„ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი, ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას, მანამდე, მათ რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ“
1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდიან. ამ მიზნით გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ღია საზოგადოების ფონდიდან ქეთი ხუციშვილი, ნინო ქათამაძე - „ნინო ქათამაძის ფონდის“ სახელით, დმიტრი კორენი – RAZOM.GE-ს სახელით, თეონა ჭკადუა – DOPOMOGA Ukraini-ს სახელით და მოხალისე აქტივისტები.
2 აგვისტოდან, საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეების აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვეობით დაიწყო. ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ანგარიში ლარში: GE51TB7324636080100018; დოლარში: GE63TB7324636180100012. მიმღები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.
უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად, ღია საზოგადოების ფონდი 150 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მოქალაქეთა შემოწირულებებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი, ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, სხვადასხვა სფეროს, ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი – გამოვიჩინოთ თანადგომა და ჩვენ სტუმრებს ეს უმძიმესი პერიოდი გადავატანინოთ. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც უმცირესი შემოწირულობით დაუჭირონ მხარი ამ პროცესს“, – აცხადებენ ინიციატივის წევრები
ქეთი ხუციშვილი, „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორი:
„მართლაც ჩვენი ომია, როგორც ამას ძალიან ბევრი ქართველი თვლის. ჩვენ ალბათ ყველაზე კარგად გვესმის უკრაინელების, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ომი, იმიტომ, რომ უკვე რამდენჯერმე გამოვიარეთ და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რა არის რუსული აგრესია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ ამ უკრაინელებს და მივცეთ დროებითი თავშესაფარი. ძალიან მძიმეა იმის ნახვა, რომ ქალები და ბავშვები რჩებიან ღია ცის ქვეშ“.
მოქალაქეებს ასევე მომღერალი ნინო ქათამაძე მიმართავს:
„ისინი ცხოვრობენ ტერიტორიებზე, საიდანაც პრინციპში დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ან ოკუპირებულია ამ ეტაპზე ტერიტორია, ან კიდევ გეოგრაფიულად ვერ ხდება იქ დაბრუნება, რადგან ეს უნდა მოხდეს რუსეთი გავლით, რაც შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, სადაც აქამდე შევძელით გაერთიანება ამ უდიდესი ტკივილის წინაშე, ახლაც შევძლებთ“.
უკრაინიდან დევნილი დმიტრი კორენის (RAZOM.ge) უკრაინულენოვანი გამოსვლის თარგმანი:
„მე ვარ უკრაინიდან! უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მოხალისეს, აქტივისტს და საქართველოს რიგით მოქალაქეს. ამ უდიდეს მხარდაჭერასა და მზრუნველობას გრძნობს ყველა უკრაინელი, რომელიც ამჟამად საქართველოშია.
მოხდა ისე, რომ საქართველოში ლტოლვილთა ურთულესი კატეგორია მოხვდა. ესენი არიან ლტოლვილები მარიუპოლიდან, ხერსონიდან- თითქმის მთელი ზაპოროჟიედან. ამ უკრაინელებს, რომელთა სახლები და ცხოვრება დანგრეულია, დასაბრუნებელი არსად აქვთ.
უკრაინიდან ლტოლვილთა, დაახლოებით 77 პროცენტს, თქვენი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს ადამიანები საქართველოში ინტეგრაციას ცდილობენ.
ჩვენი გუნდი აგროვებს და ამუშავებს დახმარების მაძიებელი უკრაინელების მონაცემებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. 2022 წლის 2 აგვისტოდან მონაცემების შეგროვების პირველივე დღეს, 100-მდე განაცხადი შემოვიდა. ორ დღეში 345 მიმართვა გვაქვს. რომელთაგან: -81% ბავშვებიანი ქალია, - ოჯახების 16%-ს აქვს დამატებითი სპეციალური საჭიროებები.
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ფონდს და მზრუნველ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარნენ დროებითი თავშესაფრის მიცემაში ყველაზე მეტად გაჭირვებულ უკრაინელებისთვის.
მიმართვა ბევრია. თითოეულ მოქალაქეს გთხოვთ, დაეხმაროთ უკრაინელ მეგობრებს.
დიდი მადლობა საქართველო!“ - დმიტრო კორენი, www.RAZOM.ge.
ჩვენ ამ საკითხზე თბილისის მერიის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:
„გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.
რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.
თბილისში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებს უფასო მომსახურებას უწევს შემდეგი მუნიციპალური ცენტრები: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი, ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი; თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი, თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი, კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი; ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თბილისის თეატრი „გლობუსი“, სამეფო უბნის თეატრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები; თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების სკოლა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი“, - აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.