ვირუსის შემთხვევების რაოდენობა რომ არ გაიზარდოს და „ომიკრონმა“ ეპიდსიტუაცია არ გააუარესოს, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია აცრების რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდაა. ასევე მთავარია, აქტიური ბუსტერიზაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება. როგორც გამყრელიძე ამბობს, საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ.
„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც ორჯერ არის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდეს.
„ალბათ იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის შემთხვევები დაფიქსირდა, ეს ფაქტი მცირედით დასტაბილურებულ ეპიდსიტუაციას მალევე არ შეცვლის.
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ სტაბილური ეპიდვითარება დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული.
„ამ შტამთან დაკავშირებით საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი აღინიშნა. 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტად ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი, ასევე, ბავშვებს. ჯერჯერობით „ომიკრონის“ რა შემთხვევებიც არის გამოვლენილი, დღევანდელი მონაცემებით უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობაა, მაგრამ მომავალში როგორ განვითარდება, ჯერ კიდევ რთულად პროგნოზირებადია. მოგეხსენებათ, ჩვენთან ეპიდსიტუაცია ბოლო სამი კვირის განმავლობაში ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ანუ ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი უმჯობესდება, მათ შორის სიკვდილობის მაჩვენებელი. სტაბილიზაციისკენ სვლის დინამიკა გრძელდება.
„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, შემთხვევების ძირითადი ნაწილი ამბულატორიული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ მსოფლიოს კიდევ 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.