„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მმართველ პარტიას ვერანაირი მანიპულაცია ვერ უშველის იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტი აიღოს.
დეკანოიძის თქმით, სამოქალაქო სექტორის პოზიციაა, ცესკო-ს კანდიდატების შერჩევის პროცესი თანაბარ პირობებზე დაფუძნებული არ იყო.
„ეს კანდიდატები ცესკო-ს „კლანის“ წევრები არიან. მათ ხმები არ ეყოთ და მეოთხე კენჭისყრაზე დაამტკიცებენ. პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, რომ სარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა გაზრდილიყო. ამის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ნდობას უფრო აქვეითებს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „ქართულ ოცნებას“ დახმარება გაუწიოს, რადგან ვერანაირი მანიპულაცია, რაც მათთვის მიღებულია, ვერ უშველის იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი აიღოს“, – განუცხადა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატებმა საჭირო მხარდაჭერა ვერც ამჯერად მიიღეს. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დღევანდელ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა. ვინაიდან საკმარისი ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა, საბოლოოდ, კანდიდატი სიითი უმრავლესობით დაინიშნება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.