დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია. მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ზომები უნდა გატარდეს და გაიცეს რეკომენდაციები, რათა ვირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდეს.
ამირან გამყრელიძემ პანდემიის დამარცხების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა, მათ შორის ვაქცინაციისთვის აქტიურობა და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა.
„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება.
მთავარი არის დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა – ეს იქნება ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, ყველაფერი შესაბამისად პრევენტირებული უნდა უნდა იყოს. ამასთან, აუცილებელი იქნება საზღვარზე დამატებითი კონტროლი, ასევე, ადგილების მობილიზება, განსაკუთრებით სასტუმროებში. დღე კიდევ სხვა დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რათა მობილიზდეს შესაბამისი რაოდენობის ოთახები, რომ ადამიანებს, როგორც ინფიცირებულებს, ასევე მათ კონტაქტში მყოფებს, ვისაც არ აქვს შინ იზოლირების პირობები, სახელმწიფომ იზრუნოს მათ იზოლირებაზე, რათა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დიდი რაოდენობით თავშეყრა ისედაც აკრძალულია, მაგრამ აღსრულებაზე კონტროლი მეტად გამკაცრდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ კონფერენციებზე, სემინარებზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ან წინასწარ გატესტილი პირები.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე აღნიშნული წესი რეკომენდაციის დონეზეა, თუმცა საკოორდინაციო შტაბი მუშაობს, რათა მას ლეგალური სახე მიეცეს.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე – ეს იქნება სემინარი, კონფერენცია, კონცერტი თუ ასე შემდეგ, დაშვებული იქნენ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან წინასწარ გატესტილი პირები. ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი და თუ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისი ლეგალური ფორმა მიეცემა.
მაგალითად, ხვალ არის ჰეპატიტის მსოფლიო დღე. 28-ში ყოველთვის აღვნიშნავთ ხოლმე. სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 50 კაცამდე. ვისაც მოსაწვევი დაეგზავნა, ყველას ეთხოვა, რომ მოვიდეს მხოლოდ აცრილი, წინასწარ გატესტილი ადამიანი, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილზე, როგორც იყავით წინა შეხვედრაზე, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა გაიტესტა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო შვიდი დღის – 6,71%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 418 398 ადამიანი, დღიურად აცრილია 13 884. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 185 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 763 პირი.
გუშინ, 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 665 პაციენტი, 26 კი გარდაიცვალა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.