მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფელინის „კინო“ ვაგზლის მოედნიდან - რეპორტაჟი - 14 სექტემბერი 2022

უიმედობა, უპერსპექტივობა, რწმენის დაკარგვა და ინერციით შრომა, სცენარი შესაცვლელია - მთელ უზარმაზარ ტერიტორიაზე ამის მძაფრი სურნელება დგას“

ადრე, კომუნისტების პერიოდში, სტუდენტებმა მეგობარი კინოთეატრში ვერაფრით მიიყვანეს. ყოველ თხოვნაზე ასე პასუხობდა - რად გინდა, ბიჭო, თქვენი კინო, აგერ გადით ვაგზლის მოედანზე, იქვე მეტროს წინ გაჩერდით და ხალხის ქცევას დააკვირდითო; მე როცა ნამდვილი (ფელინისებური) ფილმის ნახვა მომინდება, სწორედ იქ მივდივარ, თქვენც იმავეს გირჩევთო, - თავისას არ იშლიდანეორეალიზმისდაუდგრომელი მიმდევარი.      

გადავწყვიტე მისთვის მიმებაძა და აღნიშნული ტერიტორიიდან სახელდახელო რეპორტაჟი მომემზადებინა. თან იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულებიაკინოკიდევ უფრო გახურდა. იმის მიუხედავად, რომ შუაგულში ძველიდეზერტირებისბაზარი აღარ არსებობს, სამაგიეროდ ირგვლივ ყველგან ვაჭრობაა, სადაც კი ეს ფიზიკურად შესაძლებელია. 

სადგურის მოედნისკენ მიმავალ ავტობუსს სირბილით მივუსწარი და მარდად შევახტი. ფეხი შევდგი თუ არა, ინსტინქტურად პირბადე ამოვიღე. მაგრამ გარშემო მიმოვიხედე, არავის ეკეთა და ჯიბეში დავაბრუნე.

ბოლო სკამზე ქალბატონი ხმამაღლა ლაპარაკობს - გოგო, 400 ლარს არაფერში მიხდიან, თვეში ერთხელ ტრენინგზე ერთი დამატებითი ადამიანი მიმყავს და ამაში მაძლევენო; წამო, შენც წაგიყვან, ხომ გინდა მუქთა ფულიო. ეტყობა, მორიგი თაღლითურ-პირამიდული (თუნდაც ბოლო, .. ბოტასისებური) სატყუარის  მომსწრე გავხდი. ოღონდ ეს უახლესი პირამიდა ჩანს ფულს აღარ ითხოვს, პირდაპირ ადამიანებზე (მათ სულებზე) ნადირობს.

ვაგზლისკენ მიმავალ თამარ მეფის გამზირზე, წლებთან ერთად  ყველა და ყველაფერი იცვლება კინოსტუდიაადამი და ევას“ (გზისპირა ვაშლებიანი ჭიშკარ-ფასადის) გარდა. ცოცხალიკინოცდაახლოებით ამ ადგილიდან იწყება და ზემოთნახალოვკამდევითარდება.

დღესაც ცხელა და ადამიანები ტაატით გადაადგილდებიან. „დინამოსკენმიმავალ თევდორეს ქუჩის პატარა ბაზრიდან გამოსული ძველი ნაცნობი მხვდება, აქვე ნიგოზს ვყიდიო, მეუბნება.

- შენც კარგია, რომ მუშაობ, მაგრამ დღეს ბაზარში თუ არ გამოხვალ და რამით არ ივაჭრებ, ისე ამ ქვეყანაში ცხოვრება გაგიჭირდებაო; გამოდი ჩემთან ნიგვზებში და მცირედით დაიწყე, ასე ხელფასზე ცოდვა ხარო, - მარიგებს.

- მადლობა მეგობარო, შენც კაი ჯანზე ხარ და ასე გააგრძელე-მეთქი.

მეორადი წიგნების განყოფილებაში გადავდივარ, ერთ-ერთი იშვიათი გამოცემით ვინტერესდები. ასაკოვან მამაკაცს ვეკითხები, მუშაობა როგორ მიდის-მეთქი.

- აქ ძირითადად სახელმძღვანელოებზე ვმუშაობთ, მასწავლებლები ავალებენ მოსწავლეებს საჭირო ლიტერატურას  და ისინიც ყიდულობენ; აბა რა გითხრათ, ვაჭრობა ჩავარდნილია, რადგან ხალხს ფული არა აქვს. შენი წიგნი ვისღა აინტერესებს, როცა ერთი ჭიქა ზეთის ფასი ლამის ათ ლარამდე ავარდა. დღეში შეიძლება 20-30-40 ლარი ვიშოვო, მაგრამ ჯიბიდან ისე ქრება, მიჩვევასაც ვერ ვასწრებო.

- ამ რეალობას რა ეშველება-მეთქი.

- სოციალური ყოფა მძიმეა და ადამიანებს პურის, საჭმლის ფული წესიერად არ მოეპოვებათ, წიგნებზე ვინღა დარდობს. რა გვეშველება და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა განვითარებულ ევროპაში უნდა წავიდეს, იქ ფული იშოვოს, წესრიგი, კანონების დაცვა ისწავლოს და მერე ჩამოვიდეს, ქვეყანას გამოადგესო; მოსემ ებრაელები 40 წელი რომ ატარა უდაბნოში, ჩვენც მაგ დღეში ვართ და ასე მალე არაფერი გვეშველებაო.

მაგრამ აქ დარჩენილები ვერ შევძლებთ რეალობის შეცვლას? ვეკითხები:

- ვერა, რადგან დღეს აქ წარმოუდგენელი მონობაა გამეფებული! ადამიანები ჩვეულებრივ უთავმოყვარეო არსებებად არიან გადაქცეულები და მთავრობისაც უკვე აღარავის სჯერა. კი ბატონო, მე თუ არ მენდობით, აგერ შემოიარეთ მთელი ეს ტერიტორია და თუ ვინმე დღევანდელი ხელისუფლების მადლიერს აღმოაჩენთ, არ დაგეზაროთ, მოდით და მახარეთ ეს ამბავი. ჯერ წინაზე უარესი მოვიდა სათავეში, მერე მასზე კიდევ უვარგისი, ახლა ესენი რომ გაყარო, კიდევ უფრო აბდალი მოვა და ჩვენი საშველი არაფერია - სანამ წასული ახალგაზრდები უკან არ დაბრუნდებიან, ქვეყნის ევროპულ თარგზე მოწყობას არ დაიწყებენ. ამისთვის რაც შეიძლება მეტი უნდა წავიდეს, თორემ ამ მონების მთავრობისგან ხეირს არავინ უნდა ელოდოს.

აგერ, სამი შვილიშვილი მყავს და არცერთი არ მუშაობს. მეც რომ ყოველდღიურად არაფერი შემქონდეს ოჯახში, მშივრები ვიქნებოდით. შემხედეთ რა მაცვია, აქვე მეორადებში შევდივარ და ერთ-ორ ლარად ვყიდულობ ჩასაცმელებს, რომ ოჯახში ელემენტარული მაინც არ მოგვაკლდეს. აბა, ეს ცხოვრებაა?

წიგნებს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ მთავრობას მაინც რას ერჩით-მეთქი.

- გეტყვით და კარგად მომისმინეთ. დღევანდელ მთავრობაში უფრო სწორად მონები კი არა, პატრონის ჩვეულებრივი ვასალები არიან, რადგან ამაში (დამოკიდებულებაში) მათ ფულს უხდიან. ხოლო მონას, მოგეხსენებათ ფულსაც არ აძლევენ, ისე ამუშავებენ. მაგრამ ამ ვასალებმაც პატრონისგან ფული რომ არ მიიღონ თავის დროზე, დაძიძგნიან ეგრევე; აი ასეთი მახინჯი სისტემაა ჩამოყალიბებული და ამ დაუნდობელ ძიძგილაობაში შენი უბრალო ხალხი ვის აინტერესებს? შეხედეთ, როგორი აღრენილები არიან ეს ვასალები; ვინმესგან განსხვავებულ აზრს რომ მოისმენენ, ოპოზიციიდან ან უბრალოდ რიგითი ადამიანებიდან, დასაგლეჯად გამზადებული არიან. ჰო, მათთვის ხომ საქართველო აყვავებული ქვეყანაა; რადგან თვითონ კარგად არიან ეს ვასალები და პატრონსაც ანგარიშს აბარებენ დროულად.

ამიტომ არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მორიგი არჩევნებით რამე შეიცვლება. აი ნახავთ, ისევ  დაირაზმებიან პატრონ-ვასალები და ბოლოს და ბოლოს დანარჩენებისგან ხმებს იყიდიან ისევ, რა აქამდე სულ ასე არ ხდება?

კი მაგრამ, ასე სულ ესენი იქნებიან სათავეში? - სიცხეს უმატებს, მაგრამ ჩაკითხვებს მაინც არ ვიშლი.

- იქნებიან, სანამ ევროპაში წასული თაობა ცოტა მომძლავრებული და განათლებული უკან არ დაბრუნდება და სამარცხვინო მონურ ცხოვრებაზე უარს არ იტყვის, - მეუბნება წიგნების გამყიდველი. 

დამწვარიბავშვთა სამყაროსწინა მოედანზე, ასაკოვანი ქალბატონი საბნების, ბალიშების, თეთრეულისა და  მსგავსი საქონლის კლიენტს ელოდება დიდი მოთმინებით.

- ამ შენობის საეჭვო ვითარებაში დაწვის შემდეგ მოედანზე გადმოვედით. გავნაწილდით, ზოგი აქვე ახლოს ოქროს ბირჟაზე გადავიდა, ზოგი პროდუქტების ბაზარში,  შეძლებისდაგვარად ყველამ თავს უშველა; ბავშვთა სამყაროს ადგილზე მიწა ამოთხრილია და რაღაცას აშენებენ, ჩვენ ამას არავინ გვეკითხება, პატარა ხალხი ვართ. გლეხებმა საკუთარ თავს თუ არ მივხედეთ, არავის ვაინტერესებთ, შვილო. მთავრობა თავისთვის, სულ სხვაგან იმყოფება და ჩვენ უბრალო ხალხი სხვაგან. მთელი დღე აქ თუ არ ვიმუშავეთ, კარგი დღე არ დაგვადგებაო, - შემომჩივის.

- მაინც რას დამაბარებთ მთავრობასთან-მეთქი.

- მე ვერაფერს დაგაბარებთ, მათ თავიანთი საქმის თვითონ იციან, ჩვენ ჩვენი. ვაჭრობა ხან არის, ხან არა; ზოგჯერ ზედიზედ გაყიდი, შეხედავ ზიხარ მთელი დღე და მყიდველი არავინაა. ამიტომ მოლა ნასრედინის არ იყოს, მთავარია ადამიანი შრომა-ვაჭრობაში იყო და ასე გადარჩე, სხვა გამოსავალი არაა. გლეხისთვის არცერთი მთავრობა არ ყოფილა და არც იქნება, ამიტომ მათთვის სათქმელიც არაფერი მაქვს, - ღიმილით მემშვიდობება. 

იქვე შორიახლოს, აფხაზეთიდან დევნილი შუახნის მამაკაცი პრესას და ჩანთებს ყიდის:

- ჩემი დღევანდელი გადასახედიდან, ნეტა იქვე აფხაზეთში მომკვდარიყავი და აქეთ საერთოდ არ ჩამოვსულიყავი, ეს რა ცხოვრება დავინახეო, - მაქსიმალურად ხმადაბლა, მაგრამ ღიმილიანი გამომეტყველებით შემომჩივის. 

- მეგობარო, ასე ნიჰილისტურად რატომ ხარ განწყობილი-მეთქი.

- მთლად ასეც არ ვარ ძმაო, იმედს მაინც არ ვკარგავ, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ამ რწმენის გზაშია. მე პირადად ამ რწმენით ვცოცხლობ და ეს მასულდგმულებს! პოლიტიკას რაც შეეხება, არჩევნებით აქ არაფერი შეიცვლება, რადგან ალბათ თქვენც ხედავთ, ყველაფერს დედა აქვს ნატირები. ან არჩევნები რას შეცლის, როცა ყველა თავის ჯიბეზე იყურება? თანაც იცით რა არის? გვარგადაკეთებული ვაი ქართველები ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანენ; შეიძლება ეს არ დაბეჭდოთ, მაგრამ ამას მაინც გეუბნებით. აბა, რომელია მთავრობაში ნამდვილი ქართველი, შეამოწმეთ და თითქმის ყველა გვარგადაკეთებულია, რატომ უნდა ველოდოთ მათგან რაღაც განსაკუთრებულ სიკეთეს? სანამ ნაღდი ქართველები არ იქნებიან სათავეში, ჩვენი საშველი არაფერია. შეხედეთ, ადამიანები გაბრაზებულ-გაბოროტებული დადიან, ნამდვილი ზომბებივით არიან. აბა, ეს რა ნორმალური ცხოვრებაა? გაყიდვები შემცირებულია, მაგრამ სად წავიდე რა გავაკეთო? უცხოეთში წასულებიც ამ რეალობას ადვილად ვერ გამოასწორებენ. იქ ნაწილი ან ნარკომანობს ან იპარავს, მათი იმედი როგორ უნდა გქონდეს? - მეკითხება.   

გაჩიანელი (აზერბაიჯანელი) ქალბატონი ძველი დეზერტირების წინ ბოსტნეულს (მწვანილებს) ყიდის. აქეთ შემომჩივის - ხალს ფული რატომ არ აქვს, ასე რატომ უჭირთ, ათ და ოც თეთრზე მევაჭრებიან, დაკლებას მთხოვენ, ადრე ასეთები ნაკლებად ხდებოდაო.

- აბა, მე რა ვიცი ბებო, მიზეზი თქვენ უფრო გეცოდინებათ-მეთქი.

- მე რა უნდა ვიცოდე, დილიდან დაღამებამდე აქ ვმუშაობ, რომ ჩემი ტკივილი დავივიწყო - 42 წლის ბიჭი გარდამეცვალაო;

- რა მოხდა-მეთქი.

- ყველაფერი ღმერთის ბრალია; მაგაზე ფიქრის თავი სად მაქვს, ჩემ მაგივრად აქ ვინ იმუშავებს, ოჯახში ფულს ვინ შეიტანსო, - თავისთვის ამბობს თითქოს.     

გზად კიდევ ერთი ნაცნობი მხვდება, რაიონიდან ჩამოსული. მახსოვს ადრე მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობდა.

- კარგა ხანია თავი დავანებე, ძველი ვალები წლების შემდეგაც ვერ ამომიღია. იაფი მეორადი ტანსაცმელიც კი ყველასპოსლეზეუნდოდა, მერე ძირის ფულიც აღარ მრჩებოდა, რომ აქედან ახალი საქონელო წამეღო. შენ აზრზეც არ ხარ რაიონებსა და სოფლებში რა მდგომარეობაა - ახალგაზრდები უკვე სანთლით უნდა ეძებო, ვინც დარჩენილია ისიც დღე და ღამე ამქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს და ზრუნავს. მაგრამ გაჭირვებულთა მსგავსად, ფული ვისაც ჰქონდა, ისინიც არ მიხდიდნენ, ამიტომ ვაჭრობას თავი დავანებე. ახლა კლინიკაში ჩამოვედი ექიმთან გეგმურ შემოწმებაზე, იმედია კარგად მექნება ყველაფერი, - მემშვიდობება. 

ამ ფონზე, რაიმე ოპტიმისტურ ნოტს ვეძებ და ისევ ძველი ნაცნობი წიგნებით მოვაჭრე (ქალბატონი იზო) ხვდება დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში.

- უპერსპექტივო წიგნებს თავი დავანებე და აგერ დასუფთავებაში დავიწყე მუშობა. აქვე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ვაკრიალებთ დღეში ორჯერ. შენ რომ იცოდე, თვითონ  კალაძემ დამაჯილდოვა, ამის დამადასტურებელი სიგელიც მაქვს. შენ ხომ იცი, უბინაო ვარ და ბატონ კახას ეგეც ვთხოვე. იმედია განიხილავენ და ადრე თუ გვიან მეც მეღირსება სადმე გარეუბანში ერთი ოთახი, თორემ ნაქირავებში წანწალით დავიღალე, - მეუბნება.

ეს ბოლო რესპონდენტი რომ არ შემხვედროდა, რეპორტაჟში დამრჩებოდა ვაგზალი და მოვაჭრეები, რომელთაგან მთავრობის აღარავის არ სჯერა...  რომ მისგან კიდევ რამ სახეიროგამოცხვება“. უიმედობა, უპერსპექტივობა, რწმენის დაკარგვა და ინერციით შრომა - ვაღიარებ, ასეთი რეალობა მოედანზე აქამდე არ მინახავს. კინო გრძელდება, მაგრამ სცენარი შესაცვლელია - მთელ უზარმაზარ ტერიტორიაზე ამის მძაფრი სურნელება დგას.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია