მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საკმარისი ვაქცინაა, მოქალაქეებმა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და აიცრან - ამირან გამყრელიძე - 21 ივლისი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე.

საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას დიდი თავყრილობისგან თავის არიდებაზეც კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიის დამარცხების გზაზე მთავარია ვაქცინაცია. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა, ამიტომ მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და აიცრან.

მთავარია, ყველანი წავიდეთ და ავიცრათ, ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა და კიდევ იქნება ვაქცინები, რომ დღეს თავისუფლად აიცრას 15- 20 ათასი ადამიანი. ამ კვირაში უკვე ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას და აცრის გაკეთება შესაძლებელი ექნება ყველას კოვიდის გადატანიდან 30 დღეში.

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამწესების დაცვა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან და ყველანი ავიცრათ. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოეშვა. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლი შევა საბჭოში რეკომენდაციით მეტი გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წითელ ხაზებს ვკვეთთ. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობი მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებში ინფიცირების მატებაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით დიდი ნახტომი არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

„დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ძალიან სწრაფად იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 627 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 135, პისიარტესტით – 16 492.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –  5,53 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 393 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 368 073 გამოჯანმრთელდა, 5 618 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 374 685 პირი, დღიურად აცრილია – 6 586. კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 584 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 183 პირი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია