მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცეცხლს ნუ ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე - 11 ივნისი 2021

შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი სოციალური ღონისძიებებისგან კიდევ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს თავის შეკავება.

„ამ წლინახევრის განმავლობაში, რაც პანდემია არსებობს, დღევანდელ ეტაპზე ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან გადავედით შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზე, როცა რეგულაციები უნდა დაწესდეს და აღსრულებაზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი, ადამიანების თვითშეგნების გაძლიერება, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ვისაუბრეთ, რომ მწვანე, უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებები არსებობდეს, ანუ ყველა მედიცინის მუშაკი იქნება აცრილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონთან ერთად, აუცილებელია, რომ რეგიონში უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი.

„აჭარაში ტურისტული სეზონია, ამიტომ საჭიროა უსაფრთხო რესტორანი, უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულება, უსაფრთხო სასტუმრო. აქ დასაქმებული ყველა ადამიანი ორჯერადად აცრილი თუ იქნება, ნიშნავს, რომ ის გახლავთ უსაფრთხო სტუმრისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები. ამ მხრივ გამყრელიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე.

„ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. შეიძლება, არავის არ გვინდა ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვაქცინებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივლისიდან ოთხი თვის განმავლობაში საქართველო გარანტირებულად მიიღებს ოთხი დასახელების ვაქცინას.

„უკვე გვაქვს ვაქცინების შემოსვლის გარანტირებული გრაფიკი, გარანტირებული კონტრაქტები, რომ ოთხი თვის განმავლობაში – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 მლნ 600 000 დოზა ოთხი დასახელების ვაქცინა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, მესამე ტალღის პიკი გადავლილი გვაქვს, დაღმავალ ფერდზე ვართ. მისი თქმით, ყველა პარამეტრის მიხედვით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.

„დაღმავალ ფერდზე ვართ. მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც. ეპიდსიტუაცია მშვიდდება ისე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი და ინდიკატორი, როგორიც გახლავთ მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე. იგივე, დადებითობის პროცენტი აჭარაში დღეს გვაქვს 2 %-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში რამდენიმე ათეულია და მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, ანუ ასს არც ასცდენია. ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი 19 000 აცრა ჩატარებულია აჭარაში. პანდემიის დასრულების გზა გადის აცრაზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 350 000 აცრის ჩატარება. ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა, მათ შორის აჭარაში 2 000-დან 3 000-მდე აცრა უნდა ტარდებოდეს. ამის ყველა საშუალება აჭარის სამედიცინო ქსელს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი შესრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„პიკი გადავლილი გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დამშვიდების უფლება. ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ მიუხედავად იმისა, რომ რთულია. არავის არ გვინდა შეიძლება ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ აუცილებელია.

მეოთხე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუ ჩვენ არ დავიცავთ რეგულაციებს და არ ავიცრებით, მაგრამ თუ დავიცავთ და ავიცრებით, მაშინ მეოთხე ტალღა დიდი ალბათობით, შეიძლება არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია