„კაცი იმედით ცოცხლობს ჯოჯოხეთის კარიბჭესთანაც კი, რასაც იმ დღეებში ულამაზესი მთები დაემსგავსა - ვებმებით ბრძოლაში, რადგან ესეც თავისებური ომია შენი ქვეყნის დასაცავად“
(რეპორტაჟი)
აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ქვეყანას ხანძრების სერიამ გადაურბინა. სვანეთიდან დაწყებული ყვარლის მთებამდე, უნალექობისგან გამომშრალი ბუნება იწვოდა და შველას ითხოვდა. სხვა სამსახურებთან ერთად სტიქიასთან ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც ჩავერთეთ.
ძირითად სამსახურთან ერთად, სამი წელია ეროვნული გვარდიის რეზერვისტი ვარ. მარტივი და ქმედითი იდეა დევს მასში - ქვეყანას სადმე თუ გაუჭირდება, გვერდით უნდა დავუდგეთ. აგვისტოს ბოლოსთვის საწვრთნელ ბაზაზე გეგმური შეკრება არ გვიწევდა და სოფელში ვაპირებდი წასვლას, მშობლებისთვის სეზონურ სამეურნეო საქმეებში მისახმარებლად.
ჯერ კიდევ ბორჯომის ხანძარზე ჩვენი ოცეულის სამაგალითო მებრძოლი რობაქიძე მირეკავს ზესტაფონის სოფლიდან - რა ხდება ბიჭო, აქედანაც კარგად ვხედავ, იწვის ბორჯომის მთები, კვამლი აქ ჩვენამდე აღწევს, რას აპირებენ, ჩასაქრობად არ გვეძახიანო? - დაველოდოთ მეგობარო, ალბათ დაგვირეკავენ-მეთქი. ასეთივე განწყობა იყო მთელ ოცეულში, ბიჭებმა დასასვენებლად წასვლა გადაიფიქრეს, გვარდიიდან ზარის მოლოდინში.
ბორჯომში ხანძრის ლოკალიზება ადგილობრივი ძალებით მოხერხდა. ყვარელში, შილდას მთებში ხანძრის გაჩენისთანავე კი ზარს აღარ დაუხანებია. ღამის თერთმეტ საათზე შეგვატყობინეს, რომ დილით სამგორის მეტროსთან უნდა ვყოფილიყავით. თავდაცვის სამინისტროს ავტობუსით პალდოს საწვრთნელ ბაზაზე გადავედით, 202-ე ბატალიონიდან საკმაო ხალხი შეიკრიბა.
თუ მანამდე სამდღიან შეკრებაზე იყო საუბარი, მეთაურმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ ერთი კვირა მაინც მოგვიწევდა. ცეცხლი უკვე დიდ ფართობზე იყო მოდებული და ყველაფერი მაინც ამინდზე უფრო იყო დამოკიდებული. განრიგის ოპერატიულად შეცვლაზე ხმა არავის ამოუღია - სასწრაფოდ სამხედრო ფორმა ჩავიცვით, საგარეჯო-ბაკურციხის გავლით ყვარლის გზას დავადექით.
ჩვენს ბატალიონში (მეორე ასეულიდან) უკვე გოგოებიც გვყავს. ერთ-ერთმა მათგანმა ავტობუსის სალონში ვიდეო ჩართო ერთადერთი კითხვით - აბა, მთებიდან დაბრუნებისას ყველაზე ბინძური ვინ იქნებაო. - ბინძური კი არა, კაცური კაცის კაცური სუნით დავბრუნდებით ყველა სახლში, - ასეთი იყო სახალისო პასუხების რეზიუმე.
ბაკურციხის გადასახვევიდან სამხრეთით, ახლად გაყვანილი გზით შემთხვევის ადგილისკენ გადავუხვიეთ. გზად მწვანე ვენახები ისე ბობოქრად ბიბინებს, ირგვლივ სულ ბარაქა ბარაქა გაისმის. ზოგან ადრეული რთველი უკვე დაწყებულია, გლეხები ჭირნახულს იმკიან. შრომისა და ლხინის ამ ზეიმში ხანძარსა და უბედურებას რა უნდა? - ბიჭებსა და გოგოებს ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, - კაცი ბჭობდა ბუნება იცინოდაო.
რა რეალობა დაგვხვდა ადგილზე
მოგეხსენებათ, კახეთში და თითქმის ყველგან საქართველოში ორ თვეზე მეტხანს ნალექი არ მოვიდა. შხაპუნა წვიმა თითქმის დაგვავიწყდა, სამაგიეროდ ქუჩები და ორღობეები ლამის მუხლებამდე მტვერს მიჰქონდა. მიწა უდაბნოსავით გამომშრალია და ერთი ნაპერწკალი სჭირდება ცეცხლოვანი სტიქიის ასაგიზგიზებლად. ამ დროს მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ ყველას ხომ ერთნაირად ვერ მოსთხოვ ელემენტარულ გონიერებას, მით უფრო საკუთარი ქვეყნის სიყვარულს და ა.შ.
გზისპირა ვენახებისა და ღვინის საწარმოთა „ოაზისების“ გავლის შემდეგ უკვე შორიდანვე ვხედავთ აგიზგიზებული მთების ფერდობებს. დიდი ილიას ყვარლის მთები დაუნდობლად იწვის და მას უნდა ვუშველოთ. შთამომავლობა ცოტას მაინც თუ ივარგებს საქვეყნოდ სასიკეთო საქმეში... ან სად აქაური ბუნების ეს სილამაზე და სად მისივე ყოვლისწამლეკავი ხანძარი.
სოფელ შილდას ბოლოში ავტობუსიდან სამხედრო სატვირთოებში გადავსხედით და სულ ცოტა ხანში მთების ძირში სახელდახელოდ გაშლილ ბანაკს მივადექით, რომელიც კვამლის სქელ ბურუსში იყო გახვეული. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სამაშველო სამსახურები ადგილზე დაგვხვდნენ, ბიჭები მზად იყვნენ ჩვენთან ერთად სტიქიას გამკლავებოდნენ. გამთენიიდან უჭმელებს მშრალი საველე საკვები დაგვირიგეს. ცოტა წავიხემსეთ თუ არა, იმავე სატვირთოებით მთების შუაგულისკენ გზას დავადექით ნიჩბებით, გერმანული წარმოების აირწინაღებითა და რკინის ჩაფხუტებით შეიარაღებულები.
ჩვენამდე ტრაქტორებმა მთის მწვერვალამდე და მის შემდეგაც, მეორე მხარეს დაბოლოებამდე სპეციალური ახალი გზა გაიყვანეს - სხვანაირად ხანძრის უამრავ კერასთან ფიზიკურად მიდგომა შეუძლებელი გახდებოდა; ან როგორ მიუდგები, როცა ძირიდან მწვერვალამდე თითქმის ხუთი კილომეტრია გასავლელი. სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, ვერაფრით დარწმუნდები ამ სირთულეებში. შორიდან კი ყველაფერი მეტისმეტად მარტივად გამოიყურება.
მთების შუაგულში გავარვარებული ცეცხლის ენებთან პირობა დავდე, რომ არასოდეს ხანძრის თემაზე ზერელედ აღარ ვილაპარაკებდი (დავწერდი) და სხვასაც იმავეს ვურჩევდი. ადვილია ხმამაღალი განცხადებების კეთება შორიდან, როცა ადგილზე ლამის განწირული შრომა გიწევს ბუნებრივი სტიქიის წინაშე და ხშირად მარცხდები კიდეც; მაგრამ იმედის ნაპერწკლით, რომ ხვალ დილით უფრო კარგად იმუშავებ, ბუნების ფერისცვალების ღვთაებრივი მადლიც დაგეხმარება და ცეცხლს ჩააქრობ - კაცი ხომ იმედით ცოცხლობს ჯოჯოხეთის კარიბჭესთანაც კი, რასაც იმ დღეებში ყვარლის ულამაზესი მთები დაემსგავსა.
რა ხდებოდა შიგნით ტყეში
სიმაღლეზე გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ წინ ვეღარ მივდივართ, რადგან ზემოთ ყველგან მოდებულია და ხანძარი სწრაფად ვრცელდება მთელ არემარეზე. წინ დაღესტნის საზღვრისკენ ალპურ ზონამდე მალევე მივა და ამიტომ იქით გასვლას აზრი ეკარგება - ცეცხლს ბოლო კიდისთვის თითქმის მიღწეული აქვს. ახლა მთავარია აქეთა მხარეს შეძლებისდაგვარად აღარ გადმოვუშვათ.
ვებმებით ბრძოლაში, რადგან ესეც თავისებური ომია შენი ქვეყნის დასაცავად. სახანძროს გამოცდილ ბიჭებთან ერთად პერიმეტრის გაკონტროლება გვევალება - მაგალითად, გაყვანილი გზის აქეთ მხარე აღარ გადმოშვება. საშინლად გამოიყურება დამწვარი ტყე, უზარმაზარი ხეები და ბუჩქნარ-ბალახები, ფოთლები... კიდევ კარგი, ნედლი ხეები ნაწილობრივ იწვის და მერე აღდგება აუცილებლად. მაგრამ მასზე ჩამხმარ-ჩაჩუტული ფოთლებიც საზარლად გამოიყურება, რასაც ამ სეზონზე აღარაფერი ეშველება. მთლიანობაში კი, ნედლი ხე გადაურჩება ხანძარს და ეს ოპტიმიზმით გვავსებს, იგივე ბორჯომისგან განსხვავებით, სადაც ხანძარი წიწვოვან ტყეს ბოლომდე ანახშირებს.
აქ კი, გზისპირას ხმელი ხე იწვის, რომელიც შეიძლება მალევე წაიქცეს და ცეცხლი მეორე მხარესაც გადაედოს. სახანძრო მანქანას ვიძახებთ და ვაქრობთ - წვიმის მოსვლამდე გველივით დაკლაკნილ-მოსრიალე ცეცხლი მეორე მხარეს აღარ უნდა გადავუშვათ - აბა, აქ რისთვის ვართ?
მეორე დღეს ღამით (მთაში ხომ შედარებით მალე ღამდება) მწვერვალიდან ბანაკისკენ მოძრაობისას (დაახლოებით 5 კილომეტრიანი დაღმართია) რაციის ანტენას ვკარგავ. მხოლოდ მთიდან გამოსავლელში მდინარისპირას, გზად ჩამორჩენილი თანამებრძოლების ლოდინისას ვამჩნევ, რომ ჯიბეში მხოლოდ რაციის მთავარი ნაწილი მაქვს შემორჩენილი. ამდენ მოძრაობაში, ზოგან მკვეთრ დაღმართში სწრაფად წამოსვლისას (თანაც ორი ბარით ხელში) ვეღარ გავაკონტროლე. არ მომეწონა, ყველაფრის მიუხედავად ეს არ უნდა მომსვლოდა - გვარდიელი ხომ თავს არ იმართლებს.
მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ანტენა გზაში დაიკარგა, სხვაგან არსად. დაშვებისას ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა თანამებრძოლო გოგო (საპირისპირო მხრიდან დიდი სატვირთოს მოძრაობისას) რამდენიმე წუთით გზის მარჯვენა მხარეს გადავიყვანე, რადგან ჩვენთვის იქ დასადგომი აღარ რჩებოდა. იქაც დიდი სიფრთხილით ვიდექით უკუნ სიბნელეში, რადგან დაბლა რამდენიმე მეტრის იქით გავარვარებული ცეცხლი გიზგიზებდა. კიდევ კარგი, გზისპირას ხშირი ძეძვნარიანი გვიცავდა, რომ ქვევით არ დავგორებულიყავით. მოკლედ, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ბანაკში დაბრუნებისას გზიდან გადახვევის და რაღა იქ დამეკარგებოდა?
დაბლა შტაბში მოვახსენე, რომ სრულად პასუხს ვაგებდი დანაკარგზე - ან შევისყიდდი (თუკი სადმე იყიდებოდა), ანდა მის საფასურს გადავიხდიდი - როგორც გადაწყვეტდნენ, ისე მოვიქცეოდი. მკაცრი გაფრთხილება არ მიმიღია - ყველამ კარგად იცოდა უკუნ სიბნელეში მთაში რამხელა მანძილი გამოვიარეთ, დიდი ნაწილი მკვეთრი დაღმართია, სადაც ლამის უკვე ვგორავდით და არ დავდიოდით. ოღონდ ყველა გავაფრთხილე - ანტენა სადღაც გზაში გდია და ხვალ გასვლისას ყველამ ყურადღება მივაქციოთ-მეთქი. ასეც მოხდა, გამთენიისას მოძრაობა ახალი დაწყებული გვქონდა, როცა გადმოგვცეს - ანტენა გზად იყო ნაპოვნი.
გაუჭირდათ თუ არა რეზერვისტ გოგოებს
არანაირად, რადგან კარგად მომზადებული არიან. ზემოაღნიშნულ გზას რეზერვისტი თამარი (სხვებთან ერთად) ჩვენთან ერთად მწვერვალიდან მთისძირამდე ისე გადის, რომ წუწუნებს კი არა, ზედმეტ ხმას არ იღებს. მაინც არ მესმის, ასე რატომ დაგვჩაგრეს პირველი ასეული და გოგოები ჩვენთანაც არ მიიღეს. მეორე და მესამე ასეულები უკეთეს მდგომარეობაში არიან - გვერდით თანამებრძოლი გოგოები ჰყავთ - აი, მაგალითს რომ იძლევიან ყველაფერში. ისინი ხომ ყველგან მაგრები არიან - სახალისო „ტიკ-ტოკის“ გადაღებასა და ცეცხლის ქრობაშიც.
მათგან განსხვავებით, მეორე დღეს ფეხის თითების მცირედ დაზიანებას მაინც ვერ გადავურჩი. ჩექმებმა დაღმართზე ცოტა მიმტყუნა და მომიჭირა, ეგ არაფერი. ღამით საველე მედპუნქტში მივედი, ბეტადინის მალამო გამოვართვი და შევიხვიე. მეორე დღეს უკვე აღარ მაწუხებდა - შემდეგ ქორწილამდე მომირჩება.
სამაშველოს ბიჭებს ჩვენგან განსხვავებით მიწაზე გაშლილ საძილე ტომრებში სძინავთ - მთელი მთის ძირი უზარმაზარი სასტუმროა ღია ცის ქვეშ. მეორე დღეს საღამოს ამდენ ოფლისა და კვამლის წინააღმდეგ პერსონალურ ბრძოლას ვიწყებ და ტყეში შევდივარ - იქვე ახლოში ცივი წყარო მოდის და ხარბად ვეგებები. 36 საათის უძილობის შემდეგ მეძინება. დილით ცხვირი ცოტა კი გაჭედილი მაქვს, მაგრამ ეგ რა ბედენაა. ჩიტი, ანუ იგივე მთისძირა ყინულოვანი წყალი ბრდღვინვად ნამდვილად ღირდა - რამენაირად უნდა დამეძინა და მეორე დილისთვის სრულად მზად ვყოფილიყავი. ერთ-ერთმა თანამებრძოლმა თავის შეშვერა ვერ გაბედა, მაგრამ ცხვირის დროებით გაჭედვას ისიც ვერ გადაურჩა.
მაინც როგორ ჩავაქრეთ ხანძარი
ეს ცოტა ხმამაღლად ნათქვამი იქნებოდა, მეოთხე დღის ღამით შხაპუნა წვიმაც რომ არ დაწყებულიყო. ამიტომ სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ჩვენ და ვერტმფრენებმა (პროფესიონალმა მფრინავებმა) უზარმაზარ ტერიტორიაზე მოდებული ხანძარი მეტ-ნაკლებად გავაჩერეთ და მეტი სივრცე აღარ დავუთმეთ. დანარჩენი სტიქიის წინააღმდეგ ისევ ბუნებამ იმოქმედა და წერტილი დაუსვა. შედეგად, ჩვენც ერთი კვირის ნაცვლად ოთხი სრული დღე დაგვჭირდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად. ავკეცეთ კარვები, დავალაგეთ დავასუფთავეთ ბანაკი და ცეცხლი-კვამლის ნაცვლად, ნისლის ბურუსში გახვეული მთები დავტოვეთ.
ჰო, რომ დამავიწყდეს - თქვენ უნდა გენახათ შხაპუნა წვიმის წამოსვლისას ბანაკში ამტყდარი ყიჟინა და სიხარული. ამის გადმოცემა შეუძლებელია, ასეთი რამ მხოლოდ ადგილზე უშუალოდ უნდა იხილო. მგონი, რეზერვისტმა გოგოებმა ამის ვიდეოგადაღება და „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებაც მოასწრეს - ხომ გითხარით, ყველაფერში მაგრები არიან-მეთქი.
ამ დღეებში თელავში, მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გამართულ ეროვნული გვარდიის საზეიმო დღეზე, ბრიგადის მეთაურმა გენერალმა ხანძრის ქრობაში ყველა მონაწილე რეზერვისტს მადლობა გადაგვიხადა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.
და ბოლოს, ეროვნული გვარდიის რეზერვისტები დიდი ილიას მარადიული სიტყვებით დავემშვიდობებით ყვარლის მთებს (ამავე სახელწოდების ლექსიდან):
„სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!“
მაგრამ ჩვენ შორს არსად მივდივართ. ვბრუნდებით სახლებში - ყვარელში, თბილისში, მცხეთაში, ზესტაფონში, ამბროლაურში... და გვარდიიდან ნებისმიერ გეგმურ თუ მის გარეშე დაძახებაზე მზად ვართ ვემსახუროთ საქართველოს! დიდებულ ქვეყანას, რომელიც აქაურმა ბუმბერაზმა ადამიანმა დაგვიტოვა და წესიერად მოვლა-პატრონობა გვიანდერძა.