საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ მან ჟენევაში დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება.
დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასთვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისთვის.
თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული, ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 982 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 620 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 545, „პისიარ“ ტესტით – 20 075.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8%, ბოლო 14 დღის – 7,21%, ბოლო შვიდი დღის – 8,57%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 649 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 607 563 გამოჯანმრთელდა, 9 370 კი გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 895 771 აცრა, დღიურად აცრილია 6 110.
კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 889 პირი.
ამასთან, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 586 პაციენტი, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.