მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის ჰოსპიტალში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ეგრეთ წოდებული ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვლის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს, რომ რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანონ.
„სააკაშვილი კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ეგრეთ წოდებული ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. ასე რომ, არ გამოგივათ. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. კეთილი ინებონ, გადაიყვანონ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.