2 ოქტომბერს ხალხი დაამთავრებს 30-წლიან ერთპარტიული მმართველობას საქართველოში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კოალიციურ მართვაზე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი გუნდის სხვა წევრები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში, მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა.
„მინდა, ხმამაღლა ვუთხრა ყველას, 2 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე. ამ დღეს ხალხი დაამთავრებს 30-წლიან ერთპარტიული მმართველობას საქართველოში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს აუცილებლად დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები და ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კოალიციურ მართვაზე.
პრემიერი, ისევე როგორც სხვა წევრები არიან ოცნებაში. მათ ჰგონიათ რომ ეკონომიკა დუღს, ქვეყანაში კრიმინალი არ არის და ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. რეალურად, ისინი ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. ჩვენ ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. ესეთი პოლიტიკური ხელშეკრულებიდან ვერ გამოდიან. ეს არის ძალიან დიდი შეთანხმება, რომელიც მოხდა ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ. შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩართულია მთელი ევროპული სამეგობრო, მაღალი კლასის პოლიტიკოსები და მთელი სპექტრი ოპოზიციისა და ქართველი ხალხი. აქ ღარიბაშვილის გამონათქვამს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამ საკითხებს წყვეტს ქართველი ხალხი. გპირდებით, როგორც ერთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, როგორც კი „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს 43 %-ს, მომავალ წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, წერტილი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთს არ ებმის.
„არანაირი 43 და 55 პროცენტი არ არის ბმაში, რადგან თვითმმართველობის არჩევნები არის თვითმმართველობის, საპარლამენტო საპარლამენტო და მათ ერთმანეთთან ბმა არ აქვთ. თვითმმართველობის არჩევნებზე ადამიანები ირჩევენ მერებს, საკრებულოებს, რომლებიც ადამიანებს ადგილებზე უკეთ უნდა მოემსახურონ და უთხრან, რომ ფასადი შეიღებება, კანალიზაცია მოწესრიგდება, გზები დაიგება, ეს ფული დაიხარჯება ხალხისთვის და არ იქნება მოპარული. მოქალაქეებს ამას ოპოზიცია არ ეუბნება, ამას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეუბნება.
დღეს 43 პროცენტსა და ციფრებზე საუბარი სასაცილოა, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ 50 პროცენტზე მეტს აიღებს და მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უმრავლესობა პირველივე ტურში გაიმარჯვებს, მათ შორის თბილისში. ეს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან გამოჩნდა და ეს ისედაც ვიცოდით. თბილისში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე გასული წლის შემოდგომაზე ავიღეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.