მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ვითარებაში გარდაიცვალა აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში - 30 ოქტომბერი 2021

ბევრმა საქართველო დატოვა, აქაურობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევდნენ“

ufleba.ge

თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი 14 ივლისს სასტუმროსტამბაშიგარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, 12 ივლისს, თანამემამულეთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, ჰუსეინს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა, ამიტომ ბოლო პერიოდში თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვდა.

ასევე დევნილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ინფორმაციით, ბაკიხანოვი აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკის გამო დააკავეს:

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე~, _ დაწერა აფგან მუხთარლიმ `ფეისბუკზე~.

დაღუპულის ახლობელი ავთანდილ მამედოვი წერს, რომ ჰუსეინს მასთან კომუნიკაცია ბოლოს 14 ივლისს ჰქონდა, რა დროსაც თავდამსხმელების აზერბაიჯანის მთავრობასთან კავშირზე უამბო. მისივე თქმით, მოგვიანებით ბლოგერმა სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა. „კვირების განმავლობაში ვურეკავდი, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი, არც ვიცოდი, სად იმყოფებოდა“, _ წერს მამედოვი.

ბაკიხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115- _ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გამოძიების ინფორმაციით, ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმროში დასაქმებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე იყო მისული, სასტუმროს დათვალიერების დროს კი სახურავიდან გადმოხტა, რასაც თვითმხილველები ჰყავს. ამავეს ადასტურებს სასტუმროსტამბისიურისტი.

ჰუსეინ ბაკიხანოვს საქართველოში თავშესაფრის მიღების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციაუფლებები საქართველო“. ბაკიხანოვის საქმესთან დაკავშირებითამ ორგანიზაციის ადვოკატს, რუსუდან მჭედლიშვილს ვესაუბრეთ:

_ ჰუსეინ ბაკიხანოვმა ორგანიზაციას 15 ივნისს მიმართა. მოგვმართა თავშესაფრის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით და კონკრეტულად, ამ პროცედურის გარშემო არსებული სამართლებრივი ასპექტები აინტერესებდა. გაეწია კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან შსს- მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და ითხოვა საქართველოში თავშესაფარი. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ 2021 წლის 15 ივლისს მას უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.

6 ივლისს ეს პირი დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ სურდა მესამე ქვეყანაში გადასვლა. შესაბამისი კონსულტაცია გავუწიეთ. შემდგომი კომუნიკაცია გვქონდა 2021 წლის 14 ივლისს, იმ დღეს, როდესაც ის გარდაიცვალა. გვაცნობა, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, ცემის ფაქტი, და სურდა სამართლებრივი კონსულტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჰუსეინ ბაკიხანოვს არ უთხოვია სამართლებრივი დახმარება, მან მხოლოდ შესაბამისი კონსულტაცია ითხოვა.

უფლებები საქართველოთავშესაფრის მაძიებელთა დახმარებას გაეროს მხარდაჭერილი პროექტით ახორციელებს. სწორედ ჩვენი კონსულტაციის საფუძველზე, ბაკიხანოვმა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა.

_ რა დაემართა სასტუმროსტამბაში“?

_ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ კითხვები გაგვიჩნდა: რადგან ჰუსეინი მოტივირებული ადამიანი იყო, დასაქმებაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაც ეხმარებოდა; რატომ უნდა მოეკლა თავი, როცა მიზნები ჰქონდა, ფიქრობდა, მანამდე მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება მოეხდინა. წინა დღეებში ამაზე ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მიმართა პოლიციასაც და კონსულტაციები ჩვენთანაც ჰქონდა, თუ რა პროცედურები უნდა გაევლო. იმ დღესაც დამატებით კონსულტაციაზე მოსვლას აპირებდა, ამიტომ გაუგებარია ის, რაც მოხდა.

კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. პროცესში დაზარალებულის წარმომადგენლად ჩართვა ვერ შევძელით, რადგან პირი გარდაცვლილია, აზერბაიჯანში ოჯახის წევრებიც ამის სურვილს არ გამოთქვამენ. ეს გვართმევს უფლებას, გამოძიებისგან უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღოთ.

საქმეზე დაკვირვებას ვახორციელებთ. დაიკითხა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ბაკიხანოვს სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა. ოჯახის წევრების სურვილის შემთხვევაში, გავაგრძელებთ გამოძიებისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას.

_ ბოლო დღეს დამატებითი კონსულტაციის სურვილი ახსენეთ, რის გამოც ბლოგერი დაგიკავშირდათ...

_ თუნდაც საერთაშორისო დაცვის საფუძველზე, საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რატომ მოითხოვა დაცვა საქართველოში, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ესეც კონფიდენციალური ინფორმაციაა. კონკრეტული კონსულტაცია მის ვიდეომიმართვას შეეხებოდა. ამბობდა, რომ ეს თავდასხმა აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნის მაგალითი იყო. კონსულტაცია მიიღო, ფაქტზე რა სისხლის სამართლის პროცედურები უნდა ჩაეტარებინა.

_ პოლიციას რომ მიმართა, იყო თუ არა ამაზე რეაგირება?

_ როგორც ვიცი, არანაირი ქმედითი რეაგირება აღნიშნულ მიმართვას არ მოჰყოლია, რის შემდეგაც სასტუმროში ეს ფაქტი ხდება.

_ სასტუმროს იურისტი საუბრობს ბლოგერის ძირითადი ჯგუფისგან ჩამორჩენაზე და შემდგომ გადმოხტომაზე...

_ კონკრეტული ფაქტები არ გვაქვს. საქმის იურისტიც ვეღარ აგრძელებს სამართალწარმოებას, დეტალურად მიყოლას. როგორც აღვნიშნე, მასაც არ ჰქონია მინდობილობა ოჯახის წევრებისგან. ის გვაქვს, რასაც პროკურატურა გვაწვდის ოფიციალური წერილების საფუძველზე.

_ სისხლის სამართლის საქმე დახურულია?

_ როგორ ვიცი, საქმის დახურვა იგეგმებოდა. მიმართვა გაგზავნილი გვაქვს და საბოლოო პასუხს ველოდებით.

_ საერთოდ, პოლიტემიგრანტების მდგომარეობა როგორია?

_ ვიცავთ და სამართლებრივ კონსულტაციებს ვუწევთ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური, ეთნიკური თუ რელიგიური შეხედულებების გამო, წარმოშობის ქვეყანაში იდევნებიან. სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებით პრაქტიკა განსხვავებულია. უმეტეს შემთხვევაში, ჰუმანიტარული თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

საქართველოში ისეთი ქვეყნებიდანაც ბევრი ადამიანია, სადაც არასტაბილური, საომარი ვითარებაა. შესაბამისად, სტატუსის მინიჭების პრაქტიკაც არაერთგვაროვანია. მაგალითად, ერიტრეის ან სირიის შემთხვევა ავიღოთ. მოგეხსენებათ, ასეთ არასტაბილურ ქვეყნებში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ დროს ხშირია, როცა სტატუსი ენიჭებათ. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ უარს ვიღებთ.

რაც შეეხება აზერბაიჯანის შემთხვევას, აქ სტატუსის მინიჭების პრაქტიკა ნაკლებად გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში, ისევ და ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე უარია ნათქვამი ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

_ უარის სათქმელად რამდენად სწორი არგუმენტია?

_ მივიჩნევთ, რომ არასწორი პრაქტიკაა, რადგან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე აპელირება ეფექტურ დაცვაში ხელს გვიშლის. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, უკვე სასამართლოში გვიწევს მტკიცება, რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული კონკრეტული პირის ჯანმრთელობა-სიცოცხლისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მითითებულ არგუმენტებს შორის. პრაქტიკა ისეთია, რომ უსაფრთხოებიდან გარკვეული სახის ინფორმაცია თუ მოვიდა (რომ პირისთვის სტატუსის მინიჭებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ), სახელმწიფო ორგანო ამას ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს და სტატუსს არ ანიჭებს, რაც ძალიან ცუდია.

_ უახლესი სამეზობლოდან თუ უფრო შორიდან ლტოლვილის სტატუსს ბევრი ადამიანი ითხოვს?

_ ადრე იყო დიდი რაოდენობა. აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ ეს მონაცემი შესამჩნევად შემცირდა. ბევრმა საქართველო დატოვა, რადგან აქაურობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევდნენ; ნელ-ნელა გადადიოდნენ სხვა ქვეყნებში, რათა საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

_ ამის გათვალისწინებით, ჩვენს სახელმწიფოს რამდენად შეუძლია სტატუსის მომთხოვნთა ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა?

_ კანონმდებლობით და საერთაშორისო დაცვის სტანდარტით, როდესაც ქვეყანას ასეთი ვალდებულება აქვს (რომ სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლებს მიიღებს), მათ როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, მით უმეტეს _ მათ უსაფრთხოებაზე. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, არათუ უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაც ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. ამიტომ გამიჭირდება თქმა, რომ სახელმწიფო თავშესაფრის ყველა მთხოვნელს შესაბამის დახმარებას უწევს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია