„საქართველოს ხელისუფლება დღეს თავის პირად კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს“
რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ.
- ბატონო ნიკა, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს?
- ვალდებულებების შესრულების პროცესი გართულდება, რადგან ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის დეოლიგარქიზაციაა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ოლიგარქი (რომ მეცენატია) და ამ დროს ოლიგარქია იგივე სააკაშვილი, კეზერაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მისთ. აქ რთულია რაიმე შეთანხმების მიღწევა. ვიცით, რომ ივანიშვილი ფლობს ქონებას, რომელიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 35%-ს შეადგენს. მაგალითისთვის, უკრაინის რვა ოლიგარქი ფლობს ქონებას, რომელიც ქვეყნის მშპს-ს არაუმეტეს 8%-ს შეადგენს. კარგად ჩანს, როგორ შეუძლია ივანიშვილს ზემოქმედება მოახდინოს სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე. მით უმეტეს, ვიცით ოლიგარქის განმარტება - ადამიანი, რომელიც ფლობს ქონებას, მაგრამ ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა. მოგეხსენებათ, ტერმინი ოლიგარქი არისტოტელემ ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ-მდე მეოთხე საუკუნეში დანერგა. როგორც მას მიაჩნდა, ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა. ივანიშვილი ნამდვილად ერევა ქვეყნის ცხოვრებაში, მხოლოდ ბიზნესმენი არ არის. ბიზნესმენი შეიძლება იყოს სტივ ჯობსი ან ვთქვათ ილონ მასკი, უორენ ბაფეტი... ამიტომ აქ რეალური პრობლემა იკვეთება.
- გამოვყოთ მთავარი მომენტები, სადაც ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის მონაწილეობა ჩანს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში.
- ჯერ კიდევ 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომისას (მან პარტიულ თანამდებობაზეც უარი თქვა), კარგად ვიცოდით, რომ ფარულად აძლევდა მითითებებს მთავრობის წარმომადგენლებს. იგივე ღარიბაშვილმა აღიარა, 2015 წელს მისი პოსტიდან გადადგომა იმით იყო გამოწვეული, რომ ივანიშვილმა უთხრა ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო. თანამდებობა მხოლოდ ამის გამო დატოვა; როდესაც ივანიშვილი დაბრუნდა და პარტიული თანამდებობა დაიბრუნა. შემდეგ ასევე მისი ინიციატივით გათავისუფლდა პრემიერი კვირიკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის გაშვება მსგავსი პროცედურებით არ ხდება - პარლამენტმა შეიძლება უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადოს, მთავრობა გადადგეს პრემიერის ხელმძღვანელობით და ა. შ. კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ნაბიჯები არ ყოფილა. პირადად გადაწყვიტა ივანიშვილმა ჯერ ღარიბაშვილის გადადგომა, მერე კვირიკაშვილის, ბახტაძის... მამუკა ბახტაძეს რაც შეეხება, მას განცხადება არც კი გაუკეთებია გადადგომაზე. უბრალოდ ფეისბუქზე დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებდა. იგივე გახარიასთან დაკავშირებითაც ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ პოსტზე უარი ეთქვა. იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილისვე ინიციატივით მინისტრობიდან პრემიერობამდე დააწინაურეს.
კიდევ მაგალითი - დღეს ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანხლებით გადაადგილდება. ამ დროს ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია. რატომ უნდა გადაადგილდებოდეს დაცვით, რომელსაც სახელმწიფო ჩვენი გადასახადებით უზრუნველყოფს? როდესაც მას შეუძლია დაიქირაოს და ჰყავდეს კერძო დაცვა. სახელმწიფო დაცვა ეკუთვნის უმაღლეს თანამდებობის პირებს, ასევე ყოფილ პრეზიდენტებს... ისიც ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ დაცვა მოუხსნა გიორგი მარგველაშვილს და სხვ.
ასევე, სახეზეა ივანიშვილის საუბარი რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან, როდესაც ის სთხოვს, რომ ბორენკას შუამდგომლობა გაეწია ვინმე უსმანოვისთვის, ანუ ევტუშენკოვის წარმომადგენლისთვის პრემიერ მინისტრთან. ივანიშვილი ამბობს, რომ დიახ, თქვენს წარმომადგენელს გადავამისამართებ პრემიერთან, ის შეხვდება და ა.შ. აქაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ივანიშვილმა მითითება მისცა პრემიერს, რომ მას გარკვეული ქმედებები განეხორციელებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ერთი წლის წინ განაცხადა პოლიტიკიდან მიდიოდა, რეალურად ზემოქმედებას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. საკუთარი ფულით აკეთებს ამას. ვიცით, რომ ქართუ ფონდიდან ე.წ. ინტელიგენცია გარკვეულ თანხას იღებს. ეს ე.წ. ცნობადი ადამიანები შემდგომში ქართული ოცნების სასარგებლო აგიტაციას ეწევიან. ესეც ირიბი მმართველობის ერთ-ერთი მაგალითია.
თუნდაც დღეს ქართული ოცნება როგორ იცავს ბიძინა ივანიშვილს, როგორ ნერვიულობენ იგივე სანქციებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მას დაეკისროს. ბუნებრივია, თუ მათ შორის არანაირი კავშირი არ არსებობს და ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაშინ ასე თავგამოდებით ოცნების წევრები რატომ იცავენ? რადგან ის მათი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიაა სადღეისოდ. ამ რამდენიმე მაგალითითაც ჩანს ივანიშვილის ჩარევა პოლიტიკაში და მისი რეალური ზეგავლენები.
- ევროპარლამენტარების პირდაპირი განცხადებები, რომ ოლიგარქი ივანიშვილია და ამაზე ოცნების წარმომადგენლების პასუხები როგორ შეიძლება განვიხილოთ?
- მხოლოდ უარყოფითად, რადგან ვხედავთ ოცნებას ამ ყველაფერზე არანაირი პასუხი არ აქვს. უბრალოდ შეურაცხყოფაზე გადადიან, მათ შორის ევროპარლამენტარების, აშშ-ს ელჩის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართით. განსაკუთრებით ღიზიანდებიან, როცა ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებენ. მაშინ არგუმენტირებული პასუხი უნდა გასცენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. მაგრამ აქ მარტო ივანიშვილზე არაა საუბარი; აქცენტი იმაზეცაა, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არაა და ოცნების მიერ სახელმწიფოს მიტაცება ხდება. აქაც პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან. გვახსოვს კობახიძის განცხადებები ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებზე. ევროპარლამენტში დაახლოებით 180 დეპუტატი ამ უდიდესი ფრაქციით არის წარმოდგენილი. კობახიძე მათ კრიმინალებს უწოდებს, რადგან სხვა პასუხი არ აქვს. აქაც ჩანს რა მეთოდებით უპირისპირდება ოცნება ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ევროპარლამენტარებს. ამით პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს ავნებენ და კარგად ჩანს - ქვეყნის ნორმალურ მომავალს თავის პირად კეთილდღეობას ამჯობინებენ.
- დეპოლარიზაციის კუთხით რა ხდება?
- მძიმე მდგომარეობაა. კობახიძის განცხადება, რომ დეპოლარიზაციაზე მომუშავე ჯგუფები შეიქმნება, მხოლოდ საქმის იმიტაციაა, თითქოს რაღაც კეთდება. თვითონ ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებმა სიძულვილის ენა აღარ უნდა გამოიყენონ ოპონენტების წინააღმდეგ. ასევე, მომხრეებს მოუწოდონ, რომ ერს ერთობა გვჭირდება, როცა დღევანდელი გამოწვევების წინაშე ვდგავართ - ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსი მინიჭების საკითხი დადგეს და ა.შ. ეს არ ხდება და ყველაფერი პირიქითაა. 3 ივლისის აქციამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგიონებში ჩადიოდნენ და ბუკლეტებს არიგებდნენ, რათა ხალხი აქციაზე მოსულიყო. ოცნებამ ამ ადამიანებს ყველგან თავისი მომხრეები დაახვედრა, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ - ომის პარტიას უწოდებდნენ. პირადად გახლდით რუსთავში ერთ-ერთ შეხვედრაზე ბუკლეტებით. რუსთავის ბაღში ოცნების წარმომადგენლები დაგვხვდნენ და... ეს ჩვენი ქალაქია, რატომ მოხვედითო. თან წარმოიდგინეთ, პოლიცია არსად გამოჩენილა, დაპირისპირების მიუხედავად. სპეციალურად იყო გაფრთხილებული, რომ პროცესში არ ჩარეულიყო. ვიღაც მოკრიმინალო ელემენტები დაგვახვედრეს იგივე რუსთავში. ამ დროს ოცნებას შეუძლია მომხრეებს პირიქით შერიგებისკენ მოუწოდოს.
პლუს გრძელდება პროპაგანდა, რომ სირცხვილია ნაციონალებისთვის, „მკვლელების პარტიისთვის“ მხარდაჭერა. ყველას ომის პარტიად აცხადებენ და თითქოს მხოლოდ ქართული ოცნება არის მშვიდობისმოყვარე. მოსახლეობას მსგავსი აბსურდით ესაუბრებიან და პოლარიზაციას ასე აღრმავებენ. საზოგადოებაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ მუდმივად ნეგატივს ქმნიან.
- მთავრობამ უკრაინის მხარდამჭერ ბოლო დასავლურ განცხადებასაც ხელი არ მოაწერა, სადაც პირდაპირი მოწოდებაა, რომ პუტინმა უკრაინაში ომი სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს...
- მეტსაც გეტყვით, ორმოცმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ უკრაინის საკითხი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ჰააგაში განხილულიყო. სადაც რუსეთი აღიარებული იქნებოდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რომელმაც აგრესია და ინტერვენცია განახორციელა სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას არ შეუერთდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება დღეს თავის პირად კეთილდღეობას უფრო მაღლა აყენებს. შესაძლოა იმასაც განიხილავდნენ, რომ უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დასუსტება (დამარცხება) გამოიწვევს თუნდაც ანტისახელისუფლებო ტალღის მოძრაობებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში; გაძლიერდებიან პროდასავლური ძალები და ა.შ. ამით ხელისუფლებას პრობლემები შეექმნება.
ასევე, პრეზიდენტი ზელენსკი იბრძვის არამარტო უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, მთავარი ძალაა, რომელიც დღეს საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს რუსეთის იმპერიალისტური ძალების მხრიდან. ამ ფონზე, ჩვენი მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს. ასევე, ოცნება ჭორებს ავრცელებს მოსახლეობაში, რომ ზელენსკიმ ვერ შეძლო უკრაინისთვის ომი აეცილებინა; ისევე, როგორც სააკაშვილმა ვერ შეძლო 2008 წლის ომის აცილება. აი ჩვენ ეს შევძელით და მშვიდობა მოვიტანეთო. სამწუხაროდ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ეს ყველაფერი აიტაცა. ხშირად ქუჩაში მესმის, თუ როგორ ანგრევინებს ზელენსკი ქალაქებს და ღუპავს მოსახლეობას და ა.შ. წარმოიდგინეთ, თურმე მშვიდობიანი მოსახლეების მკვლელობა რუსეთის ბრალი კი არაა... არამედ ეს ზელენსკის ბრალი ყოფილა. ერთ-ერთმა მანქანიდან გადმომძახა - ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა, როგორც მიშამ საქართველო 2008 წელსო. აქ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა ხელისუფლების, რომელიც როდის ჰპირდებოდა ბენზინის ფასების, სხვადასხვა ტარიფების განახევრებას, უფასო ფული მიეცემოდა მოსახლეობას, ასობით ქარხანა გაიხსნებოდა და ა.შ. დღესაც მოსახლეობის ნაწილს სჯერა ან აწყობს...
- ევროკავშირი გაფართოებაზე მორიგ ანგარიშს 2023 წელში მოამზადებს, ეს რა სიგნალია საქართველოს მიმართ?
- ევროკავშირში კარგად ხედავენ, რომ ქართული ოცნება ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს. ამიტომ არჩია, რომ კიდევ ერთხელ წაგებულ თამაშში ჩართვას და დეკემბერში უარის თქმას აჯობებს ეს პროცესი დროში გაიწელოს და საკითხი მომდევნო წელს გადაიხედოს. 2023 წელს მეტი დრო იქნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს. როდესაც ოცნებაში პირდაპირ აცხადებენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არაა და დეპოლარიზაციისკენ არაფერს აკეთებენ, სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე არ ზრუნავენ, სამწუხარო რეალობა თვალწინ გვიდგება. მგონია ევროკავშირმა ეს გააცნობიერა და საქართველოს საკითხის განხილვა გადადო.
- გამოსავალი სად არის, იგივე „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადა, რომ სექტემბრიდან მასობრივი აქციები უნდა დაიწყოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად...
- აქ რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარდეს პროცესები. პირველი - აქციები, კი ბატონო, მაგრამ ვერ მოიტანს მუდმივად შედეგს. ახლაც 20 ივნისის აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოცხადდა. ოთხი დღის შემდეგი შედარებით ნაკლები და კიდევ სამი დღის მერე უფრო ნაკლები. აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის ჩატარება. კერძოდ, მოსახლეობასთან მუშაობა. ოპოზიციურ პარტიების რეგიონებში ოფისები აქვთ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მოსახლეობასთან პირდაპირი შეხვედრები უნდა გაიმართოს. ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით უნდა აუხსნან მოსახლეობას თუ კარგავს საქართველო იმით, თუ ვერ ხდება კანდიდატი ქვეყანა. ვიცით, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის 2021-27 წლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 14 მილიარდი ევროს გამოყოფა. აქედან საქართველოს შეეძლო მიეღო ორი მილიარდის დახმარება, კონკრეტული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. პლუს ინვესტიციები კერძო კორპორაციებიდან და კომპანიებიდან - სადღაც 30 მილიარდის მოცულობაზეა საუბარი. დამატებით საქართველო 11 სხვადასხვა პროგრამაში ვერ ჩაერთვება.
აუხსნან მოსახლეობას, რომ ოპოზიცია ომის პარტია ვერანაირად ვერ იქნება. რანაირად შეიძლება, როცა ოპოზიციას სამოქალაქო საზოგადოებას არ ექვემდებარება არც შეიარაღებული ძალები, არც პოლიცია და სხვა ძალოვანი სტრუქტურა? ასევე, შეახსენონ ოცნების აქამდე გაცემული დაპირებები. თვითონ მოსახლეობის თავმოყვარეობაზეც უნდა იმოქმედონ, როცა ჩინოვნიკები მდიდრდებიან მაგალითად იგივე ტენდერების გზით. ოცნებასთან დაახლოებული ე.წ. ბიზნესმენები, რეალურად პატარა ოლიგარქუნიები დიდძალ თანხებს იჯიბავენ პროექტების განსახორციელებლად; ხშირ შემთხვევაში ეს პროექტები საერთოდ ვერ ხორციელდება, ვიცით რა პრობლემებთან გვაქვს საქმე. როგორ იწერენ პრემია-დანამატებს სახელმწიფო ჩინოვნიკები ოფიციალურად, ისევ მოსახლეობის ხარჯზე. ჩვენ ვიხდით ამ გადასახადებს საშემოსავლოს, დღგ-ს და ის თანხა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩინოვნიკებს ხმარდება. სადღაც 260 ათასამდე საჯარო მოხელე გვყავს ქვეყანაში, თავისი სამინისტროების, სსიპების, მუნიციპალიტეტების ჩათვლით. როგორ იღებენ პრემია-დანამატებს ხშირად არაფერში. ამ ყველაფერზე მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოებია აუცილებელი.
ასევე, აუცილებელია კოორდინაცია სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ძალაში უნდა შევიდეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრები მთლიანად პროპორციული წესით აირჩევიან. შესაძლოა ვადამდელი არჩევნები აღარ ჩატარდეს და 2024 წლამდე ოპოზიცია კარგად მოემზადოს; რათა მშვიდობიანი გზით, მათ შორის აქციებით, საინფორმაციო კამპანიის წარმოებით შეძლოს შედეგის მიღწევა ქვეყნის საკეთილდღეოდ.