მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
WHO/ევროპა: COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით წელიწადზე ნაკლებ დროში ნახევარ მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა - 26 ნოემბერი 2021

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის 470,000 ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.

აღსანიშნავია რომ ეს ციფრი არ მოიცავს 60 წელზე ნაკლები ასაკის პირების რაოდენობას და არც ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილი ადამიანების რიცხვს.

„COVID-19-მა ჩვენს რეგიონში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების, როგორც პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი საშუალების გარეშე კიდევ მეტ ადამიანს დავკარგავდით,“ - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევაა და ეს კვლევა აჩვენებს, რომ ვაქცინა ასრულებს დანაპირებს - იცავს ადამიანის სიცოცხლეს მძიმე დაავადების და სიკვდილისგან. ვაქცინების გარეშე ზოგ ქვეყანაში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო მაღალი იქნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია ევროპის რეგიონის წევრმა ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ რაც შეძლება მეტი ადამიანის აცრა, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ჯგუფებში. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ადამიანებს, ვინ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას და რაც შეიძლება მალე უნდა დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები. ამასთანავე, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გატარდეს პრევენციული ზომები, რათა გადაცემა იყოს დაბალი, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება შეუფერხებლად წარიმართოს,“ - ამბობს კლუგე.

2019 წლის დეკემბრიდან ევროპის რეგიონის ქვეყნებში SARS-CoV-2-ით 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 90.2% 60 წლის და მეტი ასაკის იყო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი წარმოების და ადმინისტრირების წყალობით შესაძლებელი გახდა მილიონობით მოწყვლადი ადამიანის დაცვა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან. თუმცა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვაქცინების გამოყენების ტემპი არათანაბარია.

მეთოდოლოგია

ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე კვლევის ავტორებმა (WHO/ევროპა და ECDC) გამოთვალეს იმ 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ ვაქცინის გარეშე. ამის შემდეგ გამოთვალეს COVID-19-ის ვაქცინაციით გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა, როგორც სხვაობა ამ სავარაუდო რაოდენობასა და 2020 დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით აღრიცხულ სიკვდილის რაოდენობას შორის, 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებში.

ამ შეფასების მიხედვით, COVID-19 ვაქცინაციის წყალობით ამ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა 33 ქვეყანაში - სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა. რამდენიმე ქვეყანაში, სადაც უფრო დეტალური მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, გადარჩენილ ადამიანებს შორის უმეტესობა 80 წლის და ზემო ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება (261,421 ადამიანი).

კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში 20-დან 100 პროცენტამდე მერყეობს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების სრული დოზით აცრილი 60 და მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობა. აქ ასევე ნაჩვენებია, რომ უფრო მეტი ადამიანი გადარჩა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია ადრეულად დაიწყო და მისი გამოყენება სამიზნე ჯგუფებში მაღალი იყო.

სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ნაკლებად ეფექტური იყო, ვინაიდან ვაქცინაცია ან ნელა წარიმართა, ან მიმდინარეობდა არაეფექტური ფარმაცევტული ინტერვენციების პარალელურად.

ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი ამბობს: „ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპს შედეგად მოჰყვება ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდებთ გააუმჯობესონ იმუნიზაციის ტემპი, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად და დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში.“

ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია COVID-19 ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ და აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ დაცვა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ქვე-ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია უფრო დაბალია, ვიდრე ეს სასურველია. ასაკოვანი მოსახლეობის ვაქცინაცია გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს, რათა შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს.“

ვაქცინაცია აუცილებელია სხვა პრევენციულ ზომებთან ერთად

ვაქცინაცია ერთ-ერთია იმ პრევენციულ საშუალებებს შორის, რომელიც პანდემიის შეჩერებისთვისაა საჭირო, თუმცა ის, ცალკე აღებული, ვერ დაასრულებს ჯანდაცვის სექტორის ამ კრიზისს.

ვირუსის გადაცემის შეზღუდვისთვის საჭიროა სხვა ზომების მიღებაც. ეს საჭიროა, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საზოგადოებრივი ცხოვრება, შემცირდეს ზეწოლა ისედაც უკვე გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე და რაც მთავარია, ჯანდაცვის მუშაკებზე, რომელთაც ხშირად 18 საათზე მეტის მუშაობა უწევთ პანდემიასთან საბრძოლველად.

უპირველეს ყოვლისა - აიცერით. ვაქცინაცია ყველა ასაკობრივი ჯგუფის სიცოცხლეს იცავს,“ - ამბობს ჰანს კლუგე. „ჩვენ ვიცით რომ ვირუსი ვრცელდება დახურულ, ხალხმრავალ და შეზღუდულ ადგილებში. ამიტომაც, აუცილებელია ზომების დაცვა, რადგან შევამციროთ გადაცემა, განსაკუთრებით ახლა, როცა ზამთრის დადგომასთან ერთად უფრო მეტ დროს ვატარებთ შიდა სივრცეებში.“

დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში ატარეთ პირბადე; დაცემინებისა თუ ხველების დროს დაიფარეთ პირი; სხვა ადამიანებთან დაიცავით ფიზიკური დისტანცია და რეგულარულად დაიბანეთ ხელები. ასევე აუცილებელია კარგი ვენტილაცია, ამიტომ, თუ უსაფრთხოა, გამოაღეთ ფანჯრები და კარი და შემოუშვით სუფთა ჰაერი. აუცილებელია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ამ ზომების დაცვას და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი და სხვების დასაცავად, მაშინაც კი, როცა სრულად ვართ ვაქცინირებული, ვინაიდან ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრავს ვირუსის გადაცემას.“

ამ ქმედებების ჩვეულებად ქცევით ყველა ერთად შევძლებთ შევაჩეროთ ინფექცია და ვირუსის გავრცელება. როგორც ავტომანქანაში ჩაჯდომისას ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს, ისევე უნდა ვიფიქროთ ხელების დაბანაზე, პირბადეს ტარებაზე ან დისტანციის დაცვაზე, რათა დავიცვათ თავი ინფექციისგან.“

სანამ პანდემია დასრულდება, ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ეფექტური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომების დაცვა, მაგალითად, უფასო ტესტირება, კონტაქტების მოძიება გადაცემის ჯაჭვის შესამცირებლად, ასევე დაუყოვნებლივ კომუნიკაცია პრიორიტეტული ჯგუფების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია სრული ვაქცინაცია.

კვლევის ფარგლებში გაკეთდა 33 ქვეყნის მონაცემთა ანალიზი: ისლანდია, ისრაელი, ნორვეგია, მალტა, ესპანეთი, ფინეთი, ირლანდია, ინგლისი, კვიპროსი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, შვედეთი, უნგრეთი, ლიტვა, შვეიცარია, ესტონეთი, ჩრდილო მაკედონია, მონტენეგრო, სლოვენია, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატია, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკია, მოლდოვა, უკრაინა, შოტლანდია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია