მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სათემო განათლების ცენტრები - უწყვეტი განათლებისა და განვითარების გზა - 02 ნოემბერი 2021

 

სათემო ორგანიზაცია იმაში დამეხმარა, რომ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი“

ufleba.ge

დღევანდელი გამოწვევები ადამიანებისგან უფრო მეტ განათლებას და კონკურენტუნარიანობას მოითხოვს. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება სპეციალური მომზადება (თუ გადამზადება) დაგჭირდეს, წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. ამისთვის უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარება უბრალოდ გვაიძულებს ახალ ცოდნას, უნარ-ჩვევებს დავეუფლოთ. ამას არ გააკეთებ, „წუთისოფელს თვალს მოუხუჭავ და ისე გაგთელავს...“ გზაც, მოგეხსენებათ, ორნაირი არსებობს, პირველი - მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული მარცხი.

ერთ-ერთი, ვინც უწყვეტი განათლების პროცესზე მუშაობს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელია (გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის დაფინანსებით), რომელიც ქვეყნის შვიდ რეგიონში ათ სათემო ცენტრს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული კოდის (ხელმძღვანელი - მადონა ოქროპირიძე) სათემო განათლების ცენტრია.

„ufleba.ge-რესპონდენტი კოდის სათემო განათლების ცენტრის ერთგული ბენეფიციარი, ჯემალ ბორცვაძეა:

- სამაჩაბლოდან, სოფელ ერედვიდან კოდის დევნილთა დასახლებაში 2008 წელს ჩამოვედით. ჯამში აქ რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან 450 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 2500-მდე ადამიანია. თავიდან საინტერესო არაფერი ხდებოდა, ცხოვრება მონოტონურად მიმდინარეობდა. 2010 წელს კოდის სათემო განათლების ცენტრი დაარსდა. პირველად დევნილი მოსახლეობის ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროექტი განხორციელდა. სწორედ ამ წელს, 16 წლის ასაკში დავიწყე ცენტრთან აქტიური ურთიერთობა; ახალგაზრდულ კლუბში ტრენინგებზე დავდიოდი, პიროვნული განვითარების პროგრამებში ვერთვებოდი და ..

- რა შედეგები მიიღეთ?

- სხვადასხვა კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. ერთ-ერთი ჩვენი სამაჩაბლოელი მოსახლეობის ომისშემდგომი რეაბილიტაცია იყო. მე პირადად ისეთ ასაკში მომიწია დევნილად ყოფნა, რომ სხვადასხვა სირთულე გამოვცადე. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის, მშობლიური გარემოს გამოცვლა, ყოველივე მანამდე არსებულის დაკარგვა და მტკივნეული იარლიყის მოკერება, როცა საითაც გაიხედავდი დევნილი გერქვა. რა დასამალია, იყო ხოლმე განსხვავებული შეხედულებები  ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების მიმართ. ადგილობრივებთან სოფელში ერთ სკოლაში დავდიოდით და მსგავსი პრობლემები იყო წინწამოწეული.

კოდის სათემო განათლების ცენტრი სწორედ ამაში დამეხმარა, რომ უპირველესად საკუთარი თავი შემეცნო. ანუ, ვინ ვიყავი და რა უნარ-ჩვევები მქონდა. ასევე, ბევრი ახალი რამ მესწავლა, კომპეტენციები შემეძინა.

- რა ტიპის ტრენინგები გაიარეთ?

- ჯგუფებში ფსიქოლოგი მუშაობდა, მაგრამ ინდივიდუალური კონსულტაციებიც გვიტარდებოდა, რასაც პირადი საუბრების ფორმა ჰქონდა. ასევე, ახალგაზრდულ კლუბში ტრენინგები გუნდურ მუშაობაზე, კომუნიკაციის ფორმებზე, ლიდერობაზე და .. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებაში გვეხმარებოდა.

მათ შორის იყო ექსკურსიები, ლაშქრობები, სადაც დევნილები კოდაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად ვმონაწილეობდით. ამ გასვლებზეც ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფნა გვიწევდა და უშუალოდ ვხედავდით დადებით მხარეებს, უკეთ გვესმოდა ერთმანეთის, ვიწყებდით მეგობრობას, ინტეგრაციას.

- ახსენეთ, რომ როგორც დევნილებს თავიდან ადგილობრივ სკოლაშიც პრობლემები გექმნებოდათ...

- ახალი ჩამოსული ვიყავით და ამ ასაკში განსხვავებულის მიმღებლობა რთულია. გარემო იყო უცხო, კულტურული სხვაობაც საკმაოდ გვქონდა. სამაჩაბლოელების ქცევები ცოტა გამოირჩეოდა. მართალია, ყველა ქართველები ვართ, მაგრამ მაინც არსებობდა .. კუთხური განსხვავებები.

მე მაგალითად ძალიან განვიცდიდი, რომ ჩემს ტკივილს სხვა სათანადოდ ვერ ითავისებდა, ვერ იზიარებდა. ადგილობრივ კლასელებს რომ ვუყვებოდი, მარტივად უყურებდნენ და არაფრად მიაჩნდათ თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ დევნილებს უკვე აღარაფერი გაგვაჩნდა და ცხოვრებას სულ თავიდან, ხელახლა ვიწყებდით. სამწუხაროდ, იყო ხოლმე ასეთი შემთხვევებიც.

ხანდახან იმ განსხვავებულობასაც ვგრძნობდით, რომ ვიღაცაზე ნაკლები ვიყავით, გვეგონა სხვა თვალით გვიყურებდნენ.  ასე ხდება ხოლმე, მაგრამ იმ ასაკში ცოტა რთულად გადასატანი იყო.

- რამდენად მალე გამოიღო ინტეგრაციულმა პროცესმა ნაყოფი?

- ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობა (მათ შორის, ასაკოვანნიც) სათემო განათლების ცენტრის აქტივობებში იყო ჩართული. ცენტრის ძირითადი საქმიანობაც უფრო ზრდასრულ მოსახლეობაზე იყო გათვლილი. მოსახლეობა ნელ-ნელა ერთმანეთთან დაახლოვდა, შერეული ოჯახები გაჩნდა. ასე დავნათესავდით, დავმეგობრდით და დღეს საერთოდ აღარ ვფიქრობთ, რომ ერთმანეთისგან რამით განსხვავებულები ვართ. სადღეისოდ ერთი სოფლის მკვიდრნი ვართ და ოდესღაც მსგავსი პრობლემების არსებობაზე არც კი გაიფიქრებს არავინ.

- აღნიშნეთ, რომ თავიდანვე ტრენინგებზე ახალი უნარ-ჩვევები, თვისებები შეიძინეთ, რეალურ ცხოვრებაში კონკრეტულად რა გამოგადგათ?

- ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოვარჩევდი და ეს არის თვითდარწმუნების, თვითშეფასების უნარი, რადგან იმ ასაკში რატომღაც არ მეგონა, რომ ოდესღაც რაიმე გამომივიდოდა. ანუ რამეს შევქმნიდი ჩემი ხელით, რამე ღირებულს მივაღწევდი. ეს სათემო ორგანიზაცია ზუსტად იმაში დამეხმარა, რომ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი. ამან ის განაპირობა, რომ წარმატებასაც მივაღწიე. ბევრი რამ გავაკეთე თუნდაც ჩემივე დევნილი მოსახლეობისთვის. აქვე კოდის სათემო განათლების ცენტრშიც დავსაქმდი. ჩემს მოსახლეობას ვემსახურებოდი, დევნილებს, ვისაც თითქმის იგივე გზის გავლა უწევდა, რაც თავის დროზე მე გავიარე. მაქსიმალურად ვცდილობდი მოსახლეობის საჭიროებები დამეკმაყოფილებინა დასახლებაში.

საერთოდ, ძალიან დიდ ოცნებად და სირთულედ მიმაჩნდა, რომ მაგალითად სტუდენტი გავხდებოდი. სტუდენტიც გავხდი და იურისტიც, სამართლის სპეციალობაზე ვისწავლე ექვსი წლის განმავლობაში. მათ შორის, საზღვარგარეთ რამდენიმე პროექტში მონაწილეობა მივიღე. ასევე, სათემო ორგანიზაციიდან წავედი და ლიეტუვას რესპუბლიკაში მთელი წელიწადი ვიმუშავე ახალგაზრდებთან გაცვლითი პროგრამით. შემდეგ ეს დაგროვილი გამოცდილება საქართველოში ჩამოვიტანე და კოდის სათემო განათლების ცენტრს მოვახმარე ახალგაზრდებთან მუშაობის მიმართულებით.

იყო სხვა გამარჯვებაც. მათ შორის კიდევ იმას გამოვარჩევ, რომ დევნილი მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩავატარე. შედეგად ჩავატარეთ ადვოკატირების კამპანია. ანუ დევნილთა დასახლებაში რა პრობლემებიც არსებობდა, მათი ცივილიზებული გზებით გადაჭრა შევძელით, შესაბამის უწყებებთან და დაწესებულებებთან, სამინისტროებთან და ადგილობრივ უწყებებთან თანამშრომლობის გზით.

მას შემდეგ, უკვე 2016 წლიდან დევნილი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობა დავიწყე ჯერ იურისტად, შემდგომ შიდა აუდიტის სამსახურში გადავედი. დღესაც მშობლიურ მუნიციპალიტეტში ვაგრძელებ საქმიანობას და ისევ და ისევ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს ვემსახურები.

გელა მამულაშვილი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია