„კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის ისეთივე მომგებიანი უნდა იყოს, როგორც საზოგადოების ჯგუფებისთვის, ვისაც ეხმარება“
არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული ანგარიშვალდებულებაა. ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „გარდამავალ“ ქვეყანაში, რომელსაც მწვავე ეკონომიკური პრობლემებისთვის თავი ვერ დაუღწევია.
თავისუფალ მედიას, უპირველესად, ნაკლოვანებების გამომზეურება ევალება. ამიტომ „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპს მივმართოთ. მით უმეტეს, როცა ჩვენს ხელთაა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განმარტება: „კომპანიის ინტერესები უნდა ასახავდეს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს, იცავდეს გარემოს, იჩენდეს პატივისცემას ადამიანის უფლებების მიმართ და დადებითი წვლილი შეიტანოს საზოგადოების ცნობიერებაში“.
მარტივ მაგალითებზე ვიმსჯელოთ. ვაკეში, ჭავჭავაძეზე ტროტუარი ყველგან აღარაა დატოვებული, უზარმაზარმა ბიზნეს-ცენტრებმა თუ სასტუმროებმა აითვისეს. მუნიციპალური რეგულაციის საკითხია. იგივე ტროტუარებზე მაგიდები ბევრ ქალაქში აქვთ დადგმული; მით უმეტეს, ტურისტული ადგილებისთვის დამახასიათებელია. ამიტომ დიდად უპასუხისმგებლო ქცევად არ აღიქმება. მოქმედ რეგულაციებს რამდენად ემთხვევა და არ ეწინააღმდეგება, ეს ცალკე შესასწავლი საკითხია.
წყლის მომწოდებელი კომპანია „ჯივიპი“ გათიშვაზე სმს-ებს რომ გვიგზავნის და საქმის კურსში გვაყენებს, ეს პირიქით, პასუხისმგებლობიანი ქცევის მაგალითია. არავის ახარებს წყლის უქონლობა, სხვა პრობლემას უფრო მოითმენ. როგორც წესი, კომპანია შეწყვეტას ხაზის დაზიანებით და შეკეთების აუცილებლობით ხსნის. თანაც, „ჯივიპი“ წყალს რომ ვერ გვაწვდის, ამაში ფულს კარგავს, მის აღდგენაშიც - არ აწყობს შემოსავლის დაკლება.
მეზობელი კორპუსის მცხოვრებლები შემომჩივიან, აუტისტი ბავშვების ცენტრი გაგვიხსნეს და ხმაური გვაწუხებსო. საცხოვრებელ კორპუსში შეიძლება კაფეც გაიხსნას და რესტორანიც, მასაც ხმაური მოსდევს. აქაც დაწესებულ რეგულაციებს უნდა იცავდნენ; კომპანიამ ხმის იზოლაცია მოახდინოს, კორპუსის მთავარი შესასვლელიდან იზოლირებული შესასვლელი ჰქონდეს და სხვა ნაბიჯები გადადგას, მოსახლეობა რომ არ შეაწუხოს. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ - ვის რაც უნდა გახსნას, თუ კანონის მოთხოვნებს არ არღვევს.
პრობლემაა, როცა სუპერმარკეტები ქუჩის ძაღლებს მორჩენილ ხორცსა და ძვლებს უყრიან. შედეგად, ჩვენი ორფეხა მეგობრები აგრესიულობით გამოირჩევიან. შეშინებულ მოქალაქეებს უფრო გამეტებით დასდევენ - წინა ტერიტორიაზე ხშირად ღრენის ხმა ისმის. უპასუხისმგებლო საქციელია, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ სუპერმარკეტის ხელმძღვანელობისა და მესვეურების დავალება იყოს, რომ ბიზნეს პროცედურის ნაწილია და აუცილებლად დაუყარონ ხორცი. ინდივიდუალური შემთხვევებია და კომპანიებთან აშკარა კავშირი არ ჩანს. პრობლემა გასათვალისწინებელია.
ზოგიერთ სუპერმარკეტში საღამოს საათებში თანამშრომლების ნაკლებობაა. კლიენტების მხრიდან პრეტენზიები, მომსახურება გვიანდება. კონსულტანტების გადაღლა, ალბათ ზედმეტი დატვირთვით არის გამოწვეული. თაროზე წიწიბურას ფანტელის საფასურს სამ ლარს აჩვენებს, მოლარესთან უკვე 4.50 ლარია. ვეკითხები - რატომაა განსხვავება-მეთქი. - ალბათ ახალი საფასურის მიკვრა ვერ მოესწრო ან დაავიწყდათო. ამასობაში ის თარო უკვე დაცარიელებულია - არავის უყვარს უკან გამობრუნება.
უფრო ტექნიკური გაუმართაობა იკვეთება. ფასები სწრაფად იცვლება, შეტყობინებას ვერ ასწრებენ და არ ცვლიან - პროგრამაში ახალი ნიხრითაა მითითებული. ამის მიუხედავად, პასუხისმგებლობიანი საქციელი არ არის. ბიზნესს ყველაფერი ისე უნდა ჰქონდეს აწყობილი, მომხმარებელი ნაკლებად დააზიანოს; მით უმეტეს, საჭირო ინფორმაცია დააკლოს - მისთვისვე ცუდი გამოსავალი იქნება. ჩემ თვალწინ, მომხმარებელმა დატოვა პროდუქცია, გაბრაზდა და გვერდზე მარკეტში გადაინაცვლა - ერთი კლიენტი დაიკარგა. უპასუხისმგებლო საქციელთან ერთად ელემენტარულად წამგებიანიცაა. თავიანთ ინტერესშია, ყველა ნიუანსი აწყობილი ჰქონდეთ.
„მაგთი“ მინიმალური ინტერნეტის საფასურს 7 ლარით აძვირებს. ლარის კურსს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. ფასების მატება იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა ხელფასები არ გაზრდილა. აქ უკვე პასუხისმგებლობა არაფერ შუაშია, კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის; კომუნიკაციების კომისიას ერთი ამბავი არ აუტეხავს, რომ რაღაც რეგულაციას არღვევს. ჩვეულებრივი კონკურენტული ამბავია. არ მოგვწონს „მაგთიმ“ ასე რომ გააძვირა? გადავიდეთ „ჯეოსელსა“ და „ბილაინში“ (თუკი იქ შედარებით იაფი ღირს). ეს თვითონ კომპანიისთვის წამგებიანი ნაბიჯია.
„მაგთი“ მთლად პასუხისმგებლობიანად არ იქცევა იმ კუთხით, რომ ასეთ მტკივნეულ თემაზე წინასწარი კომუნიკაცია არ აქვს - ერთ კვირაში გაძვირდება და ა.შ. რომ შევდივარ და ერთკვირიანი ულიმიტო ინტერნეტის ყიდვა მინდა, უცებ ვიგებ, რომ უკვე 7 ლარია, მერე 9 და უსიამოვნო შეგრძნებაა. აქამდე პროვაიდერის შეცვლაზე ნაკლებად მიფიქრია, მაგრამ თუ ასე გამაბრაზა, შეიძლება აქამდეც მივიდეთ. გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანი ნაბიჯებია. თუ ყველასთვის ძვირი იქნება ვერ გაყიდიან, მიხვდებიან შემოსავლები აკლდებათ და დაწევენ. ეს უკვე არა კორპორაციული პასუხისმგებლობის, ბიზნესის ჩვეულებრივი კონკურენტული ქცევის ამბავია.
უბნის საოჯახო პოლიკლინიკაში სისხლის საერთო ანალიზისთვის მივდივარ. - უფასოდ აღარ გეკუთვნის, თქვენს ანგარიშზე ჩარიცხვები დაფიქსირდაო, - მეუბნება მიმღების თანამშრომელი, - ამ მომსახურებაში 30 ლარი უნდა გადაიხადოო. - კი მაგრამ, ეს ფული ჩემი არ ყოფილა, ბანკში სხვისი (უცხო მოქალაქის) გადასახადი შევიტანე-მეთქი. - მაგას ვეღარ ვაკონტროლებთ, მთავარია ფული ჩაირიცხა და ქულები დაგაკლდათო, - მიპასუხა. იგივე თემაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ - სრული უფლება მაქვს ეს კლინიკა დავტოვო და სხვაგან ვისარგებლო საყოველთაო დაზღვევის მომსახურებით, უკეთეს პირობებს თუ შემომთავაზებენ.
წამყვან ბანკებში რიგებსაც (პიკის საათებში) არ ეშველა - ზოგჯერ 8 ოპერატორიდან 3-4 მუშაობს და უკვე კარგი ამბავია. ტურისტული ნაკადის მატებამ სისტემა უფრო დატვირთა. ნებისმიერ შემთხვევაში, კლიენტს ფილიალში (მაგალითად, ვაკეში ჭავჭავაძისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე) ნახევარსაათიანი ლოდინი არ უნდა სჭირდებოდეს.
აქაც ბანკი ხარჯების ოპტიმიზაციას აკეთებს, მაგრამ უნდა იცოდეს - შეიძლება კლიენტის უკმაყოფილება გამოიწვიოს. დღეს ნებისმიერ პატარა ნიუანსში გამოიხატება ბიზნესის პასუხისმგებლობა. კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ნაკლებად უკავშირდება; ბიზნესის რაციონალურ-გამართლებული ქცევისა და მომხმარებელთან ადეკვატური დამოკიდებულების საკითხია.
ცალმხრივი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, დადებითზეც ვთქვათ. ზემოაღნიშნულ კომპანიებს თანამშრომლებისთვის, ასე თუ ისე, ნორმალური პირობები აქვთ შექმნილი - ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და ა.შ. სუპერმარკეტებში ქულათა დაგროვების ბარათები მოქმედებს. ოპერატორები ყოველ ნავაჭრზე გახსენებენ, ბარათი რომ სისტემაში გაატარონ. დროთა განმავლობაში დაგროვილი თანხით შეგიძლია ახალი შენაძენი გააკეთო, სასიამოვნოა.
„კარფური“ ერთი პერიოდი შეეცადა მომხმარებელი ქაღალდის შეფუთვაზე გადაეყვანა. სამწუხაროდ, მცდელობამ შედეგი არ მოიტანა - უმეტესობა მაინც ცელოფნის პარკებს არჩევდა. სუპერმარკეტები მაინც ცდილობენ ნაჭრისა და ქაღალდის შეფუთვის პოპულარიზებით მიზნის მიღწევას.
აღსანიშნავია ფასდაკლებები, რასაც განსაკუთრებით დღესასწაულებისას მიმართავენ. ზოგან (მაგ; ჭავჭავაძის გამზირის კარფურში) შშმ პირს ამუშავებენ წარმატებით. არ მახსოვს შემთხვევა, მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩენილიყოს - ოპერატიული და გულისხმიერი თანამშრომელია. ერთხელ მასთან კარტოფილიანის რიგში ჩავდექი. შეცდომით ჩემზე წინ სხვას მოემსახურა და მაგვიანდებოდა - აღარ გავჩერდი. მთელ სუპერმარკეტში დიდრონი თვალებით მეძებდა, მამა აბრამის 99-ე ცხვარივით სად დაიკარგაო.
პასუხისმგებლობას (მათ შორის, სოციალურს) მარტო მეორე მხარეს ნუ დავაკისრებთ. კომპანიები და თანამშრომლები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. ორი დღის წინ, „კარფურში“ ასაწონთან რიგი დადგა - მრიცხველს ქაღალდი გაუთავდა, გამოცვლას მცირე დრო დასჭირდა. შუა ხნის ქალბატონი მოგვიახლოვდა და - მე ცოტა პროდუქტი მაქვს, ურიგოდ ვერ გამატარებთო? ახალგაზრდა გოგომ, - ძალიან დიდი ბოდიში, სამსახურში მაგვიანდება და იქნებ რიგი დაიკავოთო. ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა? - ასეთი ახალგაზრდა ხარ და შენ თავზე მაინც არ ფიქრობ, ასე ცუდად რომ იქცევიო? - არაფრით ეშვებოდა, სანამ დანარჩენებმა არ დავუთმეთ.
სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეულები ბანკები არიან, გასაკვირი არც უნდა იყოს, შესაძლებლობებიდან გამომდინარე (ინფორმაცია ვებგვერდებზე შეგიძლიათ იხილოთ). აქტივობები უნდა გაიზარდოს. ჩვენს „წუთისოფელში“ მხოლოდ კეთილი საქმე და სახელი რჩება, - სოციალური პასუხისმგებლობაც ამ გაგებიდან მომდინარეობს.
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე (ენმ) გვეუბნება, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა ნებაყოფლობით დაუდგეს საზოგადოებას სოციალური საკითხების მოგვარებაში. მისივე განმარტებით, ეს ვალდებულება არ არის: „ბიზნესმა არ უნდა შეცვალოს მთავრობის ვალდებულებები; მისი მთავარი სიკეთე დასაქმება და ბიუჯეტში ფულის გადახდაა, რომელსაც მთავრობა უკეთ უნდა განკარგავდეს“.
გოცირიძის თქმით, ჩვენთან ნაკლებად არის კორპორაციული სოციალური პროგრამები, რადგან ბიზნესი არაა შეძლებული: „უფრო ქველმოქმედებითაა დაკავებული. მეწარმეები ქმნიან სხვადასხვა ფონდებს, რომლებიც ქველმოქმედებას ხმარდება. ამ ფონდებს სტაბილური შემოსავლები არ აქვთ და ვერც საჭიროებათა სწორად განსაზღვრით გამოირჩევიან“.
მისივე შეფასებით, ბიზნესის ქველმოქმედებას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს: „ყველაზე მსხვილი მხარჯველი ქართუ ფონდია. ბევრი კარგი რამ დაუფინანსებია. მაგ; რაგბის სტადიონების მშენებლობა, კულტურის ობიექტების რემონტი (ოპერა, რუსთაველის თეატრი). მაგრამ ქართუს პროექტები პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამოიყენა ივანიშვილმა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დახარჯული ორმაგად ამოიღო. 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა სოციალური პასუხისმგებლობის კარგი ნიმუში იქნებოდა, რომ არა ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ამ ხრიკის გამოყენება“.
გოცირიძე ამბობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობაა, მაგ. ბიზნესის მხრიდან პურის ფასების გაზრდაზე თავის შეკავება. მაგრამ, მისივე თქმით, ეს მთავრობის ზეწოლითაა ისევე, როგორც ნავთობის იმპორტიორების ზოგიერთი ქმედება, რომელიც მთავრობის დაძალების შედეგია:
„ვერ გაიგებ, რომელი ქმედება არის იძულებითი და რომელი ნებაყოფლობითი. მაგალითად შეიძლება სოკარის სოციალური პროგრამები მოვიყვანოთ. უწინ მეცენატები ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მისაღებად აგზავნიდნენ - ტრადიცია დღეს გაქრა. სამაგიეროდ, მოდაში საკულტო სახლების აშენება და ცოდვების ფულით გამოსყიდვაა. ამ ფონზე, გამოსარჩევია „თიბისის“ მიერ „საბას“ დაარსება და მისთ. ასევე, კარგ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების დროს განხორციელებული სოციალური ინვესტიციები“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
„საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე“ (ყოფილი პარლამენტარი ქართული ოცნებიდან) დიმიტრი ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით უფრო საერთაშორისო ბრენდებს აქვთ მცდელობა ახალი ტენდენციები დანერგონ - კონკურსები ტარდება და ჯილდოებიც გაიცემა. მისივე შეფასებით, ბევრ ქართულ კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გაღება მიაჩნია, ამით შემოიფარგლებიან:
„უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ და მეტი აკეთონ, ვიდრე ამას კანონი ავალდებულებთ. ქველმოქმედებას სოციალურ პასუხისმგებლობად ნაკლებად განვიხილავ, უფრო კეთილი ნებაა. კარგი იქნებოდა, გადასახადის გადახდის მიღმა კიდევ რესურსებს ხარჯავდე თანამშრომლებისთვის (საზოგადოებისთვის) და შენი სახელმწიფოსთვის - ჩამორჩენა გვაქვს“.
ცქიტიშვილის თქმით, ბოლომდე არ არის გათვითცნობიერებული, რაში შეიძლება იყოს გამოხატული სოციალური პასუხისმგებლობა. მისივე განმარტებით, ეს შეიძლება იყოს კანონის მინიმალურ მოთხოვნებზე მეტად დაცული გარემო, დასაქმებულთა მხარდაჭერა-კეთილდღეობა: „ზოგიერთ კომპანია არათუ აღიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ცდილობს ადამიანების ცხოვრების გაუარესების ხარჯზე მაქსიმალური მოგება მიიღოს. ზიანს აყენებს გარემოს, როცა სახელმწიფო ვერ ან არ აკონტროლებს. ჰგონიათ, ქველმოქმედებამ შეიძლება დააკომპენსიროს, თუნდაც კანონდარღვევებით წარმოებული საქმიანობა“.
რესპონდენტი გვირჩევს კონკრეტული ფაქტები სოციალურ ქსელში და საინფორმაციო წყაროებში მოვიძიოთ - მოსახლეობის ჩივილი იმაზე, რაც არ უნდა ხდებოდეს: „კანონით დაკისრებულ ვალდებულებაზე ზემოთ რასაც აკეთებ, ესაა სოციალური პასუხისმგებლობა. აქ კი ადამიანებს ცუდად ექცევიან, შრომითი უფლებები ირღვევა, გარემოს ზიანს აყენებენ - მსგავსი კომპანიების საქმეები ზედაპირზე დევს“.
ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფომ გარკვეულ სფეროებში რეგულაციები, საბაზისო საჭიროებები უნდა უზრუნველყოს, რაც საკმარისი არ არის. მისივე თქმით, შეიძლება დამატებითი წახალისებებიც იყოს - ნაბიჯები არ ჩანს:
„უფრო ბიზნესასოციაციები მუშაობენ მდგრად განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან მოტივატორებს ნაკლებად ვხედავ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს პრივილეგიები სახელმწიფო შესყიდვების დროს; ხელს უწყობდეს კომპანიებს, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული არიან - კონკურსებისას გარკვეული უპირატესობები ჰქონდეთ. მასტიმულირებელი, ქმედითი ნაბიჯი არ მახსენდება. მაგ; ეროვნულ ბანკში გენდერულ ჩართულობაზე კვოტებია; რომ საბანკო სექტორის ბორდებში გარკვეული პროცენტი ქალები უნდა იყვნენ წარმოდგენილი; თანასწორობის ხელშეწყობას გულისხმობს, რაც დამატებითი პასუხისმგებლობის მაგალითია. ცალკეული შემთხვევებში საკმარისი არ არის“.
პიარ სპეციალისტი კახა მაღრაძე (კომპანია ჯეპრა) გვეუბნება, რომ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე ქვეყანაში ორი ჯილდო გვაქვს - „მელიორა“ და „სიესარ ჯილდო“, სადაც კომპანიები წლიდან წლამდე იმარჯვებენ და ახალ პროექტებს აკეთებენ. მისივე თქმით, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს აქვთ ამბიცია (ტენდენციაა) სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით რაღაც გააკეთონ:
„ის შეიცვალა, რომ სოციალური პროექტები, გაჭირვებულთა დახმარება უპირველესი პრიორიტეტი აღარ არის - პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახდა. გარემოს დაცვაზე, მდგრად (ახალგაზრდების) განვითარებაზე, განათლების ხელშეწყობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულია. ნახეთ მელიორასა და სიესარ ჯილდოზე წლების განმავლობაში დაგროვილი კომპანიების ჯილდოები - გამორჩეული საქმეებია“.
მაღრაძის დაკვირვებით, გაიზარდა თანამშრომლების გაძლიერებაზე (ჩართულობაზე), პროფესიულ განვითარებაზე მიმართული პროექტების რაოდენობა, შიდა აუდიტორიაც მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს არ დაუკლია: „ზოგიერთი ბიზნესი პანდემიის დროს გააქტიურდა და პარტნიორების გაძლიერების პროექტებიც ჰქონდათ. მეტად შემოვიდა მდგრადი განვითარების ელემენტები, რაც სოციალურ ჯგუფებს გრძელვადიან პერსპექტივაში ეხმარება. მხოლოდ კანფეტებისა და საჩუქრების დარიგებით აღარ იფარგლებიან“.
პიარ სპეციალისტი ერთადერთ ნაკლს იმაში ხედავს, რომ ბიზნესი სოციალურ პასუხისმგებლობას უყურებს, როგორც დამატებითი დანახარჯის გაღებას. მისივე თქმით, განვითარებისა და მოგების ინსტრუმენტად არ განიხილავს - სინამდვილეში ასე უნდა იყოს:
„კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის ისეთივე სარგებლიანი უნდა იყოს, როგორც საზოგადოების ჯგუფებისთვის, ვისაც ეხმარება. ქართულ ბიზნესს ბოლომდე გააზრება აკლია - საკუთარი სარგებლის ნახვაზეც ორიენტაცია. როდესაც ამ ყველაფერში მოგებას ხედავს, რასაკვირველია პროექტების განხორციელებას აგრძელებს, ყველასთვის სასიკეთოა. იმავე განათლების მიმართულებით ბევრმა კურსებისა და ტრენინგების კეთება დაიწყო. თუ ფინანსურად მომგებიანი არ არის და მისვე გაძლიერებას ხელს არ უწყობს (კადრების მოძიებაში არ ეხმარება), რაღაც დროის შემდეგ შეწყვეტს დაფინანსებას. სჯობს თავის მოგებაზე და მიღების პროცესში საზოგადოების სარგებელსა და კეთილდღეობაზეც ერთდროულად ფიქრობდეს. თანამედროვე მიდგომაა, რაც ჯერჯერობით განვითარებული არაა“.
კითხვაზე - მიზეზი სად უნდა ვეძიოთ, მაღრაძე გვპასუხობს, რომ ცოდნა და გამოცდილება არასაკმარისია. მისივე თქმით, დიდი ისტორია არ გვაქვს და ყველაფერს პროცესში ვსწავლობთ: „როდესაც საზოგადოების მოთხოვნაა, ბიზნესი იძულებულია დახმარების რეჟიმში აწარმოოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასე ვითარდებოდა. ბოლო წლებში ახალი სტანდარტები შემოდის, უამრავი ორგანიზაცია განვითარებაზე მუშაობს და ცოტა დრო გვჭირდება სწორი მიმართულებით წასასვლელად. ბიზნესმა „სიესარის“ პროცესი ზედმეტ საქმედ არ უნდა დაინახოს“.
მაღრაძე განმარტავს, რომ ზოგი გაყიდვების ხელშეწყობისთვის აკეთებს, რეპუტაციის გაძლიერებისთვის, საიმიჯო ინდიკატორების გაუმჯობესებისთვის და ა.შ: „მაგ; ეკომეგობრული ბიზნესი ბიომეურნეობას აწარმოებს მეღვინეობაში. გარემოს მოვლის პრინციპებსაც იცავს, ბუნების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. გამოშვებულ პროდუქციას უფრო ძვირად ყიდის, რადგან ბიო ღვინოს მფლობელია. ეს საქმე მომგებიანია ბიზნესისთვის, გარემოსთვის და საზოგადოებისთვის, რომელიც ბიოლოგიურად ჯანსაღ პროდუქციას მოიხმარს. ყველა მხარე გამარჯვებულია. ასეთ მიდგომებს დრო სჭირდება, რათა ბევრმა ბიზნესმა აიტაცოს“.
მაღრაძე გვეუბნება, რომ პოპულარიზაცია წარმატებული მაგალითების გავრცელებით ხდება (ინფორმაცია ბიზნესებამდე მივიდეს და მაგალითები დაინახონ). მისივე ინფორმაციით, პროცესი საკანონმდებლო დონეზეც მიმდინარეობს - შესაძლებელია ისეთი მექანიზმების გამოყენება, ბიზნესის უფრო მოტივირება რომ მოხდეს: „აქ საგადასახადო შეღავათებს არ ვგულისხმობ, სხვა მექანიზმებიც არსებობს. მაგალითად, ფართო აუდიტორიისთვის უცნობი საჯარო შესყიდვების ახალი კანონია, რომლის განხილვებიც დაიწყება. ერთ-ერთი მექანიზმია - შემსყიდველებს შეეძლებათ იმ ბიზნესების პრიორიტეტიზაცია მოახდინონ, ვისაც ვთქვათ ერთი მესამედი მაინც სოციალურად დაუცველები ჰყავს დასაქმებული - სხვადასხვა ინსტრუმენტია. საკანონმდებლო, პოპულარიზაციისა და კარგი მაგალითების ჩვენების დონეზე კიდევ ბევრი საკეთებელია, რათა მეტმა კომპანიამ იაქტიუროს“.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქართული რეალობისთვის უცხო ხილი აღარ არის და აქტივობა ყოველწლიურად ძალებს იკრებს. ბიზნესი სულ უფრო მეტად აცნობიერებს სოლიდარობისა და ზრუნვის პროექტების აუცილებლობას.
გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველო ღარიბ ქვეყნად რჩება. კომპანიებს, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით საზოგადოებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ერთად დაუსრულებელ „გარდამავალ პერიოდს“ (სიდუხჭირეს და უპერსპექტივობას) სოციალური პასუხისმგებლობით, თანამოქალაქეების ყოფის გულწრფელი გაზიარებით, რეალური ურთიერთთანადგომით უნდა დავაღწიოთ. ხელისუფლებამ ახალი, პროგრესული გადაწყვეტილებებით პროცესს ხელი უნდა შეუწყოს.