მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება - სერგო ჩიხლაძე - 21 აგვისტო 2021

„შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა? 

ახლა არც ისტორიული პარალელების დროა და არც ყალბი პათეტიკის ან თუნდაც - არაყალბის. არ ვაპირებ ახლა იმაზე ვისაუბრო, რას წერენ ჩვენზე უცხოეთში ან რომელი ვაქცინა უკეთესია. მინდა დავფიქრდეთ, რატომ ვართ ამ დღეში? შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა! ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაგვიანებული, არათანმიმდევრული ჯანდაცვის პოლიტიკის გამო, ყოველდღიურად ამდენ სიცოცხლეს ვკარგავთ? 

დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა! თითოეული მათგანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა, ვერ უზრუნველყო მათი სიცოცხლის უფლება! ადამიანები იღუპებიან ხელისუფლების არაპროფესიონალიზმითა და დანაშაულებრივი გულგრილობით. 

- ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მიატოვა. მიატოვა სწორედ მაშინ, როდესაც  დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა. 

- ეს დახმარება ვაქცინა იყო! 

- ეს დახმარება საინფორმაციო კამპანიის წარმოება იყო! 

- ეს დახმარება თითოეული ადამიანისთვის იმის ახსნა იყო, რომ სიკვდილზე გამარჯვებისთვის, იმუნიზაცია აუცილებელია! 

- ეს დახმარება-112 ის გამართული მუშაობა იყო!

- ეს დახმარება ოჯახის ექიმის ინსტიტუტისა და სასწრაფო დახმარების სისტემების გამართვა იყო! 

- ეს დახმარება იყო ექიმებისა და ექთნებისთვის  ღირსეული ხელფასის მიცემა, დაგვიანების გარეშე! 

- ეს დახმარება სამედიცინო პერსონალის მობილიზება, მუდმივი გადამზადება და უსაფრთხოება! 

- ეს დახმარება იყო თავის დროზე მასობრივი ტესტირება და შესაბამისი  ქსელის აწყობა, რომელზეც ვაქცინაციის წერტილებიც დაშენდებოდა!.. და კიდევ რამდენი... 

ხელისუფლებამ ეს საჭიროებები ვერ უზრუნველყო. უფრო მეტიც, ხელისუფლების მეციხოვნე ეპიდემიოლოგ-ბიუროკრატები ისე დაეცნენ, რომ ტესტირების აუცილებლობაზე ამბობდნენ რომ „პანაცეა არ არის“! მრავალთვიანი სახლში გამოკეტვის შემდეგ, ვერც ჯანდაცვის სისტემა გამართეს და ვერც ეკონომიკას მიხედეს. დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაც ვერ მოახერხეს და ხელისუფლებამ ადამიანები  სიკვდილის პირისპირ დაუცველად დატოვა.  

სიმართლეა ისიც, რომ მაშინ, როცა ხელისუფლება დუმდა, ოპოზიცია, მედია, უცხოეთში მყოფი ექიმები თუ ჯანდაცვის ექსპერტები იმუნიზაციის აქტიურ კამპანიას ეწეოდნენ. უფრო მეტიც, კოვიდის მართვის არაერთი გეგმა და ალგორითმი გავუგზავნეთ ხელისუფლებას, მაგრამ ამის გამო კი, დაუღალავად ვილანძღებოდით და ვილანძღებით დღესაც. სიძულვილის ენით აღსავსე ფეისბუკპოსტების რეკორდსმენ ავტორებად იქცნენ ქვეყნის „წამყვანი“ სამედიცინო ბიუროკრატები, ნაცვლად იმისა, რომ დაუღალავად მოუწოდებდნენ ადამიანებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ. 

სიმართლეა ისიც, რომ ანტივაქსერული კამპანია მხოლოდ ხელისუფლებას აწყობდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ვაქცინა ფიზიკურად არ იყო. ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს ფსევდო ქრისტიანული ფარისევლობით შენიღბული კამპანია, თავისი ათასგვარი თეორიებით... 

ანტივაქსერები და ანტივაქსერული კამპანია ქართული „ნოუჰაუ“ ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში, მოსახლეობის 10 პროცენტამდე, ფაქტობრივად, 1,5 თვეში, სრულად ვაქცინირებულია და 23 პროცენტამდე - ერთჯერადად. თუ ხელისუფლებას არ აქვს უნარი, მოსახლეობის 60-70 პროცენტამდე სწორად მიიტანოს ინფორმაცია, იმუნიზაციის აუცილებლობაზე და მას ანტივაქსერული კამპანია ჯაბნის, მით უფრო, მისი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. შევხედოთ საფრანგეთს, შევხედოთ სხვა განვითარებულ ქვეყნებს, ანტივაქსერული კამპანიის პარალელურად, მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი... 

თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მთლიანად ქვეყანას,  ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც ხელისუფლებამ თავისი არათანმიმდევრულობით და არაკვალიფიციურობით ქართულ „ნოუჰაუდ“ აქცია“ - წერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია