თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს ასეულობით საწოლი გადასცა, რომლებიც დიღომსა და სამგორში განთავსდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტრო ასევე გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო. პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოჰყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად.
ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე – დიღომსა და სამგორში.
ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
ამას გარდა, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილია მობილური სამხედრო – სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან, – შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.