კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინის სამდოზიან კურსს კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ განეიტრალების შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინის ორი დოზით აცრის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს შედარებით დაბალი გამანეიტრალებელი შესაძლებლობა აქვთ ახალი შტამის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც სამი დოზით აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულბის დაცვის უნარი 25-ჯერ იზრდება.
კომპანიებში აცხადებენ, რომ ვაქცინის სამდოზიან კურსს ახალი შტამის მიმართ დაცვის ისეთივე შესაძლებლობა აქვს, როგორიც ორდოზიან კურსს კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ. ამასთან, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კორონავირუსის ახალი შტამის გართულებებისგან მაინც იქნებიან დაცულები.
საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 875 806 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 817 963 გამოჯანმრთელდა, 12 519 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 264 582 აცრა, დღიურად აცრილია 11 943.
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 371 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 189 პირი.
ამასთან, 7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 042 პაციენტი, გარდაიცვალა 59, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.