კოვიდავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის სამკურნალო ხუთი მედიკამენტი დაასახელა და აღნიშნა, რომ აქედან ოთხი ეფექტურია მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაში, ერთი კი მოგვიანებითაც.
„კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და პასუხს ვაგებ მკურნალობასა და ავადმყოფების გადარჩენაზე. ჩვენ სათანადო რეაგირება მოვახდინეთ ამაზე, საერთაშორისო სტანდარტებით ხდებოდა მკურნალობა, მაგრამ გავაძლიერეთ ეს პოტენციალი, შემოვიტანეთ ხუთი უახლესი მედიკამენტი. ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაბამისად, გარდაცვალებას. მაგრამ სამწუხაროდ, 5 ახალი მედიკამენტიდან 4 მედიკამენტი ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 8-10 დღეში, ვიდრე ვირუსი მრავლდება, შემდეგ ეს მედიკამენტები ეფექტური არ არის. ჯერჯერობით ჩვენ შემოვიტანეთ 5 მედიკამენტი, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“, „ტოცილიზუმაბი“ და მონოკლონური ანტისხეულების ორი სხვადასხვა სახეობა. ერთ ფორმას ვიყენებთ ამბულატორიულ ავადმყოფებში, ბინაზე დარჩენილებში, მეორე ფორმას – კლინიკაში. ამ მედიკამენტებიდან სამი არის ანტივირუსული მოქმედების და მხოლოდ პირველი რვა დღე მოქმედებს, ერთი არის შერეული მოქმედების, რომელიც მოქმედებს როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე ანთების საწინააღმდეგოდ. ის შეიძლება, დასაწყისში და მოგვიანებითაც გამოიყენო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობაზე და მას „გადარჩენის მედიკამენტი“ უწოდა.
მისივე თქმით, ზემოთ დასახელებული ხუთი მედიკამენტიდან სწორედ „ტოცილიზუმაბი“ არის ის ერთი მედიკამენტი, რომელიც ვირუსის დროს დაგვიანებულ სტადიაზეც გამოიყენება და შედეგს იძლევა.
"ტოცილიზუმაბი“ ჩვენ პირველებმა ვიხმარეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. მაშინ ჩვენ ყველა გვაბულინგებდა და ახლა მთელი მსოფლიო ამას იყენებს. ეს არის გადარჩენის მედიკამენტი, ეს არის ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც დაგვიანებულ სტადიაზე გამოიყენება. შესარჩევია მხოლოდ პაციენტის მდგომარეობა და კლინიკური ჩვენება. ეს არის სუპერდეფიციტური მედიკამენტი, რომლით მკურნალობის ერთი კურსი ჯდება 700-დან 1 200 დოლარამდე. ხუთი მედიკამენტიდან სამი სულ ახალია, ერთი თვეა, რაც შემოვიტანეთ. ჩემი კლინიკის სახელით ვილაპარაკებ, რომ მას შემდეგ, რაც ეს მედიკამენტები შემოვიტანეთ, რაც ჩვენ მკურნალობის ამ ულტრათანამედროვე სტანდარტებზე გადავედით, ბოლო ერთი თვე, თვე-ნახევრის განმავლობაში ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან შემოვიდა დაავადების დაწყებიდან პირველ რვა დღეში, არც ერთის მდგომარეობა არ დამძიმებულა, არ დასჭირვებია ინტუპაცია და არ გარდაცვლილა. ისინი განიკურნენ თერაპიულ განყოფილებაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის ინფორმაციით, დაახლოებით ორ თვეში ბაზარზე გამოჩნდება კიდევ ორი ახალი მედიკამენტი, რომლებიც წინასწარი კლინიკური მონაცემებით, ინფიცირებულებში დაავადების დამძიმების რისკებს შეამცირებს.
„როგორმე გავძლოთ ეს ერთი-ორი თვე, მაქსიმუმ ორ თვეში ბაზარზე გამოვა ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული ორი უახლესი მედიკამენტი, ტაბლეტირებული სახით. წინასწარი კლინიკური მონაცემებით, დიაგნოზის დასმისთანავე მედიკამენტებს მისცემენ ყველა ავადმყოფს, რომლებსაც დამძიმების რისკები ექნებათ. ამ მედიკამენტებიდან ერთ-ერთი ამცირებს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას, საავადმყოფოში მოხვედრის რისკს და სიკვდილობას 50 პროცენტით. ხოლო მეორე მედიკამენტი ამ მაჩვენებელს ამცირებს 90%-ით. ფაქტობრივად, კოვიდპანდემია შესაძლოა, იყოს დაძლეული ვაქცინით და ამ ორი ახალი მედიკამენტით. რაც მთავარია, ეს ორი ახალი მედიკამენტი აბსოლუტურად ერთნაირად იმოქმედებს „დელტა“ შტამზეც და ახალ სამხრეთ აფრიკულ შტამ „ომიკრონზე“. „ომიკრონის“ შემთხვევაში, მუტაციიდან გამომდინარე არის მოლოდინი, მოსახლეობა დაძაბული უყურებს ექსპერტების დასკვნას, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ვერ დაიცვას, ან არასაკმარისად დაიცვას ახალი შტამისგან, რადგან ვაქცინა დამიზნებულია სწორედ იმ სტრუქტურებზე, სადაც ახალმა შტამმა მუტაცია განიცადა. ხოლო მედიკამენტები, რომლებიც ახლა გამოვა და ისიც, რომელსაც ჩვენ უკვე ვიყენებთ, მოქმედებენ ვირუსის სულ სხვა სტრუქტურებზე, ვირუსის გამრავლების სულ სხვა რგოლებზე და მათთვის სულ ერთია, რომელი შტამი იქნება, „დელტა“ თუ სამხრეთ აფრიკული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, აქვთ გარანტიები, რომ საქართველო იქნება პირველ ათ ქვეყანას შორის, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს.
„როცა გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტებზე მუშაობა დაიწყეს, ჩვენ მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამ კომპანიებთან, რათა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ამ მედიკამენტებს მიაწოდებენ. გვაქვს გარანტიები, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში პირველ ათ ქვეყანას შორის, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, ხუთი მედიკამენტი, რომელიც საქართველოში უკვე გამოიყენება, იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამზე, ცერცვაძემ განაცხადა, რომ სამი გარანტირებულად იმოქმედებს, ორის შემთხვევაში კი ჯერ არ იციან.
„აქედან ყველა არ იმოქმედებს. დღეს ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებიდან იმოქმედებს „რემდესივირი“, მუშაობს ვირუსის გამრავლების ისეთ რგოლზე, რომელიც ახალ შტამში შეცვლილი არ არის. ასევე იმოქმედებს „ბარიციტინიბი“ და „ტოცილიზუმაბი“, რომლებიც არ არიან დამოკიდებული იმ მუტაციებზე, რაც ახალ შტამში მოხდა. ხუთიდან სამი გარანტირებულად იმოქმედებს, ორზე ჯერ არ ვიცით. შესაძლოა, იმანაც იმოქმედოს. გააჩნია, მუტაცია ზუსტად იმ უბანშია თუ არა, სადაც ამან უნდა იმოქმედოს. ჯერჯერობით ეს არ ვიცით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა საკითხზე, მედიკამენტების პარალელურად, რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს მსოფლიოში მოქმედი ვაქცინები. მისი თქმით, ამაზე ჯერ ზუსტი ცნობა არ არის.
„ბუსტერს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუ მუტაცია მოხდა იმ უბანში, რომლის წინააღმდეგაც მოქმედი ვაქცინები არის მოწოდებული, მაშინ ვაქცინამ შეიძლება, არ იმოქმედოს ან ნაკლებად იმოქმედოს, ბუსტერს არ აქვს მნიშვნელობა. ბუსტერი უბრალოდ აძლიერებს იმუნიტეტს. მე არ ვამბობ, რომ ვაქცინები არ იმოქმედებს, ჯერ არ არის ცნობილი, შესაძლოა, იმოქმედოს, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს, რომ ეს მუტაცია ზუსტად იმ წერტილშია, იმ გენებშია, რომელზეც ეს ვაქცინები მოქმედებს. პოტენციურად შესაძლოა, რომ არ იმოქმედოს, ან ნაკლებად იმოქმედოს სწორედ იმ ვაქცინებმა, რომლებიც ყველაზე უკეთესი და პოპულარულია – „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და ა.შ. სწორედ ამ ვაქცინებს აქვთ იმის რისკი, რომ შესაძლოა, ახალ შტამზე ვერ იმოქმედონ, ამიტომ „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, რომ მათ უკვე დაიწყეს მუშაობა ვაქცინის მოდიფიკაციაზე, რომელიც მორგებული იქნება ახალ შტამზე. ოფიციალური განცხადება გააკეთა ბურლამ, „ფაიზერის“ პირველმა პირმა, რომ 100 დღეში მათ ექნებათ „ფაიზერის“ ახალი ვარიანტი, რომელიც სპეციალურად ამ შტამზე იქნება მორგებული“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თხოვნით მიმართა მოსახლეობას, ძალიან ყურადღებით იყვნენ და დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე, ან ოჯახის ექიმის რეკომენდაციისთანავე მიმართონ კლინიკას.
„ძალიან ბევრი ავადმყოფი მოგვმართავს დაგვიანებით, მათ ოჯახის ექიმი ეუბნება, რომ შენ დასაწვენი ხარ, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. არ სჯერათ, იცდიან, იქნებ, უკეთ გავხდეო. ამასობაში ისინი მძიმდებიან და შემოდიან უკვე ისეთი მდგომარეობით, რომ პირდაპირ რეანიმაციაში გვიხდება მათი წაყვანა. ეს განსაკუთრებით ეხება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს. უდიდესი თხოვნით მივმართავ მოსახლეობას, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ და დაავადების დამძიმების პირველივე ნიშნებისთანავე, ან ოჯახის ექიმის პირველივე რეკომენდაციისთანავე მიმართონ კლინიკას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.