მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები დაამტკიცეს - 17 დეკემბერი 2021

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ევროპის წამლის სააგენტომ, პრეპარატები – „ქსევუდი“, „კინერეტი“ და კოვიდ-19-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ მიერ შექმნილი აბები გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა.

ევროკავშირის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მონოკლონური ანტისხეულების მედიკამენტი „ქსევუდი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის და ამერიკული ფირმა Vir Biotechnology-ის მიერ არის შექმნილი, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში.

სააგენტოს მიხედვით, მედიკამენტი „კინერეტი“, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარების თავიდან არიდებაში ეხმარება.

მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ გადაუდებელი მოხმარებისთვის ასევე „ფაიზერის“ მიერ „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ შექმნილი აბებიც დაამტკიცა. სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ფაიზერის“ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია კორონავირუსული ინფექციის მქონე მოზრდილთა სამკურნალოდ, რომლებსაც არ სჭირდებათ ჟანგბადის დამატებით მიწოდება და დაავადების პროგრესირების რისკის წინაშე არიან.

სააგენტოს მიერ ავტორიზებული მედიკამენტები მოხმარებისთვის საბოლოოდ ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. სულ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, კორონავირუსის სამკურნალოდ ექვსი მედიკამენტია ავტორიზებული.

ასევე, ევროკავშირმა „ბიონტექსა“ და „ფაიზერს“ კორონავირუსის ახალ „ომიკრონის“ შტამზე ადაპტირებული ვაქცინის დიდი პარტია შეუკვეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ჩვენი კონტრაქტები ითვალისწინებს, რომ კომპანიები 100 დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ შეიმუშავებენ ადაპტირებულ ვაქცინებს. წევრი-ქვეყნები შეთანხმდნენ ადაპტირებული ვაქცინების 180 მილიონი დოზის პირველი ტრანშის გაშვებაზე, ჩვენი, რიგით მესამე კონტრაქტის მიხედვით, BioNTech/Pfizer-თან“, – განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, გერმანულ კომპანიასთან და ამერიკულ კონცერნთან დადებული კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.

„ვიცით, რომ „ომიკრონი“ ჩვენთვის რეალური საფრთხეა“, – განაცხადა მან.

ევროპული კომისიის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება და აგრეთვე არის საშიშროება, რომ „ომიკრონმა“ ნაწილობრივ გადალახოს აქამდე არსებული ვაქცინების დაცვის მექანიზმი.

საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 937 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 881, „პისიარ“-ტესტით – 18 056.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,21%, ბოლო 14 დღის – 7,26%, ბოლო შვიდი დღის – 6,76%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 904 181 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 852 560 გამოჯანმრთელდა, 12 971 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 361 557 აცრა, დღიურად აცრილია 10 505.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 798 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 107 პირი.

ამასთან, 16 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 215 პაციენტი, გარდაიცვალა 39, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია