მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს - 27 დეკემბერი 2021

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ინიცირებული კანონპროექტი ძირს უთხრის ამ ინსტიტუციას, ამავდროულად, წარმოადგენს ღია გზავნილს დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის დაისჯებიან.

საქართველოს პარლამენტშიქართული იცნებისშვიდი დეპუტატის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნინშული კანონპროექტი გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს, უმრავლესობის მხრიდან წარმოადგენს ღია გზავნილს ყველა მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. ასევე, საგანგაშოა ის, რომ ახალი წლის წინა კვირაში ეს ინიციატივა მომზადდა ყველასგან ფარულად. თავად ისნპექტორიც კი ჩართული არ ყოფილა, არანაირი კონსულტაცია მასთან არ ყოფილა გავლილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ინიციატორები ითხოვენ ამ ძალიან სქელი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე დარტყმის განხორციელება და დაუშვებელია დაჩქარებული წესით განხილვა, ეს იქნება ჩვენი პოზიცია ბიუროს სხდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობისწევრის თინა ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და კანონპროექტის ინიცირება სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ აღნიშნული გამოძიება შეჩერდეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამინური მოპყრობის ფაქტზე, ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის გზავნილი პირადად ლონდა თოლორაიას მიმართ, რომელიც ახლა იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში და თავად განაცხადა, რომ ეს კონკრეტული მომენტი ანგარიშსწორებისთვის შეირჩა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან პირადად ლონდა თოლორაიამ გაბედა, რომ არ ყოფილიყო მონურ მორჩილებაში და არჩია პროფესიონალური კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, რადგან მან გაბედა, ეთქვა სიმართლე. ჩვენ ვითხოვთ, დაუყონებლივ შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მოხდეს სახელმწიფო ინსფექტორის ჩართვა ამ პროცესში, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების. აღნიშნული რესტრუქტურიზაცია რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს, განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის ვადა ამოიწურება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის 2021 წლის 25 დეკემბერს მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა.

„კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მისი შემუშავების შესახებ უცნობი იყო როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სფეროს სხვა სპეციალისტებისთვის.

კანონპროექტის დაინიცირების დრო და მისი დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო, მათ შორის საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოში არყოფნისა და პირადად ჩემი, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. აღნიშნული მაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ჩემი უწყების ინტერესების დაცვა გამიჭირდებოდა. თუმცა, მე აქ ვარ და გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს ამ სამსახურის ხელშეუხებლობისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა – შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება – გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, სამსახურის მუშაობას მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები.

„სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ:

ჯერ კიდევ 2019 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონი, რომელიც ორ წელზე მეტია, განხილვის მოლოდინშია;

2021 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ მოისმინა;

2021 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა. პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი.

მსურს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას შევახსენო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 2019 წლიდან სწორედ პარლამენტის მიერ დაეკისრა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. მათ შორის, იმ დეპუტატების მონაწილეობით, რომლებიც არიან ამჟამინდელი კანონპროექტის ავტორები“განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის თავმოყრა იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვას. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ამითი სრულდება არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის შესახებ.

ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საქართველოს პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია არ ჩათვალა წონიან არგუმენტად. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა. პროექტის ინიცირებამდე საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, შექმნა თუ არა რაიმე პრობლემა ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს“, – ნათქვამია ლონდა თოლორაიას განცხადებაში.

პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და ერთმანეთისგან გამიჯნული ყოფილიყო გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები.

თუმცა, კობახიძის განმარტებით, გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, ასე არ მოხდა და ახლა არის დრო, ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნულ სამსახურს არათუ ფუნქციები აკლდება, არამედ პირიქით, გამოძიების ნაწილში ემატება.

რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია თავის დროზე იყო ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები, ეს იყო საყოველთაო რეკომენდაცია. თავის დროზე, კონკრეტული რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა. ახლა არის დრო, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში. არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. ინსტიტუციურად ამას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენეს პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ ჩვენ საქმის კურსში პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელი. ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი. ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, რაზეა საუბარიარის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული. ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო, ხომ არის აბსურდი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამას არ გავშლი. არ ვასახელებ არავითარ გვარს. თავის დროზე, გუნდში უმრავლესობა იყო მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ინსტიტუციურად. ჩვენ არავითარი პრობლემა კონკრეტულად ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახურისპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია