მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან. ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა დესტაბილიზაციაა.
„მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი. აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომ გაგრძელებულიყო კიდევ ამ თემაზე ბჭობა, გამოწვეულია იმ რეალობიდან, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია და რომელსაც გაცილებით უფრო კარგად ხედავენ, უფრო მეტს საუბრობენ და უფრო ითვალისწინებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც კვლავ გველიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე ის სუბიექტები, ვინც გადაწყვიტეს, რომ დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა.
მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, რომ თუ საუბარია, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, ან ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და არა შეძახილები, რომელიც გაისმის „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოდან. ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, ჩვენ, ოპოზიცია უკვე სხვა სტრატეგიაზე გადავალთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს პერიოდი და მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ რამდენად ადეკვატური იქნება და მივა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ნელ-ნელა იკეტება. ამიტომ ჩვენ, ოპოზიცია უკვე გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გაცნობებთ საჯაროდ“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
წყარო: პირველი არხი