მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას - მიხეილ სააკაშვილი - 08 დეკემბერი 2021

დეპარტამენტმა, იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.

სააკაშვილის თქმით, ამის შესახებ მას მე-18 დაწესებულების თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შეწყვეტს პროტესტს, ვიდრე არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებები, არ გააუქმებენ .. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.

დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. დაახლოებით 6 საათში ამ განცხადებიდან, ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომელშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგო სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას, დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით 4 საათი აცდევინებდნენ ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ კი არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ .. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განმარტა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა ყველა კონსილიუმის მიღებაზე, გარდა ალტერნატიულისა.

მან უარი თქვა კონსილიუმის მიღებაზე და ყველა მკურნალობაზე. ყველა კონსილიუმზე უარი თქვა ალტერნატიულის გარდა. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა, გამოიწვიოს ვერნიკეს დაავადების გაუარესება. ვთხოვ იურიდიულ დეპარტამენტსაც, მიიღოს შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლება-მოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია