დღევანდელ გამარჯვებას მივულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას დაუჭირა მან მხარი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამი ტელეკომპანიის მიერ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
კახა კალაძის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სახელმწიფოს არეულობით ემუქრებოდნენ.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ.
დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისს და თბილისელებს დღევანდელი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ეს გამარჯვება მაძლევს ახალ სტიმულს, რომ გაორმაგებული ენერგიით ვიზრუნო და ვიშრომო თბილისის განვითარებისთვის, თბილისელების წინაშე არსებული საკითხების გადაჭრისთვის, მეტი სიცოცხლის შესატანად თბილისის თითოეულ უბანში.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. განსაკუთრებული მადლობა თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
- მადლობა გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ, არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სამი ტელეკომპანიის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
„ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო დედაქალაქი. პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი, თბილისი წააგო და საკრებულო იქნება უკვე, შეგვიძლია, ვთქვათ, ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული.
უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომლპექტებელი. დაინახეთ და ვიხილეთ შედეგები, მერის არჩევნების ნაწილში. აქ გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისის მუნიციპალიტეტში. ახლა მთავარი არის ერთადერთი რამ. მომდევნო ორი საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ. თითოეული ხმა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა მანიპულაციებისა „ქართულ ოცნებას“, ყველგან, არა მხოლოდ თბილისში. არ ვიცით შედეგები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით დამკვირვებელი, წარმომადგენელი და კომისიის წევრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის და მათ სჭირდებათ გამხნევება, მათ სჭირდებათ ახლა გვერდში დგომა და დამატებით კომენტარებს ცოტა ხანში გავაკეთებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.