ქვეყანას აქვს რესურსი, დღეში 30 ათასი ადამიანი აცრას, თუმცა შესაძლებელია, მოეწყოს დიდი მარათონი და ამ რიცხვმა 50 ათასსაც მიაღწიოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ჩართვისას განაცხადა.
მან მოიყვანა ისრაელის მაგალითი, რომელმაც თავისი მოსახლეობის 60-70 პროცენტი სამ თვეში აცრა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის დასაწყისში ისრაელში დღე-ღამეში ინფიცირების 10-15 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა და 100-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში კი ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულამდე დაეცა და იყო დღეები, როდესაც გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.
„აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის კრიტიკულია და მინდა, აცრების დღიური მაჩვენებელი 25 ათასზე ნაკლები არ იყოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია: 11.09%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 496 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 432 506 გამოჯანმრთელდა, 6 532 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 857 056 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 241.
ამასთან, 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.