პოეზია მუსიკაა სულისა, ამბობდა ვოლტერი. გადახედეთ გამომცემლობა „ინტელექტის“ თანამედროვე ქართული პოეზიის გვერდს და ამაში უმალვე დარწმუნდებით. კითხულობ კრებულთა ანოტაციებს, ლექსებს და... ულამაზეს სამყაროში გადადიხარ; სადაც ნებისმიერი პოეტური სიტყვა ბიბლიურ ძალას იბრუნებს და ჩვენ ყველას მეტი შემწყნარებლობისკენ, სიკეთისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს.
„პოეზია ეშმაკის ღვინოა“ - ავგუსტინე ავრელიუსი; „პოეზია ყოველგვარი ტალანტის შინაგანი ცეცხლია“ - ფიოდორ დოსტოევსკი
„ჩრდილის ამოჭრა“ დიანა ანფიმიადის ახალი კრებულია, და ეს „ახალი", უპირველეს ყოვლისა, კონცეპტუალურ, მხატვრულ სიახლეს ნიშნავს. ვერსიფიკაციული მოულოდნელობებით სავსე ეს პოეტური სამყარო კიდევ უფრო ღრმად, იმ სინამდვილის გავლით ითრევს მკითხველს, რომელზეც ავტორი მანამდე წერდა; ითრევს ცხოვრების შუაგულში, სადაც თითქოს ნაცნობი ნიუანსები სრულიად ახალი სიმბოლოებით ჩნდებიან, სადაც „ჩრდილის ამოჭრა" ლირიკული გმირის (პოეტისაც და მკითხველისაც) დიდ მოგზაურობას – სხვა მეტატექსტში ეგზისტენციალურ გარდაცვალებას, ერთი ყოფნიდან სხვა ყოფნაში გადასახლებას ნიშნავს.
„პოეზია მწუხარების დაა; თითოეული მოხეტიალე და მომტირალი - პოეტია, თითოეული ცრემლი - ლექსია, თითოეული გული - პოემაა“ - ავტორი უცნობია; „პოეზია - ადამიანური გრძნობის ღრმა და ყველაზე საიდუმლოებით მოცული მოღვაწეობის გამოსახულებაა“ - დ. მილი
„სამწერტილები“ - ირაკლი კაკაბაძე
მას იაკი კაბედაც იცნობენ და იაპონელ პოეტებს შორისაც უძებნიათ უზადო, ნატიფი ტანკებისა და ჰაიკუების ავტორი; მისტიფიკაციის სიყვარულმა მისი პიროვნული ბიოგრაფიაც აღბეჭდა, თუმცა სადაც არ უნდა იყოს, ირაკლი კაკაბაძე მაინც ქართველ პოეტად რჩება, ამ ცნების არა ლოკალური ეროვნული იდენტობის, არამედ მსოფლხედვის განსაკუთრებული, თვითმყოფადი გაგებით, რაც ყოველივე ქართულს კიდევ უფრო მომხიბვლელს, გლობალურს და მასშტაბურს ხდის.
ეს „მწვანე წიგნი“ სტამბოლში დაიწერა, თუმცა გეოგრაფიას აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოეზია საყოველთაო და მარადიულ პრობლემებს და იდეებს მოიცავს, ადამიანისა და სამყაროს ჯანსაღი კავშირის სურვილს და სინანულს ამგვარი კავშირის იშვიათობისა; ეს ლექსები ეკოლოგიურად სუფთა დედამიწაზეა, ეკოლოგიურად სუფთა ადამიანურ სულზე, ურთიერთობებზე, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გადებული გზის ეკოლოგიაზე...
„პოეზია - სიტყვების მუსიკაა“ - ტ. ფულერი; „პოეზია აზრების ფორმაში კი არ არის, თავად აზრებშია. პოეზია - ესაა ყველაფერი, რაც გულწრფელი და სულიერია ყველაფერში“ - ვიქტორ ჰიუგო; „პოეზია თავისი ბუნებით გამოცანაა და პირველივე შემხვედრს გულს არ უხსნის“ - სოკრატე
„ფრენა (პასუხები ბეგბედერს)“ - ქეთი ნიჟარაძე
ბეგბედერის ექსტაზის პირველი ნოველა ჰაერში ქაღალდის თვითმფრინავებივით უმისამართოდ გაშვებული კითხვებია. ეს კითხვები თითქოს არ ითხოვენ პასუხს, მაგრამ ამავე დროს თითოეული მათგანი წააგავს ქალაქის მტვერში წაქცეული ბავშვის ტირილს.. ხმას, რომელიც არავის ესმის და რომელიც ურბანული სამყაროს ტექნიკურ ხმაურში ჩაკარგულა...
არადა, ყველაფრის მიუხედავად ფრანგი მწერლის ამ კითხვებს მაინც მოყვა პასუხი. არა უბრალოდ ექო, არა ინტერპრეტაცია, არამედ სწორედ პასუხი! ქეთი ნიჟარაძის 19 ლექსი პასუხი 19 ყველაზე რთულ კითხვაზე...
„პოეზია - არის მზე, თავისი ბნელი ლაქებითა და დაბნელებებით, რომელიც ანათებს მთელ სამყაროს“ - გ. ლაგფელო; „პოეზია - არის გრძნობა, რომელიც ვნებიანად მიისწრაფვის უცნობი სიშორისკენ და მას ახლოს და ცნობადს ხდის: იდეა, რომელიც ესაუბრება იდუმალსა და გაუგებარს და მას რაღაც ცხადსა და გასაგებად აქცევს“ - დ.ჯიბრანი
„წაუკითხავი ლექსები“ - ქეთი ნიჟარაძე
პოეზიას რამეს თუ შევადარებთ, ალბათ, ეს ინტუიციაა. ქეთი ნიჟარაძე სწორედ ამ ინტუიციას ფლობს პოეზიაში და აღრმავებს მას ყოველ ახალ ლექსთან ერთად. თუ დავუშვებთ, რომ სამყარო მუდმივ დინამიკაში, მუდმივ ქმნადობაშია, მაშინ პოეზიასაც მოვუნახავთ ფუნქციას და შინაარსს, ის ცდილობს ამ ქმნადობის შესაძლებლობაში იარსებოს, იარსებოს საკუთარი ინტუიციებით, გაგრძელოს ბუნების დაწყებული საქმე და არამხოლოდ მიბაძოს მას. ქეთიც ამ პროცესშია. წინამდებარე ლესების კრებულიც სწორედ ამ პროცესის ასახვაა, თითოეული ჩვენგანი კი ქმნადობის მონაწილე“ – ვკითხულობთ კრებულის რედაქტორის, რატი ამაღლობელის შესავალში.
„პოეტი და, როგორც წესი, ნებისმიერი მწერალი, იშვიათად იღებს სარგებელს თავისი შემოქმედებით; რაც შეეხება საზოგადოებას, მისი დამოკიდებულება ავტორის მიმართ შეიძლება განისაზღვროს: რაღაც საშუალო „მადლობას“ ან „წადი შენის“ შორის“ - ნ.შამფორტი; პოეტი - ბავშვია; ის იცინის საუკეთესო სიცილით მსოფლიოში - ცრემლიანი სიცილით“ - ლ.კრასავინი
„აკლდამა ჩემთა ოცნებათა“ - ვახუშტი კოტეტიშვილი
„ვახუშტი კოტეტიშვილი უკვე სიბერეში იყო შესული, როცა თავისი ლექსების პირველი კრებული გამოსცა. ეს იყო თხელტანიანი წიგნი, რომელშიაც თავმოყრილი იყო ლექსების მცირე რაოდენობა. ბევრი მათგანი უარყო, ზედმეტად ბავშვურობის ნიშნით დაიწუნა. პატარა კრებული გამოსცა, მაგრამ ბევრი ლექსი კვლავ გამოუქვეყნებელი დატოვა. დღეს ამ სრულიად უმიზეზოდ უარყოფილი ლექსების გადასარჩენად პირველად გთავაზობთ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნს, რომელიც ქალბატონმა ნანა კოტეტიშვილმა შეადგინა, სადაც გააერთიანა პოეტის ცნობილი თუ უცნობი ლექსები (გარდა სონეტებისა)“. (მზეო გოგოჭურის წინასიტყვაობიდან)
„პოეტი არის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს წაართმევს და შესაბამისად ვერავინ ვერაფერს მისცემს“ - ა.ახმატოვა; „პოეზია არის ის, რაც მილტონმა დაინახა, როცა დაბრმავდა. დონ მარკიზის პოეზია სისხლს მელნად აქცევს. პოეზია არის რელიგია იმედის გარეშე“ - თომას სტერნს ელიოტი
„პოეზია“ - არაბულები
რა არის პოეზია? რას ნიშნავს, როცა გასული საუკუნის პოეტებს თანამედროვე პოეტებს უწოდებენ? როდის ბერდება (ან თუ ბერდება საერთოდ) ლექსი ან რამდენად ცოცხალია ის წლების მერე? რამდენად ჰგავს ერთი გვარის პოეტების ერთსა და იმავე გარემოში დაწერილი ლექსი?
სწორედ ამ შეკითხვებს ვეცდებით გავცეთ პასუხი კრებულით, სადაც ერთი გვარის – არაბული – პოეტებია გაერთიანებული. ავტორები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იბეჭდებოდნენ ლიტერატურულ პერიოდიკაში.
გიორგი არაბულის მიერ შედგენილი ეს წიგნი 14 პოეტის (ალუდა არაბული, ბაღათერ არაბული, ბერდია არაბული, გელა არაბული, გიორგი არაბული, გოგიტა არაბული, თემო არაბული, ირაკლი არაბული, კობა არაბული, მერაბ არაბული, მინდია არაბული, მინდია არაბული, ნოშრევან არაბული, შაბურა არაბული) ხელახლა, განსხვავებული ფორმით შეხსენებაა მათი შემოქმედების თავიდან აღმოჩენის სურვილითა და იმედით.
„პოეტი არის ჩამოგდებული მეფე, რომელიც ზის თავისი სასახლის ფერფლზე და ცდილობს ამ ფერფლიდან გამოსახულება აღადგინოს“ - დ. ჯიბრანი; „პოეტი არის კონკრეტულის ფილოსოფოსი და აბსტრაქტულის მხატვარი“ - ვიქტორ ჰიუგო; „პოეტები მსოფლიოს არაღიარებული კანონმდებლები არიან“ - პ. შელი; „პოეტები და გმირები ერთი ტომიდან არიან. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რაც არსებობს იდეასა და მოქმედებას შორის. ერთნი აკეთებენ იმას, რასაც სხვები ფიქრობენ“ - ა.ლამარტინი
„PORCELLANAE პოეზია“ - ნატო ინგოროყვა
პოეტური ალქიმიის შედეგია სიტყვა, რომელიც საგნისა და მოვლენის არსს პირვანდელ აზრს უბრუნებს – ნატო ინგოროყვას კრებულში ამ ალქიმიის საიდუმლო პროცესსაც დაესწრება მკითხველი და შედეგსაც „იწვნევს“. ეპისტოლური განწყობის ლექსებს ერთი საერთო ადრესატი ჰყავს, ვისთვის უზენაესი, ვისთვის სატრფო, ვისთვისაც – უბრალოდ მოყვასი, ვის გამოც „ფორმაცვალებადი სიტყვა ყოფნა“ სხვა მნიშვნელობას იძენს... ვისაც გულწრფელი ვნებით მიმართავს პოეტი: „დამრგე ლეღვის ხედ, და მის ტოტებში არბენინე რძე, რომელიც დააშრე ჩემში...
სულის უღრმესი შრეებიდან ნაგრძნობი სამყარო; გამჭვირვალე, ამოტრიალებული მზერა; ტკივილის ზღვარზე მოტივტივე ყოფის ასახვა – ეს ყოველივე კრებულს ლიტურგიის ფარულ მელოდიას სძენს და სიტყვიდან სიტყვაში აცოცხლებს გვარიანად მივიწყებულ ადამიანურ განცდებს, სიყვარულის რელიგიით მსჭვალავს და აკანონებს ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს. პოეტი ამასაც განმარტავს: „და თუ პირველად იყო სიტყვა – მე ვწერ შენს სახელს.
ეს სახელი ჰქვია ნატო ინგოროყვას პოეზიას.
„ყველაფერი, რასაც პოეტი ღვთაებრივი შთაგონებითა და სულიწმიდით წერს, ძალიან ლამაზია“ - დემოკრიტე; „მეცნიერსა და პოეტს შორის გადაჭიმულია მწვანე მდელო: თუ მას მეცნიერი გადაკვეთს, ბრძენი გახდება, პოეტი რომ გადაკვეთს, წინასწარმეტყველი გახდება“ - კაჰლილ ჯიბრან ჯიბრანი; „პოეზია არის სიხარულის, ტკივილის, გაოცებისა და ლექსიკის მცირე ნაკადი“ - კაჰლილ ჯიბრან ჯიბრანი; „განვადიდოთ პოეტები, რომლებსაც ერთი ღმერთი ჰყავთ – ლამაზად წარმოთქმული უშიშარი სიტყვა სიმართლისა“ - მაქსიმ გორკი
„ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ - ბესიკ ხარანაული
„ცხოვრებისგან სხვა არაფრით მისარგებლია, მარტო ასაკით“ – ასეთია განაცხადი წიგნის ავტორისა და მთავარი გმირისა, რომელიც სრულიად ახალი გადასახედიდან იწყებს შემოქმედებით რეფლექსიას – ის 175 წლის პოეტის მდგომარეობაშია, ეს ასაკი მისი ახალი როლია და ახალი სასჯელიც, რომელსაც თვითნებურად იღებს საკუთარ მარტოობაში.
ეს ახალი მდგომარეობა (ასაკი, როლი) განაპირობებს კიდეც წიგნის მთავარ თვისებას – სიახლეს, რომელიც მარადიულ (და ბესიკ ხარანაულისთვისაც ძალიან ვისებრივ, მშობლიურ) თემებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს: სიკვდილ-სიცოცხლე, სიყვარული და სიძულვილი. ამ ყველაფერს კი განუმეორებელი თვითირონიის ხიბლი, მოხდენილი იუმორი ახლავს, რაც კიდევ უფრო მეტი ხალისით შეიტყუებს მკითხველს პროზისა და პოეზიის გასაყარზე შექმნილ, თავბრუდამხვევად რთულ და ამავდროულად მსუბუქ წიგნში.
„პოეზია შეუძლებელია არ იყოს თავისი დროის პოეზია და უნდა იყოს კიდეც. მაგრამ ის, ვინც თავისი დროის შტრიხებს გამოხატავს, აკავშირებს რა მას მომავალთან, უკვდავი აღმოჩნდება“ - ანატოლი ლუნაჩარსკი; „პოეზია არის ცეცხლი, რომელიც ანათებს ადამიანის სულში. ეს ცეცხლი იწვის, ათბობს და ანათებს... ნამდვილი პოეტი თავად იწვის უნებურად და ტანჯვით, სხვებსაც წვავს და ამაშია მთელი საქმე“ - ლევ ტოლსტოი; „ლექსების წერა უფრო ახლოსაა ღვთისმსახურებასთან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ჰგონიათ“ - ანატოლ ფრანსი
„ბიჭო, არ შემარცხვინო!“ - მუხრან მაჭავარიანი
„ამ წიგნს ვუძღვნი ჩემი დიდებული ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობას, დღევანდელი დღით რომ ხარობს და იმედის თვალით უმზერს მომავალს“, - ეს მუხრან მაჭავარიანის სიტყვებია, ერთ-ერთი თავისი წიგნისათვის წამძღვარებული.
იმ წიგნის გამოცემიდან უკვე დიდი ხანია გასული. მაშინდელი ახალგაზრდები ახლა ჭარმაგნი არიან. მათ შვილებსა და შვილიშვილებსაც გვინდა შევძახოთ „ბიჭო, არ შემარცხვინო!“ – როგორც მიმართავდა, ჩვენი სამშობლოს – საქართველოს სახელით, პოეტი ყმაწვილებსა და ჭაბუკებს თავის ერთ-ერთ ლექსში.
წიგნში შესული ლექსები ძირითადად თარიღიანია. უთარიღონი კი 1946-1956 წლებშია შექმნილი. წიგნი ეძღვნება მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.
და ბოლოს, პოეტის სამუშაოა სახელი უწოდოს უსახელოს, ამხილოს თაღლითობაში, დაიკავოს მხარე, მოიყვანოს არგუმენტები, შექმნას სამყარო და მას არ მისცეს ჩაძინების უფლება, რადგან... ცხოვრება სუსტია, ხოლო ხელოვნება არის ძლიერი, ისტორია სისულელე, ხოლო პოეზია ყველაფერია... რადგან სამყაროს საზარელი ტორტმანისას ყველაზე დიდი ნაპრალი პოეტის გულზე გადის...
იკითხეთ წიგნები, ინტელექტით იქნებით!
გელა მამულაშვილი