ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც უნდა ძლიერი იყოს ეჭვი, საჭიროა, რომ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრს დაელოდონ.
„ბევრჯერ მითქვამს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაზე სრული წვდომა ჩვენ არ გვქონდა. სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას. ამას „ქართული ოცნების“ სპიკერებმა მიაბეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები. სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. ამის შემდეგ კონსილიუმებსაც არ ჰქონიათ თავისუფალი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან. სამთავრობო კონსილიუმი სულ რამდენჯერმე შეხვდა გორის ჰოსპიტალში გადმოყვანამდე. ამიტომ დაცვის მხარეს სრულად რომ გამოეკვლია სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა, დანიშნულება არ გვქონდა.
ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით და როცა ვისმენთ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ამის საჭიროება არ იყო, ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება და მისი უნარების შეზღუდვა, რათა ვერ შეძლებოდა სასამართლოზე წარდგენა. ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო შორს მიმავალი გეგმები არსებობდა.
მედიკამენტი, რომელსაც გლდანსა და რუსთავში იღებდა, მარიამ ჯიშკარიანთან შეთანხმებული მედიკამენტი ფიზიკურად ვერ იქნებოდა. იმ პრეპარატის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, დაიწყო რუსთავში. რუსთავსა და გლდანში ყოფნის პერიოდში მარიამ ჯიშკარიანის ექსპერტთა ჯგუფი შექმნილი, შესული არ იყო. იმ პრეპარატის მიღება, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩემი ინფორმაციით, დაიწყო რუსთავში. შესაბამისად, იქ ჯიშკარიანი ვერაფერ შუაში ვერ იქნება. ცხადია, ეჭვები გვიჩნდება, თუმცა ყველაფერს სჭირდება საფუძველი. რაც არ უნდა ძლიერი ეჭვები იყოს, ახლა უნდა დაველოდოთ სპეციალისტების აზრს. თუ გვექნება საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, ამას გავაკეთებთ. თუ იქნება იქ ადამიანის უფლებების დარღვევა, ცხადია, გამოვიყენებთ სტრასბურგში. თუ კონსილიუმის დასკვნები და სამედიცინო მოსაზრებები ამას დაადგენს, იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოსთვის ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოში.
ჩვენ გვაქვს მხოლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. რუსთავისა და გლდანის ციხეებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელსაც ერთი თვეა, ვითხოვთ, არ მიგვიღია. დღესაც ვაპირებთ, მოვითხოვოთ იგივე დოკუმენტები. მე არ ვიცი, რას აწერდა ხელს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი არ გახლავთ ექიმი და მისი ან ადვოკატების დადანაშაულება, რატომ იღებდა იმაზე დიდი დოზის პრეპარატს, ვიდრე მას სჭირდება, არ არის სწორი. ბუნებრივია, ის ვერ განსაზღვრავდა მისთვის აუცილებელი მედიკამენტის დოზას. ჩემთვის როგორც ცნობილია, ეს პრეპარატი დაინიშნა რუსთავის ციხეში. ამ მედიკამენტს უკვე აღარ იღებს იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც ჰქონდა მიღებული. ეს მის მდგომარეობაზე აისახა, უფრო ადვილია კომუნიკაციაში, სხარტი გახდა, თუმცა ფიზიკურად უფრო სუსტადაა. წონაში არის დაკლებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, დოზა შეუმცირდა ბევრჯერ“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას 9 დეკემბრისთვის ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და დაცვის სტრატეგია მიმოიხილეს.
„9 დეკემბრის პროცესისთვის გავიარეთ სამართლებრივი საკითხები. მიმოვიხილეთ დაცვის სტრატეგია. ვნახოთ, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის. ეს არის არა სასამართლო პროცესი, არამედ პრეზიდენტის კომუნიკაციის საშუალება ხალხთან. მას სურს, ესაუბროს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.
- ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე, გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.
ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე – ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.
მე მინდა, ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა, გადამიყვანეთ. მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.
უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.