.

რას ვგულისხმობ - უნდა მოვიწვიოთ ამ სფეროს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპეციალისტები. იმისთვის, რომ გვქონდეს სწორი ადგილები, სწორი საძირეები ამ ადგილებთან, სწორი ჯიშების, სწორი აგროტექნიკით გაშენება, აქ მთელი ციკლია, რასაც აღარ ჩამოვთვლი, ეს ყველაფერი სწორად უნდა ვაწარმოოთ.

ეს არ არის იაფიანი საქმე, ძვირია ასეთი ცოდნის მიღება, მაგრამ ამის გაკეთება უბრალოდ აუცილებელია. კიდევ მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ვადაში ჩვენ ამ სფეროში დიდ რევოლუციას ვერ მოვახდენთ. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ თუ დღესვე არ დავიწყეთ, მთავარ თემას, ვენახების სწორად გაშენებას ვერ შევძლებთ.

გასაგებია, რომ ღვინის სამშობლოდ გვაღიარეს, მაგრამ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები - ახლა უკვე ღვინო გვჭირდება ისეთი, რომლითაც ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ. ამას უკვე განათლება სჭირდება, რაშიც ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს, რბილად რომ ვთქვათ. ამისთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი კერძო ინსტიტუციები შეიქმნას. აქაც მევენახეობაში გადაუდებლად უცხოური სამეცნიერო გამოცდილება გვჭირდება, - დასძენს შალვა ხეცურიანი.  

დაბოლოს, მევენახეობა-მეღვინეობა ქართველი კაცის გენეტიკაშია და მას გადაშენება არ უწერია. ბოლო ათწლეულებისგარდამავალპერიოდთან ერთად, სტრატეგიულმა დარგმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სახელმწიფო ცდილობს მევენახე-მეღვინეს გარკვეული სუბსიდირებით გვერდში დაუდგეს, მაგრამ ეს საკმარისი ღონისძიება არ არის. დარგის შემდგომი განვითარებისთვის ახალი ცოდნა-უნარების შეძენა სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქართველო ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის გზას ადგას, სადაც დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება დროულად გამოსაყენებელია.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია