მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პანევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის გზაზე ხართ, შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ შარლ მიშელის შეთანხმება - რიკ დემსი - 27 ივლისი 2021

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსის განცხადებით, ის ეცადა, ეპოვა ისეთი საკითხები, რაზეც მთავრობასა და ოპოზიციას ერთად მუშაობა შეუძლიათ.

„მაგალითად, გენდერული თანასწორობის საკითხზე, მოვუწოდებ ოპოზიციას და მთავრობას, უპასუხონ ამ საკითხს ერთად, რადგან გენდერული თანასწორობა ასამბლეაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ საქართველო არის პანევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ერთია ევროკავშირი, უფრო დიდი ევროპა, ასამბლეა, რომელსაც მე წარმოვადგენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ნათელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს.

„გაქვთ გარკვეული ხარვეზებიც, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას. ამაში უჩვეულო არაფერია. ასე რომ, ნუ გააზვიადებთ, თითქოს ეს უჩვეულოა. ეს ნორმალურია, მაგრამ მარტივი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ხართ პანევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის გზაზე. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ. მე მხარს ვუჭერ შარლ მიშელის შეთანხმებას, რადგან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად, რათა პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება პრაქტიკაში განხორციელდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება პრაქტიკაში განხორციელდეს, გადადების გარეშე. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რიკ დემსმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში.

ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს, რათა ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.

მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“ პანდემიის დროს, საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების მიზნით მაქსიმალური ძალისხმევა გასწია, რაც გულისხმობდა მათ უფასო სამედიცინო მკურნალობას და უნივერსიტეტებში აბიტურიენტების გამოცდების გარეშე ჩარიცხვას. მთავრობის მეთაურმა წუხილი გამოთქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარს ამბობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია