ვაფრთხილებთ რუსთაველზე ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა „მდუმარე აქცია“, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქვე, არსებული რისკების გათვალისწინებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ – ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ დროისთვის ოთხი პირი გაიყვანეს.
როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, პარლამენტის შენობასთან პოლიცაა მობილიზებულია ადგილზე, რათა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
„მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამ ეტაპისთვის ოთხი პიროვნება არის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი. გავერკვევით დეტალებში. დაკავებულია მათ შორის ის პირი, რომელმაც განახორციელა გარკვეული სახის ძალადობრივი ქმედება მასმედიის წარმომადგენლის მიმართ. შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცული იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თითოეული მოქალაქის და ასევე, ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ძალადობა და დაპირისპირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
წყარო: პირველი არხი