მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზეიმი და ურთიერთობები სენაკის სათემო განათლების ცენტრში, რომელიც გავითარებს - 22 სექტემბერი 2021

ანუ როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა დაიწყოს ახალი ცხოვრება, აიმაღლოს კვალიფიკაცია, იყოს აქტიური მოქალაქე

ufleba.ge

დღევანდელი გამოწვევები ადამიანებისგან უფრო მეტ განათლებას და კონკურენტუნარიანობას მოითხოვს. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება სპეციალური მომზადება (თუ გადამზადება) დაგჭირდეს, წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. ამისთვის უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარება უბრალოდ გვაიძულებს ახალ ცოდნას, უნარ-ჩვევებს დავეუფლოთ. ამას არ გააკეთებ, „წუთისოფელს თვალს მოუხუჭავ და ისე გაგთელავს...“ გზაც, მოგეხსენებათ, ორნაირი არსებობს, პირველი - მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული კატასტროფა.

ერთ-ერთი, ვინც უწყვეტი განათლების პროცესზე მუშაობს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელია, რომელიც ქვეყნის შვიდ რეგიონში ათ სათემო ცენტრს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეულია სენაკის სათემო განათლების ცენტრი, რომელსაც ნონა ქადარია ხელმძღვანელობს. ჩემი ბლოგი ცენტრის სამაგალითო საქმიანობასა და მის ბენეფიციარებზეა.  

აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ვეკუა ქალთა კლუბის წევრია. 2010 წლიდან სენაკის სათემო განათლების ცენტრის აქტიური ბენეფიციარია. სხვადასხვა ტრენინგი და კურსი გაიარა, უამრავ საჯარო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ცენტრის მოხალისე და ახალგაზრდული კლუბის წევრიცაა:

ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ ვარ ქალთა კლუბის წევრი. როცა თქვეს მამაკაცებისთვის ქალთა კლუბში გაწევრიანება შესაძლებელი იყო, მე და ჩემი მეგობრები დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ. თითქმის არცერთი შეხვედრა-ტრენინგი არ გამიცდენია და იცით რატომ? მაინტერესებს თემები, რაც განიხილება და მინდა დავანახო ნაცნობ-მეგობრებს, რომ ქალთა უფლებების დაცვისთვის მამაკაცების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გამოწვევების წინ დგას საზოგადოება, ის პრობლემები, რასაც განვიხილავთ გენდერულ ჭრილში, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ზოგადად, როცა ლაპარაკიაგენდერზე“, რატომღაც საზოგადოება,  განსაკუთრებით რეგიონში,  არასწორად იგებს და ღიზიანდება. ამიტომ მსურს საკითხებში ჩაღრმავება“.

პროექტმა საკუთარი თავიც სხვა კუთხით დაანახა, მოსწონს ახალი როლი საზოგადოების განვითარებაში:

პარალელურად, პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსებზეც დავდიოდი, ელექტრომემონტაჟის და გიდის პროფესიული კურსი გავიარე. დღეს დასაქმებული ვარ, ენერგო პრო ჯორჯიაში ოპერატორის თანამდებობაზე“.

ბადრი ვეკუამ ბიზნესგრანტების კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და მეგობრებთან ერთად გაიმარჯვა:

სენაკში ჩამოსულ ტურისტებს შევთავაზებთ გიდის საჯომარდო მომსახურებას და ეს ყველაფერი ამთბილი ქოხისდამსახურებაა. ასე ვეძახით სენაკის სათემო განათლების ცენტრს ბენეფიციარები. ახლა, ყოველ მესამე დღეს ვმუშაობ და მერწმუნეთ, ის თავისუფალი ორი დღე ჩემს პიროვნულ განვითარებას ეკუთვნის, რომელსაც ამ კლუბში და ცენტრში ვიღებ“.

სიდონია მამულაშვილმა უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. დღემდე არსად უმუშავია, მაგრამ ახლა თავს საზოგადოების სრულფასოვან  წევრად, კარგ სპეციალისტად მიიჩნევს:

სენაკის სათემო განათლების ცენტრში ბუღალტერიის შესასწავლად მოვედი. როცა ქალთა კლუბში გაწევრიანება შემომთავაზეს, წუთითაც არ დავფიქრებულვარ. ვიფიქრე, დიდი ხანია საზოგადოებას მოწყვეტილი ვარ ჩემი ავადმყოფობის გამო და, ალბათ, ეს შანსია დავუმტკიცო საკუთარ თავს, მეც შემიძლია ვიყო აქტიური, ვიურთიერთობო ადამიანებთან, ვისწავლო და გავაზიარო ცოდნა და გამოცდილება. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, გავხდი უფრო მიზანდასახული, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში თავდაჯერებული“.

ქალბატონი სიდონია ცენტრის ყველა აქტივობაში ჩართულია, მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და საქმიანობა წამოიწყო:

მე ამ პროექტმა გამომაფხიზლა, დამანახა საკუთარი თავი სხვა კუთხით. პიროვნული განვითარების კურსებს ვესწრებოდი და ყველა საჯარო შეხვედრასაც. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ეს მაიმედებს, ვუყვები მეგობრებს, როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა დაიწყოს ახალი ცხოვრება, აიმაღლოს კვალიფიკაცია, იყოს აქტიური მოქალაქე და ეს ყველაფერი აკეთო სიამოვნებით“.

ვენერა ლიპარტია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკიდანაა. 45 წლის  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩა სოფელში, შვილი ემიგრაციაშია:

სენაკის სათემო განათლების ცენტრში მუნიციპალიტეტის მერიიდან მიმასწავლეს. ბიზნეს-გეგმის  შედგენა მინდოდა, საგრანტო კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, მითხრეს, იქ დაგეხმარებიანო. ცენტრში მისულს არამარტო ბიზნესგეგმის შემუშავება, ჩემთვის სასურველი პროფესიული კურსები შემომთავაზეს და მითხრეს ქალთა კლუბი უნდა ჩამოვაყალიბოთ, იქნებ ჩვენთან მოგეწონოთო. პროექტის პრეზენტაცია მოვისმინე და ვიფიქრე  მომესინჯა, არასოდეს ვყოფილვარ ტრენინგებზე, ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა იყო“.

დღეს სათემო ცენტრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ეს სამი თვე მისთვის  განსაკუთრებულია, ყველაფერი შეიცვალა გარშემო, შეიცვალა თვითონაც:

ახალი ხედვით შევხედე გარემოს, საკუთარ თავს, სოფელში დაბრუნებული მეზობლის ქალებს ვუყვები აქაურ ამბებს, სიცოცხლე დამიბრუნდა, ხალისი დავიბრუნე. ახლა უფრო ბევრ რამეს ვასწრებ, ვსწავლობ კულინარიაზე. ვესწრები სხვადასხვა აქტივობებს, ვურთიერთობ ადამიანებთან, ბევრი გავიგე ჩემი უფლებების, შესაძლებლობის შესახებ“.

ქალბატონმა ვენერამ ასევე მიიღო მცირე გრანტი, გაიარა ტრაქტორის შემსწავლელი კურსი და მიწებს თვითონვე ამუშავებს:

დიახ, ახლა უკვე შემიძლია ჩემი მიწები დავამუშავო. მინდა ყველამ დაინახოს ის პოზიტიური ცვლილებები, რასაც აქ მოსული ადამიანები განიცდიან, სოფელში შევქმენი კოოპერატივი და ჩემს მეგობრებთან ერთად ახლა ვაშენებ მოცვის ბაღს ჩართული ვართ პროგრამაშიდანერგე მომავალი. აქ ყოფნა ზეიმია, ურთიერთობებია, რომელიც გავითარებს“.

თეონა ქუთელიაც სენაკის ახალგაზრდული კლუბის წევრია, რაც ძალიან ახარებს და აბედნიერებს:

მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, მყავს სამი და-ძმა, მე უფროსი ვარ. ჩემს მშობლებს უწევთ მძიმე შრომა, ოჯახის უზრუნველსაყოფად, მოხუცი ბებია და ბაბუაც ჩვენთან ცხოვრობენ.  მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა არ არის ადვილი, ჩემს მშობლებთან ერთად მე ვინაწილებ ამ პასუხისმგებლობას. სანამ ჩემი მშობლები ოჯახის სარჩოზე ზრუნავენ, მე საოჯახო საქმეებს ვაკეთებ: ვალაგებ, სადილს ვამზადებ, ჩემს პატარა და-ძმაზე ზრუნვა მე მეკისრება, მოხუცებზეც“.

მისივე თქმით, საოჯახო საქმეებზე ზრუნვამ სწავლაში ხელი შეუშალა, ჩამორჩა მეგობრებს, აქედან გამომდინარე გაუბედავიც გახდა, თანდათან საკუთარ თავში იკეტებოდა.

სათემო ცენტრში, რომელსაც თემში სიყვარულითსინათლის და ბედნიერების ქოხსეძახიან, დამიბარეს, ჩემი აზრი აინტერესებდათ, რა სახის აქტივობებში ჩაერთვებოდა ჩემნაირი მოზარდი. გაუბედავად გამოვთქვი ჩემი შეხედულებები.

ცოტა ხანში ახალი პროექტის პრეზენტაციაზე დაგვიძახეს და მაშინ ვთქვი, ეს ჩემი შანსია, უნდა ვცადო-მეთქი. სულ სამი თვეა, რაც ახალგაზრდული კლუბის წევრი ვარ. გავიარე ტრენინგების ციკლი, შევიცვალე, აზრსაც გამოვთქვამ თამამად, საქმეებსაც ვასწრებ, სკოლაშიც ხალისით დავდივარ და ვსწავლობ. აქ ყირაზე დგომაც ვისწავლე და არ მრცხვენია, პირიქით ჩემი სითამამე, გაბედულება ფრთებს მასხამს და მაიმედებს.

აქ ვისწავლე გუნდურობა, ლიდერობა, ფიქრი, სიხარული. აქ მე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ, ჩემი აზრი არ არის დასაცინი, შეცდომის უფლებაც მაქვს და არავინ გამკიცხავს“, - გვეუბნება თეონა ქუთელია.

ამ ფონზე, „სენაკის სათემო განათლების ცენტრისდირექტორმა, ნონა ქადარიამ, რძის პროდუქტების მწარმოებელი კოოპერატივიშურობუმუცჩამოაყალიბა. ამისთვის რამდენიმე ადგილობრივმა ფერმერმა სასაქონლო მეურნეობა გააერთიანა. წარმატება ვუსურვოთ ქალბატონ ნონას მორიგ სასიკეთო პროექტს, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები არიან ჩართულები.

კონფუცის ცნობილი გამონათქვამია: მე გავიგონე და დამავიწყდა, დავინახე და დამამახსოვრდა, გავაკეთე და გავიგე. დღეს საქართველოში, როგორც არასდროს, ამ კომპონენტების გონივრული სინთეზის ნაკლებობაა. უწყვეტი განათლება ერთ-ერთი ქმედითი სისტემაა, რომელიც დაინტერესებულ მოქალაქეებს სიახლეების მოსმენა-გაგების, დანახვისა და კეთების საშუალებას აძლევს.

რეალობას თვალებში ჩავხედოთ, საქართველო განვითარებად, ნაკლებშემოსავლიან ქვეყნად რჩება. მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ვერაფრით სცილდება. სწრაფი ცვლილებების პირობებში მოქალაქეებისთვის ახალი ცოდნის, განათლების, უნარ-ჩვევების შეძენა უბრალოდ აუცილებელია. ერთადერთი შეგვიძლია ვუსურვოთ ადამიანებს, რომ ნებისყოფა არ დაეკარგოთ ცხოვრების ახალი, უფრო წარმატებული ფურცლების გადასაშლელად. 

გელა მამულაშვილი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია