მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები - ირაკლი ღარიბაშვილი - 08 ოქტომბერი 2021

 

ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ამბავი მოხდა.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა ამის თაობაზე ვილაპარაკო. ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს, არსებობს ბევრი ვერსია და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნების გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დასტურებს, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ძალიან მძიმე ვითარებაა.

რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით ხუთი სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის ორი ადამიანი, ისინი ცოცხლები არიან და ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა ვერ გვიხსნიან სად, რომელ სართულზე არიან, თუმცა ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ ბევრი ადამიანი ავიდეს, 100 და 200 მაშველი ავიდეს ერთდროულად, თუმცა ერთმანეთს ვცვლით, ტექნიკაა ჩართული. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ადგილობრივი ხელისუფლების მერია, მუნიციპალური სამსახურები, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, სწრაფად მუშაობა ვერ გამოდისშეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ ბეტონია თუ რაც არის, ნანგრევები გადმოვალაგოთ, რათა ცოცხალი ვინც არის, ის ადამიანები გამოვიყვანოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ გამოძიება დაადგენს, რომ ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსში ისეთი უკანონო სამუშაოები ხორციელდებოდა, რასაც ნგრევა მოჰყვა, პასუხისმგებლობა უმკაცრესი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ადამიანთა დიდი ჯგუფი არსებობს, ვინც ლოცულობს, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყვეს და არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც სურს, მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ.

ამას წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს. არიან ადამიანები, ვისაც ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვა უხაროდა, რათა შეეძლოთ აქედან პოლიტიკური დივიდენდი მიეღოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია