მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენად გააიაფებს წამლებს თურქეთის ბაზრის გახსნა - 27 იანვარი 2022

კიდევ ერთი ფაქტორი ეთიკური მხარეა, როდესაც ექიმები ფინანსურად დაინტერესებული არიან, მეტი და ძვირი წამალი გამოწერონ თავიანთ პაციენტებზე“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის, დაბალფასიანი წამლების შემოტანას შეძლებენ. მთავრობის მეთაურმა იმპორტიორებს თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლები შემოტანისკენ მოუწოდა.

დაპირებისამებრ მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი წამლები შემოვა. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ 10 ლარი ღირს, თურქეთში 1-2 ლარი ღირს. არავითარი არგუმენტი იმის, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე და ამიტომ მივიღეთ თურქეთს ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს იმპორტიორები თურქეთიდან მაღალი ხარისხის წამლებს შემოიტანენ, რაც საქართველოში მედიკამენტების ფასებს გააიაფებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მიმართა და კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტს გადაეგზავნა. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს და ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ. რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, რაც ჩვენი მოლოდინით მედიკამენტებს უფრო გააიაფებს. ერთი მხრივ ჩვენი ამოცანა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგია, ხოლო მეორე მხრივ ხარისხის კონტროლია, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ და ბატონი მინისტრი - აზარაშვილი ამ თემაზე მუშაობას დაიწყებს და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჩვენ ამ თემაზე ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტს, ყოფილ მინისტრ სანდრო ურუშაძეს ვესაუბრეთ:

- უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს თურქეთის დამატება ქვეყნების სიაში, სადაც რეგისტრირებული წამლები ჩვენთან აღიარებითი რეჟიმით სარგებლობენ. ამით ვენდობით ამ ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებას, ეჭვი არ შეგვაქვს იქ რეგისტრირებული წამლების ხარისხში, ხელმეორედ აღარ ვამოწმებთ და აღიარებითი რეჟიმით საქართველოში რეგისტრირდება. ეს რეჟიმი ნიშნავს, რომ ყველაფერი უფრო სწრაფად, იაფად და ზედმეტი კლინიკური კვლევების გარეშე ხდება.

თავის დროზე (2010 წელს), ამ ცვლილებების კანონში შეტანისას, გავამარტივეთ ბევრი სხვა რეგულაცია, რომელიც წამლების საცალო ვაჭრობის თვალსაზრისით დაბრკოლება იყო - ამან კარგი შედეგი მოიტანა; საშუალება მოგვეცა სხვა ბაზრებიდან, ქვეყნებიდან შემოგვეტანა  წამლები, სადაც უფრო იაფია. მაგრამ მაშინ ავირჩიეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სია ქვეყნებისა, სადაც მკაცრი რეგულირების სააგენტოებია. ამ სიაში თურქეთი არ იყო და არ არის. ამიტომ თურქეთი მაშინაც ვერ მოხვდა. დღეს, როცა თურქეთი ამ სიას ემატება, ნიშნავს, რომ ვაღიარებთ იმ მედიკამენტების აღიარებით რეჟიმში რეგისტრაციას საქართველოში, რომლებიც თურქეთში რეგისტრირებულია; მაგრამ, ამავე დროს, არაა რეგისტრირებული სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ევროკავშირის სივრცე, აშშ, იაპონია, ავსტრალია და .. თავისი მაღალი სანდოობის მარეგულირებელი ორგანოებით. დანარჩენი წამლები ჩვენთან ისედაც შემოდის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და, ზოგადად რომ გითხრათ, იმპორტის დაახლოებით მესამედს თურქეთიდან ვიღებთ.

რაც შეეხება გაიაფების მხარეს, აქ უკვე ფასების რეგულირებაზეა საუბარი, ხომ მართალია? რადგან ისედაც ვახერხებთ თურქეთიდან წამლების იმპორტს, უბრალოდ, ამას არა აღიარებითი რეჟიმით, ნაციონალური რეჟიმით ვაკეთებდით.

- საინტერესოა ჩვენზე, წამლების ფასზე რამდენად აისახება?

- ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კარგად უნდა გვესმოდეს, თვითონ თურქეთში ფასების ფორმირება როგორ ხდება. ერთ-ერთი კომპონენტი ისაა, რომ ეს წამლები სოციალური დაზღვევის სისტემით ფინანსდება. ანუ, მთავარი შემსყიდველი სახელმწიფოა. შესაბამისად, ფასიც ამ შესყიდვებით დგინდება. ამავე დროს, მთელი რიგი სხვა რეგულაციებია, მათ შორის იგივე გადაცვლის ფიქსირებული კურსი, მედიკამენტების სია, რომლებიც ანაზღაურებას ექვემდებარება; და ამ სიაში მოხვედრა, როგორც წესი, უფრო ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტებისთვის გაადვილებულია. ასევე სხვადასხვა მიდგომაა გენერიული და არაგენერიული მედიკამენტების მიმართ; მოქმედებს ერთი და იგივე საფასო რეგულირების სისტემა სხვადასხვა რეგიონში. ასევე რეფერენს ფასების სისტემა ემატება. ანუ, თურქეთი უყურებს რა ღირს კონკრეტული მედიკამენტი ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში, 5 ქვეყანაა ამორჩეული და სადაც ყველაზე იაფი საფასურია, ცდილობს სწორედ ეს ფასი მიუყენოს მედიკამენტს შესყიდვის დროს. ამ შემთხვევაში ყოველთვის აქვს არგუმენტი - თუ იმ ბაზარზე იაფია, ჩემ ბაზარზეც მინდა იაფი იყოს.

როდესაც ვამბობთ, რომ მოდით ამ სიას თურქეთი დავამატოთ და სხვა არაფერს ვამბობთ, ბევრი კითხვის ნიშნები რჩება. როგორ მოხვდება ეს თუნდაც ადვილად რეგისტრირებული მედიკამენტი საცალო ვაჭრობაში და რა ფასად გაიყიდება? რა მედიკამენტებზეა საუბარი, რა პროცენტი იქნება იმ მედიკამენტების, რომლებიც დღეს განსაკუთრებულად მოთხოვნადია; რადგან საქართველოშიც და თურქეთშიც ფასებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთია ლარის გაუფასურება, რადგან უმრავლესი წამლების ფასი ევროსა და დოლარშია დადგენილი. ამიტომ ბევრი სხვა ძირითადი პროდუქტი გაძვირდა. პური და ბენზინი გაძვირდა, ამან წამლის გაძვირებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამას გარდა (არავისთვის დასამალი არ არის), როდესაც ბოლო წლებში პარალელური იმპორტისთვის ხელშეშლა ხდება, ეს ბაზარი ისევ ძირითადმა და მსხვილმა იმპორტიორებმა დაიკავეს. იმპორტიორებს შორის კონკურენცია მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს საცალო ფასი ისევ ძირითადი იმპორტიორების მიერ შემოტანილ მედიკამენტებზე დამოკიდებული გახდა, რომლებიც ასევე საცალო ვაჭრობას აკონტროლებენ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეთიკური მხარეა, როდესაც ექიმები ფინანსურად დაინტერესებული არიან, მეტი და ძვირი წამალი გამოწერონ თავიანთ პაციენტებზე. ამის საფასურად საკომისიოს იღებენ სადისტრიბუციო ფარმაცევტული კომპანიებისგან. რეალობას ყველაფერი ერთად განაპირობებს. იგივე 2010 წელს მეორე კანონიც იყო მიღებული, რომელიც ექიმებისთვის გამოწერილი მედიკამენტებიდან (საკომისიოს სახით) ანაზღაურების მიღებას კრძალავდა. სამწუხაროდ, დღეს ესეც არ კონტროლდება და ექიმების ფულადი ანაზღაურება სხვადასხვა ფორმით ხდება. შეიძლება ეს იყოს უცხოეთში მგზავრობის ან კონფერენციებში მონაწილეობის დაფინანსება, ან პირდაპირ თანხის გადარიცხვა სხვადასხვა მიზეზით; მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი რაღაც კონკრეტულ კვლევაში მონაწილეობის მიღება შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ბევრი ადამიანი ამ გარიგების მსხვერპლი ხდება; იძულებულია იყიდოს, ფული გადაიხადოს უფრო ძვირ წამალში, ვიდრე მის ჯანმრთელობას სჭირდება.

ამიტომ სახეზეა ეთიკური მხარე, მარეგულირებელი მხარე და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი ოლიგოკრატიული სისტემა, რომელიც ხშირად კარტელური გარიგებებით მთავრდება და ფასები სწორედ ამ გარიგების საგანია. ეს ყველაფერი ფასზე გავლენას ახდენს.

მოდით თურქეთი დავამატოთ და ეს ყველაფერი მოგვარდება, ასე არ არის. ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია მუშა ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. გააჩნია მისი მიზანი რა იქნება. თუ თავისუფალი კონკურენციის წახალისება, ექიმებს შორის ეთიკური მხარის მხარდაჭერა იქნება, მაშინ გაცილებით უკეთეს და გრძელვადიან შედეგს მივიღებთ. და თუ ეს ხელოვნური ფასების კონტროლი იქნება... გვახსოვს, პანდემიის პერიოდში მცდელობა იყო, ძირითად სასურსათო პროდუქტზე სახელმწიფოს ფასების კონტროლი განეხორციელებინა. რით დამთავრდა, ესეც იცით. მედიკამენტიც ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია, რომელიც ჩვენი ყოველდღიური საჭიროებაა და მოსახლეობისთვის საკმაოდ მძიმე ფინანსური ტვირთია.

- თურქული ბაზრის კონტექსტში, რეგისტრაციის ევრო-ამერიკული და .. გამკაცრებული მოთხოვნები კიდევ უფრო რომ განვმარტოთ...

- თუ თურქეთში რეგისტრირებულმა რომელიმე სხვა მედიკამენტმა, მათ შორის თურქეთში წარმოებულმა მედიკამენტმა რეგისტრაცია არ გაიარა, ეს მწარმოებლის გადაწყვეტილებაა. ევროკავშირის ქვეყანაში რეგისტრაცია საკმაოდ ძვირი ღირს ფინანსურადაც და საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. შეიძლება რომელიმე სხვა მიზეზია, მათ შორის ხარისხის ან არასაკმარისი კლინიკური კვლევების თვალსაზრისით. არ ნიშნავს, რომ ეს მედიკამენტი ხარისხიანი ან უხარისხოა, სხვადასხვა მოტივაციები არსებობს. კიდევ ვამბობ, თურქეთში რეგისტრირებული ის მედიკამენტები, რომლებიც ამავე დროს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული (ან ისეთი საერთაშორისო სააგენტოების მიერ, როგორიც ევროპის წამლების სააგენტო ან ამერიკის სურსათისა და წამლების სააგენტოა), საქართველოში აღიარებითი რეჟიმით უკვე სარგებლობენ. ამიტომ როცა ამას ვაანონსებთ, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა მედიკამენტებზე ვრცელდება; რადგან ერთია წარმოებული, მეორეა რეგისტრირებული. მთელი ეს აღიარებითი რეჟიმი არათურქულწამლებთან, არამედ თურქეთში რეგისტრირებულ წამლებთან დაკავშირებულია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება რეგისტრირებული იყოს. მაგ; თუ ინდოეთში წარმოებული და თურქეთში რეგისტრირებულია, ასევე ისარგებლებს ამ შეღავათით. მაგრამ გვახსოვს ინდოეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების პროექტი, რომელიც ასევე მაშკევიჩის კომპანიის მიერ დაანონსებული იყო. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა. ახლა უფლება გვაქვს მეტი ინფორმაცია მოვითხოვოთ, თუ რას გეგმავს მთავრობა.

- მთავრობა აქამდე რატომ არ დგამდა აღნიშნულ ნაბიჯს?

- ვერ გეტყვით. საერთოდ, ჩვენი სამინისტროს, ჯანდაცვის სექტორის პრობლემაა ერთიანი ხედვის, სტრატეგიის უქონლობა არამარტო ფარმაციის სფეროში, არამედ ზოგადად ყველა მიმართულებით. ისინი რაღაც ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობიან, რომლის მიზანშეწონილობა მაინც პოლიტიკურია ხოლმე. როგორც წესი, არ ეყრდნობა არც რაიმე პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის წაკითხვა შესაძლებელია ან რაიმე ნებისმიერ წერილობით არგუმენტს. ახლაც ეს განცხადება ისე გაკეთდა, არ ვიცით საფუძვლად რა უდევს და რა შედეგები უნდა მოჰყვეს. ზოგადად, საჯარო პოლიტიკისთვის აუცილებელია, რომ ის დასაბუთება, არგუმენტი არსებობდეს, რომელიც ჩვენ იმედის საფუძველს მოგვცემს. არაფერი წამიკითხავს, გარდა განცხადებისა. არ შეიძლება პრეზენტაციებით, განცხადებებითა და მოულოდნელი ლოზუნგებით იმართებოდეს ქვეყანა, მათ შორის ჯანდაცვა.

შემიძლია გითხრათ, საქართველოში ერთადერთი პოზიტიური გამოცდილება იყო 2009-11 წლებში, როდესაც ჩვენ ეს კანონები მივიღეთ და თავისუფალი ვაჭრობა წავახალისეთ, აფთიაქებში 30-დან 60%-მდე დაეცა მედიკამენტების ფასი, განსაკუთრებით ბრენდული მედიკამენტებისა. ალბათ გახსოვთ და შეგიძლიათ როგორც კურაციოს კვლევები, ასევე საერთაშორისო პუბლიკაციები წაიკითხოთ. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდა. ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი.

- ხომ არ იცით, ამ საკითხში ბიზნესის პოზიცია და მოლოდინები როგორია?

- ვფიქრობ, დღეს ფარმაცევტული სფერო საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს 2015 წელს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც გამოჩნდა. ზოგადად, ბოლო დროს რა ცვლილებებიც ხდება, უმრავლესობა კონკურენციის შეზღუდვისკენ და ბიუროკრატიის როლის გაზრდისკენ მიმართულია. გარწმუნებთ, ბიუროკრატიაზე გაცილებით დიდია ფარმაცევტული ბიზნესის გავლენა და სამწუხაროდ ამას ყოველთვის თავის სასიკეთოდ იყენებენ.

- ექიმების მიერ მეტი და ძვირი წამლების გამოწერას (.. საკომისიოებს), რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით რა ეშველება?

- თავის დროზე იყო გამოსავალი, როდესაც ამ შემთხვევისა და ხარჯების მართვის მექანიზმები არსებობდა; როდესაც ექიმი არა ფარმაცევტული კომპანიის, პაციენტის მხარეს დგას. მაგრამ ამ მიმართულებამ განვითარება ვერ მიიღო. ვგულისხმობ, როდესაც სადაზღვევო კომპანია ხარჯებს აკონტროლებს და მის მიერ არის მედიკამენტები ანაზღაურებული. თქვენ რომ ნახოთ ერთი მკურნალობის ეპიზოდის ფასი და გამოწერილი მედიკამენტების სია, გაოცდებით რამხელა სხვაობაა იმ ექიმის გამოწერილ ფასს შორის, სადაც ზედამხედველი სადაზღვევო კომპანიაა და იმ ექიმის მიერ, რომელსაც თავისი ღია ან დახურული კონტრაქტი აქვს ფარმაცევტულ კომპანიასთან. ამიტომ ჩვენი მოქალაქე ორმაგი დარტყმის ქვეშ იმყოფება. ერთია ის ობიექტური მიზეზები, რის გამოც წამალი ძვირდება და მეორეა თვითონ არაკეთილსინდისიერება, რომელიც აიძულებს მას ხშირად შეიძინოს არასაჭირო იმაზე მეტი ან იმაზე ძვირი მედიკამენტი, რომელიც მის მკურნალობას სჭირდება.

- ამ სფეროში ოლიგოკრატია, კარტელური გარიგებები როგორ უნდა დასრულდეს და მეტ კონკურენციას გზა გაეხსნას?

- მაშინ 2009-11 წლებში ორი გამოსავალი შევთავაზეთ, როდესაც ამ გადაწყვეტილებების მონაწილე ვიყავი. პირველი იყო ექსკლუზიური საიმპორტო კონტრაქტების დაშლა-გარღვევა, როდესაც წახალისებული იყო პარალელური იმპორტი და მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; რათა დამოუკიდებელ სააფთიაქო ქსელს სუნთქვის საშუალება და დამოუკიდებელი მიწოდების წყაროები ჰქონოდა. მეორე - თვითონ დამოუკიდებელი საცალო ვაჭრობის მხარდაჭერა. მათ შორის საცალო ვაჭრობაში ისეთი რეჟიმების შექმნა, როგორიცაა ვთქვათ ოდის პრეპარატების რეალიზაციის ქსელის გამოყვანა ფარმაცევტული ბიზნესის კონტროლიდან, დამოუკიდებელი აფთიაქების წახალისება; მათ შორის საცალო ფასებზე კონტროლი რომ დაკარგოს ამ ჯგუფმა, რომელიც ჩვენი ბაზრის 80%- აკონტროლებს.

დღეს საითკენაც მივდივართ, დამოუკიდებელი სააფთიაქო ქსელები მთლიანად ძირითად იმპორტიორებზე დამოკიდებული არიან, ისინი მათ ფასს, თამაშის წესსა და პირობებს კარნახობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაკოტრებისთვის განწირული არიან. ამიტომ ყალიბდება ეს კარტელური გარიგებები და ფასები. გარდა ობიექტური მიზეზებისა, აქ არის ლარის ინფლაცია, ზოგადად ეკონომიკური პრობლემები, ნაკლებია კონკურენტული გარემო, წახალისებული არ არის.

ისიც საინტერესოა, რომ სააგენტო, რომელმაც წესით კონკურენციას ხელი უნდა შეუწყოს, რეკომენდაციების უმრავლესობა პირიქით კონკურენციის შემცირებას და ამ ბაზრის რეგულაციაში სახელმწიფოს როლის გაზრდას ხელს უწყობს. ისეთ გაზრდას, რომელიც რეალურად მხოლოდ მსხვილი მოთამაშეებისთვის სასარგებლოა.

- რეალობის გათვალისწინებით, მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიაფებას რამდენად უნდა ელოდოს?

- ისევ იმ ძირითად მიზეზებზე უნდა ვიფიქროთ, რაც დაკავშირებულია ეკონომიკის განვითარებასთან, ეროვნული ვალუტა ნაკლებად ინფლაციური რომ იყოს; გარდა ამისა, მოქმედი რეგულაციები მეტი ხელშემწყობი იყოს თავისუფალი კონკურენციის, საცალო ვაჭრობაზე ძირითადი იმპორტიორების კონტროლი რომ დაიკარგოს და მესამე - ხელი შევუწყოთ პროფესიული ეთიკური ნორმების დამკვიდრებას ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს შორის.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია