ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი მკვეთრი კლება აღარ შეინიშნება, რაც ასევე არის საყურადღებო. ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რეკომენდაციები იქნება გაცემული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან იმისთვის, რომ ინფექციის კლება კვლავ ინტენსიურად გაგრძელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში საწოლების დეფიციტი არ არის.
„ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, თუმცა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში ამასთან მიმართებაში მიმდინარეობს კონსულტაციები. ასევე, სხვა ექსპერტებთან ერთად. საავადმყოფოებში არის სტაბილური მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ადგილების დეფიციტი, თუმცა რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ იმ მობილიზაციას, რომელიც გამოცხადებული იყო ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.92%, ბოლო შვიდი დღის – 6.48%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 600 412 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 567 797 გამოჯანმრთელდა, 8 664 კი გარდაიცვალა.
ამასთან, 21 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.