დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ზე ნაკლებს აიღებს - შესაძლოა, ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს. ხელისუფლების მხარდამჭერები თვლიან, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ენმ-ს ხელმოწერის გარეშე, მმართველ გუნდს უფლება აქვს ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულოს, - ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია კი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერის გარეშეც შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი უპირობოდ უნდა შესრულდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს თუ არ მოაწერს ამ დოკუმენტს, დოკუმენტი არის ხელმოწერილი ხელისუფლების მხრიდან. იმ ვალდებულებისგან გაქცევა, რომელიც აიღო საკუთარ თავზე „ქართულმა ოცნებამ“, ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში გაუჭირდება და შეუძლებინებია. თუმცა ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღეს შესაბამისის გადაწყვეტილება და ხელის მოაწეროს ამ დოკუმენტს. ეს გააძლიერებდა ოპოზიციას, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, შეთანხმება შედგა და ამას ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც.
ყველა ოპოზიციურმა ძალამ, გარდა ენმ-სი ხელი მოაწერა შეთანხმებას, შეთანხმება შედგა. ამას ხაზი გაესვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამიტომ ყველა პუნქტი, რომელიც ამ შეთანხმებაშია უკვე არის შეთანხმებული და უკვე უნდა იყოს დაცული, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკოს ელისაშვილი ფიქრობს, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“. მსგავსი ნათქვამი, რომ თუ ყველა ხელს არ მოაწერს, მაშნ 43%-იანი ეს დათქმა ამოქმედდება, ამას არ შევასრულებთ, ასეთი რამ არსად წერია. მაშინ საარჩევნო რეფორმას რატომ ვახორციელებთ?, - ალეკო ელისაშვილი.
შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს, - აღნიშნულია „ტვ პირველის“ ინფორმაციაში.