მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში სტაბილიზაცია შეინიშნება - ეკატერინე ტიკარაძე - 03 სექტემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში სტაბილიზაცია შეინიშნება.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, იმატებს გარდაცვალების მაჩვენებელი, რადგან გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.

გვიხარია ყველას, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეის მდგომარეობით გვყავს 3 034 ინფიცირებული, აქტიური შემთხვევა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს, ძალიან გვახარებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია. ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს. სწორედ 2-3- კვირის დაგვიანებით ჩვენ გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და იმ ექიმებისთვის, რომლებიც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევების მატების მიუხედავად, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში გააძლიერებენ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა მძიმე პაციენტები უკეთ იმართონ და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს.

უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, თუ ამას კლინიცისტები ჩათვლიან აუცილებლად, გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის არსებულ პროტოკოლს. თუმცა, რეანიმატოლოგების სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოში არის ორი პროცენტი, ხოლო ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ 1,36-1,32 პროცენტს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 952 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 86 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 400 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 132, „პისიარტესტით – 15 268.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34 %, ბოლო 14 დღის – 9,72 %, ბოლო შვიდი დღის – 8,98 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 559 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 506 486 გამოჯანმრთელდა, 7 649 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია 1 259 391 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 518.

კარანტინის რეჟიმშია 111, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 210 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 542 პირი.

გუშინ, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 212 შემთხვევა გამოვლინდა, 5 017პაციენტი გამოჯანმრთელდა, 81 კი გარდაიცვალა, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია