10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა ოკუპაციას არავინ განიხილავს, - ამის შესახებ რუსეთში შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი, „ტვიტერში“ წერს.
ასე ხდება, როცა დასავლეთში წარსულს ვივიწყებთ და მხოლოდ მომავალზე ვართ ფოკუსირებული. ბაიდენსა და პუტინს შორის 10 წლის წინ გამართულ შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველო იყო, ახლა კი ოკუპაციას არავინ განიხილავს. ვღელავ, რომ ყირიმის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს"- დაწერა რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა.
,,ევროპული საქართველოს" ლიდერის შეფასებით, ,,ქართული ოცნება" ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკას აწარმოებს. გიგა ბოკერიას აზრით, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობაში საქართველო დაპირისპირების საგანს არ წარმოადგენდეს.
ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო, მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში, რომ საქართველო გაქრეს, როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი დემოკრატიული ამოცანებისთვის უაღრესად საზიანოა – აცხადებს გიგა ბოკერია.
გუშინ ჟენევაში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა საქართველოს შესახებ, - აღნიშნულია „ტვ პირველის“ ინფორმაციაში.