სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი თარიღია, ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს და უდიდეს ტკივილს და დანაკარგს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ომში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მამულიშვილები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ქვეყნის სამსხვერპლოზე.
ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის, რომელიც, მიმართული იყო როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა წინააღმდეგ. ამ ომს შეუძლებელია ჰყავდეს გამარჯვებული. ის ტკივილი, რომელიც ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა ძმებმა განვიცადეთ, უკვე მრავალ წელს ითვლის და კვლავ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება.
ამ ჭრილობას მხოლოდ ჩვენი გაერთიანება და მშვიდობიანი თანაცხოვრება მოაშუშებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები – არა მხოლოდ აფხაზეთი, რომელიც დროებით მოწყვეტილი კუთხეა – არამედ აფხაზების სიყვარული, მათთან მეგობრობა, ის კულტურა და ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე გვაერთიანებდა. ჩვენ ერთი მიწა-წყლის შვილები ვართ და შეუძლებელია ხელოვნური ბარიერები და მავთულხლართები გვყოფდეს.
საქართველო მშვიდობიანი მომავლისკენ ესწრაფვის და აფხაზ ძმებსაც სწორედ ამას ვთავაზობთ. ქართველებსა და აფხაზებს არსად წასასვლელი არ გვაქვს, ჩვენ ერთ მიწაზე ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები ერთ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ და ჩვენ ყველამ ერთად ამ ქვეყნის ერთიანი მომავლის მშენებლობაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მხოლოდ ერთიანი ძალით შევძლებთ შევქმნათ უკეთესი ქვეყანა – დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული სახელმწიფო“,- წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.