საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვეტერანთა დახმარების თანხა აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა, მიაჩნია, რომ ამ კუთხით თანხების მობილიზება უნდა შეძლონ.
„ვეტერანთა დახმარების საკითხი საკმაოდ ხშირად ისმება პარლამენტში. მესმის, რომ ამ ნაწილში ჩვენ გვიწევს დაპირებების გაცემა და შემდგომ ისევ ამის გამეორება. მგონი, აქ ორი აზრი არ არსებობს, რომ უნდა გაიზარდოს დახმარების თანხა, რაც არის წლების განმავლობაში გამოყოფილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ ნაწილში თანხების მობილიზებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ვეტერანებისთვის გამოყოფილი 22-ლარიანი დახმარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„რა თქმა უნდა, მომავალი წლის ბიუჯეტი არის ის ნიშნული, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ თანხის გამოყოფაზე, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობას ვიწყებთ უკვე მომდევნო თვეებში. შესაბამისად, სულ რამდენიმე თვეში შესაძლებელია, რომ 2022 წლის ბიუჯეტის შედეგების ფარგლებში გვქონდეს კიდევ დამატებითი კომუნიკაცია. ბუნებრივია, იქ განსასაზღვრია იმ პირთა წრე, ვინც კონკრეტულად უნდა მიიღოს ეს დახმარება. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ნაწილში ჩვენ ვერ გვექნება აზრთა სხვადასხვაობა. რა თქმა უნდა, ის დახმარება, რომელიც არის 22-ლარიანი, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.