მოგიწოდებთ, აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტში განაცხადა და მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, კორონავირუსის სახით მტერთან საბრძოლველად ერთიანობაა საჭირო.
„ჩვენ ახლა ვთქვით, რომ ჯანდაცვაში 4 500 საწოლი იყო მობილიზებული და ახლა 9 100 საწოლი გვაქვს მობილიზებული. დიდი შრომა, გარჯაა ამაში და ყველას დიდი მადლობა. განსაკუთრებით კერძო სექტორს და ხელისუფალს. სრულად არის სახელმწიფო სტრუქტურები მომზადებული ინფრასტრუქტურითაც, ამცრელი ბრიგადებითაც, ასაცრელი მასალითაც, წახალისების ყველა ფორმით, სატელევიზიო მოწოდებით, ჟურნალისტების აქტიური ჩართულობით, პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით, გაბრაზებით, დაყვავებითა, ყველაფრით მზად არის. მერწმუნეთ, თუ არ ავიცრებით, არც ეს 9 100 საწოლი გვეყოფა. თუ არ ავიცრებით, გონს თუ არ მოვეგებით, საკუთარ სახლებში საწოლები არ გვეყოფა. თუ მასწავლებლებმა შეძლეს მაჩვენებლის ცხრა პროცენტიდან 70 პროცენტზე აყვანა, რა გვიჭირს დანარჩენებს, რომ იგივე გზა გავიაროთ, რათა მართლები ვიყოთ ჩვენს თავთან, მართლები ვიყოთ გარესამყაროსთან, მართლები ვიყოთ შვილების თაობასთან.
იქნებ, დალხინებისათვის გამოვიყენოთ ეს ფული, იქნებ, სხვა კეთილი საქმეებისათვის გამოვიყენოთ. მოგიწოდებთ გონიერებისაკენ. ვინც არ უნდა გაილანძღოს ახლა ამის შემდეგ და რანაირი სიტყვებიც არ უნდა დაწეროთ, მზადა ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი სიტყვა, მოვისმინო ყველა კურთხევა კარგ საქმეზე, მაგრამ ასევე მოვისმინო თქვენი წყევლაც. მე ის არაფერს არ მავნებს. არც ერთი თქვენი წყევლა ჩემზე არ იმოქმედებს. მოგიწოდებთ, აიცერით, თორემ გადარჩენა გაგვიჭირდება. აიცერით, თორემ ხარჯს ვერ აუვალთ. აიცერით, თორემ საწოლები არ გვეყოფა, აიცერით, თორემ მთელი პარლამენტის სხდომები დათმობილი ექნება ერთმანეთთან კინკლაობას და საქმე ბოლომდე წარმატებული არ იქნება.
დარწმუნებული ვარ, გონიერი მოსახლეობის პრაგმატულ გადაწყვეტილებაში. ჩვენ ახლა ხელისუფალი და მოსახლე ვართ ერთი, ერთი მთლიანი. მტერი გვყავს ერთი ეს არის ვირუსი. ვირუსის მხარეს ნუ დადგებით, დადექით გონიერების მხარეს, სიკეთის მხარეს, დადექით გადარჩენის მხარეს, გამრავლების მხარეს. დადექით სიქველისა და თქვენი საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის მხარეს ჩვენს ქვეყანასთან ერთად“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო შვიდი დღის – 8,53%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 853 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 796 453 გამოჯანმრთელდა, 12 191 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 197 838 აცრა, დღიურად აცრილია 11 099.
კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 144 პირი.
ამასთან, პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი, გარდაიცვალა 65, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.