მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ანტარქტიდის გარშემო წყლებს სამხრეთის ოკეანე უწოდეს - 16 ივნისი 2021

დედამიწის მეხუთე ოკეანე ოფიციალურად აღიარეს

დედამიწის მეხუთე ოკეანე საბოლოოდ აღიარეს — ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების გადაწყვეტილებით, ანტარქტიდის გარშემო წყლებს სამხრეთის ოკეანე უწოდეს და შეემატა უკვე აღიარებულ ატლანტის, წყნარ, ინდოეთისა და ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეებს.

ანტარქტიდის გარშემო წყლებს ცალკე ოკეანედ ას წელზე მეტია მოიხსენიებენ და ამ ტერმინს მეცნიერებიც ფართოდ იყენებენ, მაგრამ ამ დრომდე დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.

8 ივნისს, მსოფლიო ოკეანის დღეს, აშშ-ის ეროვნულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გამოაცხადა, რომ ამიერიდან საკუთარ რუკებზე სამხრეთის ოკეანეს პლანეტის მეხუთე ოკეანედ მონიშნავს.

„დიდი ხანია, სამხრეთის ოკეანე მეცნიერთა მიერ აღიარებულია, მაგრამ რადგან აქამდე არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება, ოფიციალურად მას არასოდეს ვცნობდით და გარკვეულწილად გეოგრაფიულ ჟარგონს წარმოადგენდა“, — ამბობს საზოგადოების გეოგრაფი ალექს ტაილი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა განათლების სისტემაზე ექნება.

National Geographic-მა რუკების შექმნა 1915 წლიდან დაიწყო, მაგრამ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება მხოლოდ ოთხ ოკეანეს აღიარებდა, რომლებსაც მათი მოსაზღვრე კონტინენტებით განსაზღვრავდნენ.

ამის საპირისპიროდ, სამხრეთის ოკეანე გარშემო კონტინენტებით კი არ არის შემოსაზღვრული, არამედ ანტარქტიკის ცირკუმპოლარული დინებით (ACC), რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება. მეცნიერთა აზრით, ეს დინება 34 მილიონი წლის წინ გაჩნდა, როდესაც ანტარქტიდის კონტინენტი სამხრეთ ამერიკას გამოეყო და მის გარშემო წყალს თავისუფლად მოძრაობის საშუალება მიეცა.

ანტარქტიკის ცირკუმპოლარული დინების და შესაბამისად სამხრეთის ოკეანის წყლების უმეტესი ნაწილი უფრო ცივი და შედარებით ნაკლებად მლაშეა, ვიდრე უფრო ჩრდილოეთის წყლები.

ეს დინება წყალს ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებიდან ექაჩება და წარმოქმნის ე. წ. გლობალურ კონვეიერის სარტყელს, რომელსაც სითბო პლანეტის გარშემო დააქვს, თავად დინების ცივი, მკვრივი წყალი კი იძირება და ოკეანის სიღრმიდან ნახშირბადს გამოთავისუფლების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ათასობით სახეობა მხოლოდ ანტარქტიკის ცირკუმპოლარულ დინებაში ბინადრობს.

არ არსებობს სხვა შეთანხმება, ზუსტად რა უნდა შეადგენდეს ოკეანეს, გარდა იმისა, რომ ისინი უბრალოდ უდიდესი წყალსატევებია. ზოგადი განსაზღვრება გლობალურ ოკეანეს ოთხ ან ხუთ ნაწილად ყოფს, მათ გარშემო არსებულ კონტინენტთა შესაბამისად.

მიუხედავად ამისა, ტერმინი „სამხრეთის ოკეანე“ მაინც გამოიყენებოდა ანტარქტიდის გარშემო წყლების აღსანიშნავად, თანაც იმ დროიდან, როდესაც ის მე-16 საუკუნეში პირველად იხილა ესპანელმა მკვლევარმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ.

მე-19 საუკუნეში ბევრმა საზღვაო ქვეყანამ შექმნა „ჰიდროგრაფიული“ უწყება, რომლებიც ოკეანეების შესახებ ინფორმაციას საკუთარი ფლოტისა და სავაჭრო ხომალდებისთვის აქვეყნებდნენ. ტერმინი „სამხრეთის ოკეანე“ პირველად გამოჩნდა 1921 წელს შექმნილი საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ადრეულ პუბლიკაციებში.

თუმცა, 1953 წელს IHO-მ ეს განსაზღვრება გააუქმა.

„გავითვალისწინეთ უმეტესი შეხედულება. არ არსებობს რეალური საფუძველი, რომ წყლის ამ მასას ოკეანე ვუწოდოთ“, — წერდა ორგანიზაცია იმავე წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში.

მეცნიერთა დიდი ნაწილი ასეთ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ტერმინის გამოყენება განაგრძო, რადგან სამხრეთის ოკეანის მნიშვნელობა და უნიკალურობა სულ უფრო აშკარა გახდა. აშშ-ის გეოგრაფიულ სახელთა საბჭომ მისი გამოყენება 1999 წლიდან დაიწყო, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) კი 2021 წელს.

სინამდვილეში, თავდაპირველი „ოკეანე“ დედამიწაზე მდინარე იყო, რომელსაც ძველმა ბერძნებმა ეს სახელი ტიტან ოკეანოსის პატივსაცემად უწოდეს; ოკეანოსი მდინარის ღმერთი იყო, ურანოსისა და გეას ვაჟი, ღვთაება თეტისის ძმა და ქმარი; ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ სწორედ თეტისმა შვა პირველი წყლები დედამიწაზე.

მიიჩნეოდა, რომ მდინარე „ოკეანე“ მსოფლიოს უვლიდა გარშემო; ძველბერძენთა რწმენით, ის სადღაც ევროპის დასავლეთით და აზიის აღმოსავლეთით მთავრდებოდა. თანდათანობით, ამ ტერმინით გლობალური ოკეანის სხვადასხვა ნაწილების აღწერა დაიწყეს.

მომზადებულია National Geographic-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია