მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, ყველაფერი დამშვიდებისკენ მიდის - ამირან გამყრელიძე - 15 იანვარი 2021

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. საბედნიეროდ, ერთი თვეა, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის პროცესი სტაბილიზაციისკენ მიდის. ყოველდღიურად სხვადასხვა ინდიკატორი, როგორიცაა დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ერთი კვირის ინციდენტობა, აჩვენებს, რომ ყველაფერი მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, იანვრის ბოლო დღეებს დაველოდოთ და შემდეგ ეპიდვითარების მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება აუცილებელია, მაგრამ რა მასშტაბით, ამაზე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვების შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე: „სკოლების გასახსნელად როგორი ეპიდვითარებაა საჭირო“, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამისი პირდაპირი ინდიკატორი არ არსებობს.

„მოგეხსენებათ, პამდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის ძირეული ცვლილებები შეიტანა განათლების სისტემაში და მეთოდოლოგიაში. სწავლის პროცესი მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული, დასწრებული სწავლა არ მიმდინარეობს რამდენიმე დიდ ქალაქში. ზოგადად, დათქმა არსებობს, რომ სკოლები და სასწავლებელები უნდა დაიკეტოს ბოლოს და უნდა გაიხსნას პირველი. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვა. ამიტომ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შესაბამისი რეგულაციებით სწავლა ქვეყანაში აღდგეს, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო იმ ვაქცინას მიიღებს, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე.

მისივე თქმით, დასახელებულ პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ექნება. ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი.

„საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და აქ განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, ყველა ქვეყანას წლის განმავლობაში თანდათან მიაწვდის საჭირო ვაქცინების 20 პროცენტს. ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა. ვიდრე ყველა ქვეყანას 20 პროცენტი არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კველევები ვაქცინაციისა. ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია და ამ წლის განმავლობაში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის ასაცრელად 65 მილიონიდან 170 მილიონამდეა საჭირო.

„ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებით, გათვლილია სერვისის ღირებულება, სხვა დამხმარე სამსხურები, როგორიც არის აიტისამსახურები, ლოჯისტიკური, ტრანსპორტირება, შენახვა და ასე შემდეგ. პირდაპირ გეტყვით, ეს მერყეობს 65 მილიონიდან 170 მილიონამდე, რომ ჩვენ ჩვენ წლის განმავლობაში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი ავცრათ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია