„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოში საჩივრის შეტანას აპირებს და სამართლებრივ დავასაც არ გამორიცხავს.
თინა ბოკუჩავა აპირებს, იურისტებთან და ქალთა უფლებების დამცველებთან კინსულტაციები გაიაროს, რათა გადაწყვიტოს, რა იქნება ყველაზე მართებული ფორმა შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის.
„ეთიკის საბჭოში შევიტან საჩივარს, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ დიდად იმედიანად არ ვარ განწყობილი, რომ ჯეროვნად მოახდენს ეთიკის საბჭო რეაგირებას, რადგან მასში მყოფმა რამდენიმე წევრმა უკვე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება და პრაქტიკულად ჩემზე გადმოიტანეს ისრები. პასუხისმგებლობას სრულიად ირიდებენ, იმ ძალადობრივ მოქმედებებზე, რომელიც განახორციელეს ლევან მგალობლიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა, რომლებმაც ქვეყნისთვის სამარცხვინოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ იძალადა ქალზე პლენარულ სხდომათა დარბაზში. თუმცა მაინც ვაპირებ ფორმალობისთვის აღნიშნული ინსტრუმენტები გამოვიყენო. ასევე არ გამოვრიცხავ, სხვა სამართლებრივი ზომებიც გამოვიყენო ამ ორი დეპუტატის წინააღმდეგ. შესაბამისი კვალიფიკაციის იურისტებთან და ქალთა უფლებების დამცველებთან კინსულტაციებს გავივლი, რათა გადავწყვიტო, რა იქნება ყველაზე მართებული ფორმა შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საკანონმდებლო ორგანოში 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა პარლამენტში თავმჯდომარის ადგილას მისვლას ცდილობდა, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა ის სპიკერატიდან ხელით გაიყვანა.
არავის მივცემთ უფლებას, რომ სპიკერატი დაბლოკონ, მაგიდებზე სალტოები აკეთონ და ფეხშიშველა ირბინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში კოლეგებზე არ ძალადობენ და მათი უფლებები არ იზღუდება.
„თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, რომ გადაეკეტა სპიკერატი და პლაკატით თავმჯდომარეს მივარდნოდა. რატომ? რაში სჭირდებათ ეს დრამატიზირება. ისედაც ხომ ყველას მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოსულიყვნენ, ხან პლაკატები ეფრიალებინათ და ხან ეყვირათ. ვინმემ გააჩერა? არა, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადიხარ, მაშინ მანდატურებიც ნაკლები იყო, ვერ აუვიდოდნენ. ხან ერთს მისდევდნენ, ხან მეორეს. არ მივცემთ არავის უფლებას, რომ სპიკერატი დაბლოკოს, მაგიდებზე სალტოები აკეთონ და ფეხშიშველა ირბინონ. ეს სწორი და გამართლებული არ არის. მათ შორის მათმა კოლეგებმაც არ მოუწონეს. თუმცა თუ ასე უნდათ, რომ თავი დაამახსოვრონ საზოგადოებას ამ აქტით, კი ბატონო. ეჭვი მაქვს, უკვე კამპანია არის, რომ ვითომ რაღაც დაგვაბრალონ. ვითომ მათი უფლებები პარლამენტში იზღუდება და კოლეგებზე ვძალადობთ. მცდელობა აქვთ, ასე შეფუთონ. საბჭო იქნება თუ სადაც იქნება, კი ბატონო, მზად ვართ, ვისაუბროთ. რასაც ახლა ვამბობ, იქაც იმავეს გავიმეორებ, ფაქტებიც ამას მოწმობენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
წყარო: პირველი არხი