მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მარტო ადამიანების რაოდენობა ტურიზმის განვითარების დადებით ეფექტს არ განსაზღვრავს“ - 13 სექტემბერი 2022

საჭიროა ბაზრების დივერსიფიკაცია და ორიენტირება მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებსა და ქვეყნებზე“

კოვიდ პანდემიის შემდეგ როგორ მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენის პროცესი, რუსულ  ბაზარზე დამოკიდებულება რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს, რა უშლის მთავრობას, რომ ტურიზმის სფეროში ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს, ანაკლიაში ჯავშნები რატომ გააუქმეს, ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა რამდენად პასუხობს ზრდის მოთხოვნებს, ამ და სხვა საკითხებზე ტურიზმის საკითხების სპეციალისტს, თამთა შამათავას ვესაუბრეთ.

- ქალბატონო თამთა, პანდემიის შემდგომი ტურიზმის აღდგენის პროცესი როგორ მიმდინარეობს?

- ტურიზმის სექტორში გამოცოცხლება ნამდვილად შეინიშნება. თუ რიცხვებში განვიხილავთ, ექვსი თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა - პოზიტიური დინამიკა სახეზეა. მეორე მხრივ, ნეგატიური როლი შეასრულა რუსეთ-უკრაინის ომმა და, მათ შორის, ოფიციალური უწყებების ოპტიმისტური მოლოდინები ბოლომდე არ გამართლდა. კიდევ პრობლემაა, თუ რომელი ქვეყნებიდან შემოდიან უფრო საერთაშორისო ვიზიტორები. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, პირველ ადგილზე რუსეთი, იქიდან შემოსული მოქალაქეები არიან. ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. თანხები რჩება ქვეყანაში და პოზიტიურად აღვიქვამთ; გრძელვადიან პერიოდში რუსეთზე დამოკიდებულება გვახსოვს, სხვადასხვა მიმართულებით რა შედეგებსაც გვაძლევს. მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდეს, მაქსიმალურად სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები.

ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. ფაქტობრივად, კოვიდის შემდგომ თითქოს რუკა წაიშალა და ყველას თავიდან მოუწია ზრუნვა, რომ ტურისტები მოეზიდა. დიდი შანსი და პოტენციალი გვქონდა და აქვს ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი აგრესიული მარკეტინგი ვაწარმოოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაქსიმალურად ჩართული უნდა იყვნენ სახელმწიფო უწყებები - ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ზოგადად მთავრობა. მათ შორის უსაფრთხო, მწვანე ტურიზმზე უნდა იყოს ძალიან დიდი აქცენტი, რასაც ახლა თურქეთი აკეთებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამ პროცესს ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ.

ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ვინ როგორ ხარჯავს, ყველაზე მაღალ მხარჯველი ტურისტი ვინ არის, რომელი ქვეყნებიდან შემოდიან. ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. მარტო რიცხვები და ადამიანების რაოდენობა ტურიზმის განვითარების დადებით ეფექტს არ განსაზღვრავს. საჭიროა ბაზრების დივერსიფიკაცია და ორიენტირება მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებსა და ქვეყნებზე.

ასევე, სასტუმროების დატვირთვის ინდექსს თუ გადავხედავთ, პანდემიასთან შედარებით რიცხვები გაზრდილია, მაგრამ ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წლის მონაცემებს უნდა შევადაროთ - ტურიზმის განვითარების ერთგვარ პიკს წარმოადგენდა. ამას პროცენტებში თუ განვიხილავთ, დაახლოებით 40-დან 45%-მდე ფასდება ჩვენში ტურიზმის სფეროს აღდგენა.  ომის, ინფლაციისა და ბევრი სხვას ფაქტორის გათვალისწინებით ფასები გაზრდილია როგორც პროდუქტებზე, ასევე მომსახურებაზე, მათ შორის სასტუმროებზე. კონკრეტულად ამ სფეროში ფასების ინდექსი ერთ თვეში 7,5%-ით გაიზარდა, რაც პროცესს აფერხებს; თუნდაც შიდა ტურიზმის მიმართულებით, რომ ადამიანებმა დაისვენონ, გადაადგილდნენ და სასტუმროებში განთავსდნენ.

- რუსულ ტურისტულ ბაზარზე დამოკიდებულება რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს?

- პირველ-მეორე ადგილზე რუსეთი და ბელორუსი არიან. ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს, რუსეთის ბაზარზე სამომავლოდ დამოკიდებულება კი საფრთხის შემცველია. თუნდაც ენერგო მიმართულებით პარალელი რომ გავავლოთ, არაერთი ემბარგო, გათიშული გაზი და ელექტროენერგია გვახსოვს. არასოდეს იცი აღნიშნული ბაზარი როდის გადაგეკეტება. ალტერნატიული ბაზრები აუცილებელია - ნელ-ნელა გავიდეთ ევროკავშირის ბაზრებზე და .. ძალიან კარგია, რომ ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან კომპანია შემოდის და ავიარეისები ემატება. ბევრი ასეთი რეისი გვინდა სხვადასხვა მიმართულებით; მათ შორის თბილისიდან 3 საათის საფრენ რადიუსზე  ქალაქებში. აქ ჩამოსვლა ერთდროულად ხელმისაწვდომი და კომფორტული რომ იყოს. ვიზრუნოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ერთია, რომ ამ ადამიანებს ვეპატიჟებით, მეორეა აქ რას ვახვედრებთ.

პანდემიის შემდეგ თითქმის 50%-ზე მეტმა სასტუმრომ, განთავსების, კვების ობიექტებმა, რესტორატორებმა ვერ მოახერხეს ბიზნესის შენარჩუნება და გახსნა. შემდგომში ბევრს გაუჭირდა ბაზარზე თავიდან ოპერირების დაწყება. მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ეფექტური კომუნიკაცია, მცირე და საშუალო ბიზნესს მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს, რათა ობიექტები აღდგეს. ეს პროცესი მათ შორის დასაქმებასთან არის დაკავშირებული, სადაც ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი უმსხვილესია. თვითონ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ტურიზმის როლი ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში 20%-ზე მეტია. მისი სეგმენტები ყველანაირად უნდა წავახალისოთ.

ქვეყნის გარეთ აგრესიული მარკეტინგი ნაწილობრივ მიმდინარეობს, საკმარისი არ არის. ამისთვის ცალკე ბიუჯეტია გამოყოფილი და თანაც არაერთი მილიონი. მოგეხსენებათ, კოვიდი არსად გამქრალა, შეიძლება ახალი ტალღით უკან დაგვიბრუნდეს. აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა და მეორე - მწვანე ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს. მნიშვნელოვანია პროცესს ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურა დახვდეს, კომფორტული და ხელმისაწვდომიც.

- რა უშლის მთავრობას, რომ ტურიზმის სფეროში ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს?

- შეიძლება კომპეტენცია არ ჰყოფნიდეთ ან უბრალოდ რუსეთის ბაზრისადმი დამოკიდებულებაზე ქვედა ინტერესები ჰქონდეთ - არ მსურს შეთქმულების თეორიებს ავყვე. დაუჯერებელია მიზანმიმართულად ცდილობდნენ მარტო რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული. ვინმეს უნდა მოაფიქრდეს, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაოა. 

პანდემიის დროსაც მთავრობასა (უწყებათაშორისი კომისია) და ბიზნესს შორის ეფექტური კომუნიკაცია პრობლემური იყო. ეს კომუნიკაცია ფაქტობრივად არ ჰქონდათ, რაც არაპროგნოზირებად გარემოს ქმნიდა. მე რომ ბიზნესი - სასტუმრო, რესტორანი მაქვს, მნიშვნელოვანია ვიცოდე ხვალ რა შეზღუდვა იქნება. რას მთავაზობს მთავრობა - რა რეგულაცია დაწესდება და რა არა. ეს კომუნიკაცია პროგნოზირებადი გარემოსთვის გადამწყვეტია. თუ სააგენტოს პარტნიორებთან კონტაქტი მაქვს ტურისტების ჩამოყვანაზე, ხვალ უცბად სხვა ფაქტის წინაშე არ უნდა დავდგე - მოწმენდილ ცაზე მეხივით არ უნდა შემოვიდეს ახალი შეზღუდვა. ბიზნესს რაღაც კონკრეტული პერიოდის დაგეგმვა უნდა შეეძლოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა. მით უმეტეს ზაფხულში, ტურისტულად ისედაც მზარდ პერიოდში - ეს ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს.

- რას გულისხმობთ?

- სამეგრელოდან ვარ და რეგიონში, მათ შორის ანაკლიაში ძალიან ბევრი სასტუმროს ჯავშანი გაუქმდა - ტურისტებისგან მთლიანად დაცლილია. არ ვიცი განმაპირობებელი ფაქტორი რა შეიძლება იყოს, ფაქტია არსებული პოტენციალიც კი ათვისებული არ არის. სამუშაო ძალიან ბევრია, როცა თითქმის ყველა ქვეყანა ნულიდან იწყებს მუშაობას. არ მინდა, საქართველო მოგზაურების გონებიდან და ტურისტული რუკიდან გაქრეს. ყველას თავი მაქსიმალურად უნდა შევახსენოთ.

- ანაკლიაში ჯავშნების გაუქმება ახსენეთ...

- ფაქტია, იქაურობა დაცარიელებულია. ძალიან კარგი იყო, როცა იქ სხვადასხვა ტიპის ფესტივალი ტარდებოდა, მეტ ტურისტს იზიდავდა. მოგეხსენებათ, ძირითადად ბათუმში მიდიან შავიზღვისპირეთში და ანაკლია მათთვის ახალი ხილი, მაგრამ უდიდესი პოტენციალის მქონე იყო. ამიტომ მეგაპროექტები, ფესტივალები უნდა იყოს ჩანიშნული. ჩამოვიყვანოთ და გავაგებინოთ ადამიანებს ანაკლიის, განმუხურისა თუ ნებისმიერი სხვა ტურისტული ლოკაციის შესახებ.

- ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა რამდენად პასუხობს ზრდის მოთხოვნებს?

- პანდემიამდეც პროპორციულად ვერ პასუხობდა - განთავსების, გზებისა და ტრანსპორტირება-სმარტ ლოჯისტიკის მხრივ პრობლემები ახლაც არის. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტმა თითქმის გააჩერა მუშაობა. ახლა თითქოს რეისები ნელ-ნელა ემატება, მაგრამ კიდევ ბევრი კომპანია უნდა შემოვიდეს, რათა აქ ჩამოსვლას დიდი გზის გადალახვა არ სჭირდებოდეს. ბიზნესს ხელი უნდა შევუწყოთ თუნდაც გადასახადების ნაწილის გაუქმებით, მეორე ნაწილის შემსუბუქებით, ბანკებთან ფინანსური ვალდებულებების კუთხით, მთავრობის შუამდგომლობით ერთგვარი მორატორიუმის გამოცხადებით და .. ბიზნესი ფინანსური მიმართულებით წასახალისებელია, რათა ფეხზე წამოდგეს და ყველაფერი ეკონომიკაზე აისახოს.

- ქუთაისის აეროპორტის შეჩერების მიზეზი რას არის?

- ამაზე არავინ საუბრობს. ვიზეარი თბილისიდან მხოლოდ რამდენიმე რეისს ახორციელებს. ვიმედოვნებ ეს დროებითი მოვლენაა და შეჩერება გაუქმებად არ გადაიქცევა ამ ავიაკომპანიის ოპერირებისთვის. მთავარი - ავიაბილეთებზე ფასები წარმოუდგენლად გაზრდილია - ვერ აღვწერ საფასური რამდენი პროცენტით მომატებულია. მესმის, იგივე სასტუმროები, მომსახურება გაძვირდა - მაგრამ ბილეთებზეც.... ამიტომ გამყვანი ტურიზმი ისე ვერ აღდგა, როგორც შემომყვანი ტურიზმი, თუნდაც ჩვენი მცხოვრებლებისთვის ძალიან არახელსაყრელი გარემოა. ეს პროცესი შიდა ტურიზმსაც ეტყობა. გასულ კვირას გვითხრეს, რომ თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობაც ძვირდებოდა. ტრანსპორტის, მომსახურების გაძვირება შიდა ტურიზმსაც აზიანებს, შემომყვან სფეროზე ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს. ავიაბილეთების საფასური ასე არაადეკვატურად არ უნდა იზრდებოდეს.

- რკინიგზის გაძვირებს თუ აქვს რამე ობიექტური საფუძველი?

- ამის ახსნა-განმარტებასაც არავინ გვაძლევს, მოუნდათ და გაზარდეს. ფაქტია, გადაადგილებაზე გავლენას იქონიებს. მათ შორის, როცა საწვავი ძალიან გაძვირებულია. მოგეხსენებათ, პანდემიამ ძალიან ბევრი უმუშევარიც დაგვიტოვა, ვინც ასეთ ნიხრებს უბრალოდ ვერ გასწვდება.

ასევე, არავის საუბრობს ტურიზმის .. საქმიან ნაწილზე, სადაც დიდი სამუშაოა. ეს ადამიანები, .. ბიზნეს ტურისტები უფრო დიდ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ერთი ტიპური ვიზიტორი. ქვეყანას საოცარი პოტენციალი აქვს სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ტურიზმისთვის. როდესაც აღნიშნულ თემას ვამუშავებდი, 80-მდე ტურისტული კურორტის ტიპის ადგილია საქართველოში ოფიციალურად აღნუსხული, რათა მსოფლიო მასშტაბის კურორტად გადაიქცეს. ახლა ჩვენ გვაქვს ბორჯომი, ბაკურიანი, გუდაური, წყალტუბო, რომელსაც დღემდე საშველი არ დაადგა. თითზე ჩამოსათვლელი საკურორტო ადგილებია. ამ დროს 80-მდე ლოკაციაა, სადაც შეიძლება ინფრასტრუქტურა გაიმართოს და გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ტურიზმის დიდი ჰაბი გავხდეთ რეგიონში.

ახლა თურქეთი სამედიცინო ტურიზმის ჰაბია და რეგიონის (და არამხოლოდ) მასშტაბით ყველა იქ მიემგზავრება, პოტენციალი ჩვენც გვაქვს. ეს ძალიან დიდ ფინანსებს შემოგვიტანს. რიგითი ტურისტი საშუალოდ 2-3 ღამით ჩამოდის, ხოლო სარეაბილიტაციო ტურიზმისას ადამიანი მინიმუმ ათი დღე ან ორი კვირა ჩერდება ხოლმე. თუ ერთი რიგითი ვიზიტორი საშუალოდ ორას-სამას დოლარს ხარჯავს, რეაბილიტაციისთვის შემოსული საშუალოდ 2 ათასიდან 2,500 დოლარამდე ხარჯავს. ეს მნიშვნელოვანი ნიშაა, რა მიმართულებითაც დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ამ აქტივებზე იგივე ინვესტორებთან უნდა დაწყოს საუბარი. სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს, რადგან მარტო ბიზნესი ვერ იზამს.

- გაუმჯობესების გზაზე გამოსავალს კიდევ სად ხედავთ?

- ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ. მეორე - რადგან ჩვენი ეკონომიკა გარკვეულწილად ტურიზმზე ჩამოკონწიალებულია, აუცილებელია ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის; მცირე და საშუალო ბიზნესი მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ, რათა ფეხზე დადგნენ და დაასაქმონ ადამიანები; წვლილი შეიტანონ შიდა პროდუქტის ზრდაში. და მთავარი - ქვეყნის გარეთ ტურისტებს ხელახლა აღმოვაჩენინოთ ჩვენი ქვეყანა, ტურისტული რუკიდან როგორმე თავი არ წავიშალოთ. აგრესიული მარკეტინგით ბაზრების დივერსიფიკაციაზე ვიმუშაოთ, რაშიც ჩვენი ელჩები უნდა გააქტიურდნენ. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია